ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული უხუცესთა ანსამბლი „ბერმუხა“ ქალაქ ბათუმში გაემგზავრა, სადაც სოფლის ტურიზმის ფესტივალ „განდაგანას“ გახსნის
ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ფესტივალი სწორედ ბერმუხელების განდაგანათი გაიხსნა.
ხულოს მუნიციპალიტეტს ფესტივალზე აგრეთვე წარმოდგენილი ჰქონდა ტრადიციული კერძები და ხალხური რეწვის ნიმუშები, რომელთა გაცნობაც მსურველებს კიდევ ორი დღის განმავლობაში შეეძლებათ.
ფესტივალის ფარგლებში ევროპის მოედანზე მოეწყო სოფლად, ეკო და ღვინის ტურიზმის თემატური კუთხეები. ღია ცის ქვეშ რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტმა, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სოფლის ნობათი, კერძები, სუვენირები და რეწვის ნიმუშები წარმოადგინა.
ფესტივალის მიზანი აჭარული სოფლის პოპულარიზაცია და სოფლად ტურიზმის სტიმულირებაა. „განდაგანა“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ბათუმში უკვე მეორედ იმართება.
