საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში დღეს პროექტის - „რეგიონული თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის“ ფარგლებში, სახელმწიფო და დარგობრივი სტრუქტურების წარმომადგენლებისა და პროექტის ექსპერტების პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, პროექტი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის ექვსივე ქვეყანასთან რეგიონულ თანამშრომლობას გულისხმობს და საქართველოში, უკრაინასა და სომხეთში ხორციელდება.
პროექტი ევროკომისიის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს გააუმჯობესოს მემკვიდრეობის მართვის გარემო, რეგიონალური თანამშრომლობის გზით ხელი შეუწყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მემკვიდრეობის სექტორის მმართველობის დახვეწას.
პროექტის პარტნიორები ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტი (ICOMOS საქართველო), კომპანია „არქიტექტურა და პრესტიჟი“ (უკრაინა), ICOMOS სომხეთი და ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატი არიან. მისი მხარდამჭერია პოლონეთის საელჩო საქართველოში და ბრიტანეთის საბჭო.
