თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილესთან, ნინა ხატისკაცთან, თბილისის საკრებულოს
თავმჯდომარესთან, გიორგი ალიბეგაშვილთან და არქეოლოგიური საბჭოს წევრებთან ერთად, "შაჰტახტის დედაციხის" მონაკვეთზე დასრულებულ არქეოლოგიურ სამუშაოებს გაეცნო.
ადგილზე ის სტუდენტებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობა მიიღეს.
ჩატარებული გათხრების შედეგად აღმოჩენილია XI-XII საუკუნის სამეურნეო ნაგებობები, თონე და ქვევრები.
თბილისის მერის განცხადებით, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, მნიშვნელოვანი ისტორიული ნიმუშები იპოვეს, რომლებიც შემდგომ კვლევას დაექვემდებარება და ეროვნულ მუზეუმში იქნება გადატანილი.
"კვლევები ისტორიულად ცნობილ და ძალიან საინტერესო ადგილზე ჩატარდა და ყველა ის ადგილი გათხარეს, რომლებიც ვახუშტის რუკაზეა დატანილი.
მომავალში ამ ყველაფრის კონსერვაცია მოხდება და ჩვენს ქალაქს ტურისტებისთვის მიმზიდველი კიდევ ერთი ადგილი შეემატება"- განაცხადა დავით ნარმანიამ.
არქეოლოგიური კვლევების განხორციელება "წმ. 40 სებასტიელ მოწამეთა", "საჯოგისა" და "თრელიგორების ნასახლარის" მიმდებარე ტერიტორიაზე 2015 წელს დაიწყო. 2016 წლის მარტში კი არქეოლოგიური სამუშაოები "შახტახტის დედაციხისა" და "თრელიგორების ნასახლარის" მიმდებარედ განახლდა.
