ცნობილი ქართველი მევიოლინე მარინე იაშვილი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იაშვილი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიების
ლაურეატი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საპატიო პროფესორი, ღირსების ორდენის კავალერი, მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი იყო.
როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მარინე იაშვილმა პირველი დიდი გამარჯვება 1949 წელს, პრაღაში, კუბელიკის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე მოიპოვა. მომდევნო წლებში იგი კიდევ ორი, მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახდა პოლონეთსა და ბელგიაში.
სამინისტროს ინფორმაციით, მარინე იაშვილი მთელ სავიოლინე რეპერტუარს ფლობდა. მის საკონცერტო პროგრამებში განსაკუთრებული ადგილი ეთმობოდა ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედებას და ხშირად მათი ნაწარმოებების პირველი შემსრულებელიც იყო.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შეფასებით, მარინე იაშვილის საშემსრულებლო ხელოვნება მაღალი პროფესიული კულტურითა და ტექნიკური სრულყოფით გამოირჩეოდა. სამინისტროში აცხადებენ, რომ ის არა მხოლოდ კარგი სოლისტი, არამედ შესანიშნავი ანსამბლისტი და პედაგოგი იყო.
