«არავოტი»(სომხეთი): ქართული პრესა და საზოგადოებრივი ორგანიზაციები ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიან, თითქოს ჯავახკელ სომხებს რუსული ორიენტაცია აქვთ
«არავოტი»(სომხეთი): ქართული პრესა და საზოგადოებრივი ორგანიზაციები ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიან, თითქოს ჯავახკელ სომხებს რუსული ორიენტაცია აქვთ
16:22 31.07.2017
სომხეთი ნატოს წრთვნებში მონაწილეობს, აზერბაიჯანი - არა. რატომ?
„ჯავახკელი სომხები ყოველთვის იყვნენ კანონმორჩილნი და საქართველოს ღირსეული მოქალაქეები“
„საქართველოში სტარტს იღებს ნატოს მესამე ყოველწლიური სამხედრო წრთვნები კოდური სახელწოდებით „ღირსეული პარტნიორი - 2017“, რომელშიც, სხვა სახელმწიფოებტან ერთად, სომხეთიც მონაწილეობს. ჩვენი გაზეთის კორესპონდენტს ლუიზა სარქისიანს ესაუბრება საინფორმაციო რესურს „ახალქალაქის“ მთ.რედაქტორი, ორგანიზაციის „სამცხე-ჯავახეთის ანალიტიკური მედიაცენტრის“ ხელმძღვანელი ედუარდ აივაზიანი.

- ქართული და საერთაშორისო მასმედია ნატოს სამხედრო სწავლებას „ღირსეულ პარტნიორს“ ისტორიულ მოვლენად აფასებენ და ხაზს უსვამენ, რომ ამით კიდევ უფრო ღრმავდება საქართველოს ურთიერთობა დასავლეთთან და დადებით გავლენას ახდენს სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებაზე. როგორია თქვენი თვალსაზრისი?

- რასაკვირველია, მე ვეთანხმები იმ შეფასებებს, რომ ეს სწავლება დადებით გავლენას მოახდენს და ხელს შეუწყობს საქართველო ნატოს ურთიერთობის გაფართოებას. საქართველომ თავისი ბედი დიდი ხანია ნატოს დაუკავშირა და ამ თვალსაზრისით, „ღირსეულ პარტნიორს“ მართლაც ისტორიული მნიშვნელობა აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ განსაზღვრული დროის შემდეგ საქართველო ნატოს სრულფასოვანი წევრი აუცილებლად გახდება. მჯერა, რომ ალიანსში გაწევრიანების სასტარტო პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება. ეს სწავლებაც, ზოგიერთების პოზიციის მიუხედავად, იმის დადასტურებაა, თუ რაოდენ ახლოა საქართველო ნატოსთან.

- თქვენი აზრით, რომელი საფრთხეების გათვალისწინებით მოახდინა ნატომ ამ სწავლების ინიცირება და მასში 8 სახელმწიფოს ჩართვა?

- დღეს საფრთხეები უფრო მეტია, ვიდრე ოდესმე. ეს ეხება როგორც ტერორისტების აქტიურობას სირიასა და ერაყში, ასევე რუსეთისა და აზერბაიჯანის აგრესიულ მოქმედებას თავიანთი მეზობლების მიმართ, რაც ჩვენს რეგიონს დიდ დესტაბილიზებას უქადის. მაგალითად, ქართულ პრესაში ყოველდღიურად ვკითხულობთ, თუ როგორ სწევენ საზღვრებს რუსი სამხედრო მოსამსახურეები და საქართველოს სიღრმეში სოლივით იჭრებიან, ანდა თუ როგორ აწვდის იგივე რუსეთი შემტევ იარაღს აზერბაიჯანს... დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ასეთი საფრთხეების გათვალისწინებით ატარებს ნატო საქართველოში სწავლებებს, რათა აჩვენოს - ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გულგრილად არ არის განწყობილი საქართველოს, უკრაინის და სომხეთის ირგვლივ შექმნილი სიტუაციის მიმართ.

- ძალზე ნიშანდობლივია, რომ ამ წრთვნებში მონაწილეობენ უკრაინა და სომხეთიც, რომლებიც ნატოს არაწევრები, მაგრამ პარტნიორები არიან. აზერბაიჯანს კი ვერ ვხედავთ. რას მოწმობს ეს ყველაფერი?

- თქვენ საქართველო გამოგრჩათ და არ გიხსენებიათ. საქართველოს ნატოს წევრი არ არის, მაგრამ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ არაწევრ ქვეყნებთან შედარებით, ის ყველაზე ახლოს დგას ნატოსთან. თუ რატომ არ მონაწილეობს აზერბაიჯანი, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რამდენიმე მიზეზის გამო: პირველი - აზერბაიჯანი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა და უფრო მეტიც, ბაქო ტოტალურად არღვევს ადამიანის უფლებებს. რასაკვირველია, ნატოს პრინციპების გათვალისწინებით, ასეთი ქვეყნის წრთვნებში მონაწილეობა ბრიუსელისთვის მიუღებელია. მეორე - აზერბაიჯანი თავის თავს ნატოს პარტნიორად თვლის და ამ დროს კიდევ ერთი ნატოელი პარტნიორის - სომხეთის მიმართ აგრესიულ პოლიტიკას ახორციელებს, პროვოკაციებს მიმართავს არცახთან დაკავშირებით, რაც რეგიონში ომის საფრთხეს ზრდის.... ობიექტურობა რომ დავიცვა, აუცილებელია ავღნიშნო, რომ დღევანდელი რუსული და აზერბაიჯანული ხედვა რეგიონის პერსპექტივის საკითხში ერთმანეთს ემთხვევა. ესეც ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ არ მონაწილეობს წრთვნებში აზერბაიჯანი.

- ეს წრთვნები ნიშნავს, რომ რეგიონული უსაფრთხოების სისტემაში ახალი რეალიები ჩნდება. თქვენი აზრით, როგორ გავლენას მოახდენს ეს ჯავახკის სომხური დიასპორის განწყობაზე და წარმოდგენებზე?

- ჯავახკელი სომხები ყოველთვის იყვნენ კანონმორჩილნი და საქართველოს ღირსეული მოქალაქეები. როცა ქვეყანა სამხედრო მდგომარეობაში აღმოჩნდა, ჩვენი ხალხი მაქსიმალურს აკეთებდა, რომ რეგიონში განხეთქილების შემომტანი ძალები არ გაჩენილიყვნენ, რომ მხარე უსაფრთხო ყოფილიყო. ჩვენი ხალხი ყოველთვის ცდილობდა, რომ საქართველოს ძლიერი სახელმწიფოებრიობა ჰქონოდა, განვითარებული დემოკრატია და უსაფრთხო საზღვრები, სადაც ჯავახკელთა უფლებებიც დაცული იქნებოდა. იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები სომხების განწყობა ამ სამხედრო სწავლების მიმართ, ავღნიშნავ, რომ მასში სომხეთის მონაწილეობა ჩვენი ხალხის წარმოდგენებში ბევრ რამეს ცვლის. ადრე ბევრი ნატოზე რომ ლაპარაკობდა, უპირველესად თურქეთს გულისხმობდა, დღეს კი დაინახავენ, რომ სომეხი ჯარისკაცი, რომელსაც მხარზე სამფეროვანი სომხური დროშა აქვს გამოხატული, წრთვნებში [თურქ ჯარისკაცთან ერთად] მონაწილეობს. ეს ფაქტი ჩვენი ხალხის ფსიქოლოგიაზე დიდ გავლენას მოახდენს.

- როგორ აისახება ეს ყველაფერი საქართველო-სომხეთის ურთიერთობაზე?

- ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სომხეთი და საქართველო უსაფრთხოების ერთიდაიგივე სისტემაში უნდა იყონ-მეთქი. ჩვენს რეგიონში სხვაგვარად ცხოვრება შეუძლებელია. თუმცა, როგორც ვიცით, საქართველო და სომხეთი სხვადასხვა სისტემებში არიან ინტეგრირებულნი. ამიტომაც ეს ფაქტი სამცხე-ჯავახეთის საზოგადოებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. უფრო ნათელი რომ იყოს ჩემი ნათქვამი, გეტყვით, რომ ქართული პრესა და საზოგადოებრივი ორგანიზაციები ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიან საერთაშორისო სტრუქტურების წინაშე, თითქოსდა ჯავახკელ სომხებს რუსული ორიენტაცია აქვთ. სინამდვილეში მსგავსი რამ არ არსებობს. სამწუხაროდ, როცა ადგილობრივი სომეხი თავისი უფლებების დაცვაზე ლაპარაკობს, ეს სპეკულაციის საგანი ხდება... ისევ წრთვნების საკითხს დავუბრუნდები: სომხეთის მონაწილეობა ნატოს ეგიდით მიმდინარე მსგავს ღონისძიებებში ძალზე მნიშვნელოვანია. ამით სომხეთი ალიანსს დაუახლოვდება, რაც, რასაკვირველია, სამცხე-ჯავახეთის სომხების უფლებების მდგომარეობაზეც პოზიტიურ გავლენას მოახდენს.




http://ru.aravot.am/2017/07/30/246872/



ბეჭდვა