პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ
ჯაში დღეს კავკასიაში დევიდ ლინჩის ფონდის (DLFC) ხელმძღვანელს, გიგა აგლაძეს და მის გუნდს შეხვდა. პირველი სამუშაო შეხვედრის მთავარი თემა ეხებოდა ცნობილი ამერიკელი კინორეჟისორის დევიდ ლინჩის ვიზიტს საქართველოში, რომელიც 18-21 ნოემბერს იგეგმება.
შეხვედრის შემდეგ მარიამ ჯაშმა განაცხადა, რომ დევიდ ლინჩის ფონდის კავკასიის ოფისის დაფუძნება თბილისში, რომლის ხელმძღვანელი გახლავთ ქართველი რეჟისორი და მუსიკოსი გიგა აგლაძე, საქართველოს, როგორც კინოინდუსტრიის განვითარების ასევე, საგანმანათლებლო სფეროში ახალი პროექტების განხორციელების ისტორიულ შესაძლებლობებს აძლევს.
„ეს არის საქართველოსთვის უდიდესი შესაძლებლობა, რომ ვუმასპინძლოთ მსოფლიოში ცნობილ რეჟისორს და ვისაუბროთ მის ფონდთან სამომავლო თანამშრომლობის ინიციატივებზე. მნიშვნელოვანია, რომ ფონდის პროგრამების ფარგლებში დაგეგმილია საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში საინტერესო საგანმანათლებლო და სოციალური პროექტის განხორციელება. დევიდ ლინჩის ფონდის კავკასიის ოფისის დაფუძნება თბილისში, რომლის ხელმძღვანელი გახლავთ ქართველი რეჟისორი და მუსიკოსი გიგა აგლაძე, საქართველოს, როგორც კინოინდუსტრიის განვითარების ასევე, საგანმანათლებლო სფეროში ახალი პროექტების განხორციელების ისტორიულ შესაძლებლობებს აძლევს. მოხარული ვარ, რომ მე და ჩემს კოლეგებს მოგვეცემა საშუალება შევხვდეთ და ვუმასპინძლოთ ლეგენდარულ კინორეჟისორს და მასთან ერთად განვიხილოთ საქართველოს განათლების, კულტურისა და სოციალური მიმართულებებით უაღრესად მნიშვნელოვანი სამომავლო ინიციატივები“- განაცხადა მარიამ ჯაშმა.
კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ისაუბრეს ნოემბერში დევიდ ლინჩის ვიზიტის დაგეგმარების თაობაზე. მისი თქმით, საქმე ეხება მაღალი დონის შეხვედრების გამართვას, სადაც განიხილება რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. პირველი ინიციატივა ეხება დევის ლინჩის საერთაშორისო კინემატოგრაფიული უნივერსიტეტის გახსნას საქართველოში, რაც ჩვენს ქვეყანას მისცემს უნიკალურ საშუალებას, რომ თავად განავითაროს კინემატოგრაფიის კუთხით საგანმანათლებლო შესაძლებლობები და ამ კუთხით, რეგიონის მასშტაბით, წარმოჩინდეს, როგორც ლიდერი ქვეყანა. ასევე იგეგმება საერთაშორისო კინოფესტივალის პროექტთან დაკავშირებით დისკუსია, რომლის დეტალებსაც კომიტეტი აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან ერთად განიხილავს.
გიგა აგლაძის განცხადებით უკვე გადაწყვეტილია, რომ დევიდ ლინჩი ნოემბერში გვესტუმრება და ფართო აუდიტორიასთან გამართავს შეხვედრებს, გაიმართება მისი ფილმების ჩვენებაც.
„ ის პროექტები, რისი გაკეთებაც იგეგმება ქვეყნისთვის, არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის არის დევიდ ლინჩის სახელობის კინემატოგრაფიის ინსტიტუტის და ა-კლასის კინოფესტივალის დაარსება. ჩვენი ქვეყნისთვის უდავოდ მნიშვნელოვანია, კინემატოგრაფიის ენაზე რომ ვთქვათ, ასეთიახლო ურთიერთობა ჰოლივუდთან და დიდ რეჟისორებთან, ვინაიდან დევიდ ლინჩის ფონდი 250 ცნობილ სახეს აერთიანებს, მათ შორისაა მარტინ სკორსეზე და ა.შ .
