პოლ ქრეგო: აშშ-ის ბიუჯეტის შეკვეცამ შესაძლოა საქართველოზე იმოქმედოს
პოლ ქრეგო: აშშ-ის ბიუჯეტის შეკვეცამ შესაძლოა საქართველოზე იმოქმედოს
09:47 24.07.2017
ამერიკის ადმინისტრაციამ კონგრესს ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა, რომელიც კონგრესმა პირველ ოქტომბრამდე უნდა განიხილოს და მიიღოს. პროექტის თანახმად, მნიშვნელოვნად იზრდება ამერიკის თავდაცვისთვის გამოყოფილი თანხები და დრამატულად მცირდება სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტი, რაშიც საერთაშორისო დახმარებების სააგენტოებიც შედის.

მიიღებს თუ არა კონგრესი ამ კანონპროექტს და როგორ შეიძლება აისახოს ეს ბიუჯეტი საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებაზე? ამ თემებზე კონგრესის ბიბლიოთეკის მკვლევარს, დოქტორ პოლ ქრეგოს ვესაუბრეთ, რომელიც საქართველოს 1970-ანი წლებიდან სწავლობს.
(...)

- წელს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტში ზოგიერთი სააგენტოს დაფინანსება მნიშვნელოვნადაა შემცირებული. სახელმწიფო დეპარტამენტს, მაგალითად, დაახლოებით 30 პროცენტით უმცირდება ბიუჯეტი. რას ფიქრობთ ამაზე?

- ჩვენი საუბრის კონტქსტში ყველაზე მნიშვნელოვან ის არის, რომ ეს ბუჯეტი სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებას დრამტულად კვეცავს. ის საგარეო დახმარებების პროგრამების დაფინანსებას, მსოფლიოს მასშტაბით 20-30-40%-ით შემცირებას ითვალისწინებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი პროგრამა, რომელიც ამ თანხებზეა დამოკიდებული, ან დაიხურება, ან მათ დაფინანსების სხვა წყაროები უნდა იპოვონ.

- თქვენ საქართველოს დიდი ხანია სწავლობთ...

- დიახ! საქართველოს შესწავლა 40 წლის წინ დავიწყე.

- ბიუჯეტის დამტკიცების შემთხვევაში, რა შედეგს მოიტანს ის საქართველოსთვის?

- 2016 და 2018 წლის ბიუჯეტები რომ შევადაროთ, რაშიც სამხედრო დახმარება არ შედის...

- სამხედრო დახმარების თანხა, ალბათ, თავდაცვის დეპარტამენტის ბიუჯეტიდან გამოვა და არა სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტიდან...

- დიახ. სამწუხაროდ სამხედრო დახმარება საქართველოს ეკონომიკის განვითარებას ხელს ვერ შეუწყობს. როცა ქვეყანას სამხედრო დახმარებას ვაძლევთ, ეს თანხები ამერიკულ კონტრაქტორებთან უნდა დაიხარჯოს. 2016 წელს არასამხედრო დახმარება $50 მილიონი იყო. 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში კი ეს თანხა 34 მილიონია. გასაკვირია ის, რომ სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონს ამ დრომდე არ გამოუთქვამს წინააღმდეგობა მისი სააგენტოსთვის ბიუჯეტის ასეთ შემცირებას. ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ის საკუთარ დეპარტამენტს არ იცავს.
იმის ერთი მაგალითი რომ მოვიყვანო, თუ როგორ იხარჯება USAID-ის ფული, გეტყვით, რომ თელავში, არის პროგრამა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს ტექნიკურ განათლებას აწვდის. არ მგონია USAID დიდ თანხას ხარჯავდეს ამ პროგრამაში, მაგრამ მცირედი დახმარების მოკლებაც კი მასზე დიდ უარყოფით გავლენას იქონიებს.

- ამერიკის ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი თვის ბოლოს საქართველოში ჩავა..

- მოკლე ვიზიტით.

- დიახ, ვიზიტი მოკლეა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენი აზრით, რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს საქართველოს ამ ვიზიტიდან?

- გამომდინარე იქიდან, რომ ის თბილისში ნატოს პროგრამის ფარგლებში ჩადის, უნდა დავასკვნათ, რომ მთავარი აქცენტი სამხედრო თანამშრომლობაზე გაკეთდება. ის საქართველოზე ბევრ კარგ რამეს იტყვის და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება. იმედი მაქვს, რომ ქართველები მას ამ თანხებზე დაელაპარაკებიან და ჰკითხავენ, თუ რას ნიშნავს ასეთი შეკვეცა. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ მას შემდეგ, რაც ბიუჯეტის განხილვაში კონგრესში საქართველოს მეგობრები ჩაერევიან, ეს თანხა, სავარაუდოდ, გაიზრდება. ბიუჯეტის საკითხი ბოლომდე გარკვეული არ არის. ჩვენმა თავდაცვის მდივანმაც კი თქვა, რომ საერთაშორისო დახმარების შემცირება თავდაცვის ხარჯების გაზრდას გამოიწვევს იმიტომ, რომ დიპლომატიის და ხალხთაშორისი ურთიერთობების დასუსტება სამხედრო ძალებს პრობლემებს შეუქმნის.

- ვიცე-პრეზიდენტთან ბიუჯეტზე საუბარი რამდენად გამართლებული იქნება ასეთი მაღალი დონის ვიზიტის დროს?

- ჩვეულებრივ არა. მაგრამ როცა კამერები და ჟურნალისტები გავლენ, მაშინ შეიძლება რაღაცის თქმა. საბედნიეროდ, საქართველოს ლიდერებმა ინგლისური ყველამ იცის და იმედი მაქვს ვინმე ჰკითხავს ვიცე-პრეზიდენტს, თუ რატომ იკვეცება ბიუჯეტი ასე დრამატულად. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ დაბალ დონეზე ამ თემაზე საუბარი მიმდინარეობს. ჩვენი კანონმდებლები საქართველოში ხშირად ჩადიან და ორ ქვეყანას შორის დიალოგი უწყვეტად ხორციელდება.


წყარო: «Radio Voice of America»

ბეჭდვა