ინტერვიუ უილიამ კორტნთან: რუსეთი შესაძლოა აფხაზეთის ანექსიას შეეცადოს, ისე როგორც ეს ყირიმში მოხდა
ინტერვიუ უილიამ კორტნთან: რუსეთი შესაძლოა აფხაზეთის ანექსიას შეეცადოს, ისე როგორც ეს ყირიმში მოხდა
13:49 18.08.2017
რუსეთ-საქართველოს ომის მეცხრე წლისთავზე, დასავლეთის რეაქციებზე, საქართველოს ევროპულ კურსზე და ურთიერთობებზე რუსეთთნ „ამერიკის ხმა“ აშშ-ის ყოფილ ელჩს საქართველოში უილიამ კორტნის ესაუბრა:

- რა გავლენა მოახდინა რუსეთ-საქართველოს ომმა ევროპული უსფრთხოების არქიტექტურაზე, ქონდა თუ არა ამ მოვლენას რაიმე გავლენა ევროპაში მომდევნო მოვლენებზე ან რუსეთის აგრესიის შეკავებაზე უკრაინაში?

- დასავლეთის სუსტმა რეაქციამ საქართველოში რუსეთის შეჭრაზე, კრემლს აფიქრებინა, რომ 2014 წელს უკრაინაში აგრესია ადვილად გაუვიდოდა. ეს ასეც მოხდა ყირიმის შემთხვევაში, რასაც სისხლისღვრა არ მოჰყოლია, მაგრამ განსხვავებული იყო აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომზე გამოხმაურება, რასაც სამხედრო დაუმორჩილებლობა მოჰყვა, და დიდი მსხვერპლი მოიტანა შედეგად. რუსეთის აგრესიამ საქართველოსა და უკრაინაში დაასამარა იმის პერსპექტივა, რომ რუსეთი ოდესმე შეძლებს დასავლეთის დარწმუნებას ფართო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის განახლებაში. დასავლეთს მიაჩნია, რომ გაეროს ქარტია, 1990 წლის პარიზის ქარტია და ეუთო უზრუნველყოფს ზუსტ პრინციპებს ევროპის უსაფრთხოებისთვის. ეს პრინციპები არ გულისხმობს მეზობლებზე ძალის გამოყენების უფლებას საკუთარი „პრივილეგირებული ინტერესების“ დასაკმაყოფილებლად.

- როგორ გააძლიერა ამ კონფლიქტმა საქართველოს პოზიციები, რათა მას უკეთ დაეცვა საკუთარი თავი საერთაშორისო ასპარეზზე?

- 2008 წლის შემდეგ, საქართველომ, რუსული აგრესიის მსხვერპლის რანგში გაზრდილი საერთაშორისო მხარდაჭერა მოიპოვა. რადგან საქართველომ ცხინვალი დაბომბა ომის დასაწყისში, ამან ეს მონაპოვარი ცოტა არ იყოს უფრო დაჩრდილა. უკანასკნელ წლებში, საერთაშორისო თანამეგობრობამ დადებითად აღიქვა საჯარო განცხადებები რუსეთთან მიმართებით და განსაკუთრებით საქართველოს მიერ რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის ძიების შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ წინა ხელისუფლება რუსეთს ხშირად პროვოცირებას უხდენდა დაუბალანსებელი საჯარო განცხადებებით.

- რა მომავალი აქვს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს, თქვენი აზრით?


- ამის პროგნოზირება რთულია. ბევრია დამოკიდებული რუსეთში პოლიტიკური მდგომარეობის განვითარებაზე და იმაზე, თუ რამდენად შეეცდებიან რუსეთის ლიდერები ადგილობრივი პოლიტიკური მხარდაჭერის მობილიზებას ნაციონალისტური სენტიმენტებით, ან მეზობლების დაშინებითა თუ კრიტიკით.

- როგორ შეაფასებდით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ვიზიტს აფხაზეთში 8 აგვისტოს?


- პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ვიზიტი ხაზს უსვამს მოსკოვის გადაწყვეტილებას აფხაზეთზე კონტროლი შეინარჩუნოს, მიუხედავად რუსეთის დაღმავალი დაერთაშორისო რეიტინგისა. კრემლი შეიძლება იმედგაცრუებული იყოს იმის გამო, რომ დამოუკიდებლად მოაზროვნე აფხაზები თავიანთი ქვეყნისთვის დამოუკიდებელი იდენტობის შენარჩუნებას ესწრაფვიან. ამ შემთხვევაში, რუსეთი შესაძლოა შეეცადოს აფხაზეთის ანექსიას, ისე როგორც ეს ყირიმში მოხდა.

- როგორია თქვენი ხედვა საქართველოს წევრობაზე ნატოსა და ევროკავშირში, ანუ სხვა სიტყვებით, როგორ შეაფასებთ საქართველოს ინტეგრაციის ძალისხმევას ამ ინსტიტუტებში?


- საქართველოს სჭირდება ეკონომიკური და მმართველობის რეფორმების გატარება იქამდე, ვიდრე ის ნატოს და ევროკავშირის წევრობის სტანდარტებს დააკმაყოფილებს. მნიშვნელოვანი იქნება კანონის უზენაესობის გაუმჯობესება. 2016 წლის მონაცემებით, მსოფლიო სამართლებრივ ანგარიშში (World Justice Project) საქართველო 34-ე ადგილზე იყო 113 ქვეყნიდან. ასეთი მაჩვენებელი ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის მონაცემზე უკეთესია ( ხორვატია, იტალია, უნგრეთი), თუმცა უკეთესი შედეგი ბევრად უფრო ეფექტური იქნებოდა ქვეყნისთვის. ასევე, უკეთესი იქნებოდა კორუფციის შემცირებაც. 2016 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით, რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აქვეყნებს-საქართველო 44-ე ადგილზეა 176 ქვეყანას შორის.

- და ბოლოს, როგორ დაახასიათებდით აშშ-საქართველოს ამჟამინდელ ურთიერთობებს და რა დახმარება შეუძლია ვაშინგტონს იმისთვის, რომ საქართველოში რუსული აგრესია აღიკვეთოს?

- აშშ-საქართველოს ურთიერთობები ძალიან კარგია. ასევე, შესანიშნავად მუშაობს აშშ-ის ელჩი საქართველოში, იან კელი. შინ, რეფორმების გააქტიურებით და პრაგმატული თანამშრომლობის გაგრძელებით რუსეთთან-მაგალითად ეკონომიკისა და ტურიზმის დარგებში, საქართველოს შეუძლია საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდირება. დასავლეთისთვის კი, საუკეთესო გზა საქართველოში რუსეთის შემდგომი აგრესიის აღსაკვეთად მდგომარეობს ერთიანი, ძლიერი ოპოზიციური ფრონტის შენარჩუნებაში რუსეთის მოქმედებების წინააღმდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში.







წყარო: „Radio Voice of America“


ბეჭდვა