«Lragir» (სომხეთი): საქართველო მთიანი ყარაბაღის გამო ორ ცეცხლსშუა აღმოჩნდა
«Lragir» (სომხეთი): საქართველო მთიანი ყარაბაღის გამო ორ ცეცხლსშუა აღმოჩნდა
12:17 12.07.2017
სომხურ გამოცემა «Lragir»-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ქართველი პოლიტოლოგი, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი საუბრობს როგორც გლობალურ მოვლენებზე („დიდი ოცეულის“ სამიტზე), ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, კომენტარს უკეთებს რუსეთის როლს და ხაზს უსვამს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ნეგატიურ როლს საქართველოსთვის (ავტორი - სირანუშ პაპიანი).

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- რუსეთი აგრძელებს აზერბაიჯანისათვის იარაღის მიწოდებას. როგორ აისახება ეს ფაქტი რეგიონში არსებულ ძალთა ბალანსზე? როგორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს?

- რუსეთი ყოველთვის ცდილობდა თავისი კონტროლის შენარჩუნების პოლიტიკა იარაღის მიწოდების გაძლიერებით გაეტარებინა. ვფიქრობ, რუსეთის მიერ ორივე მხარის შეიარაღება ერთგვარი ბალანსის შექმნას ემსახურება: ორივეს ჰქონდეს ერთმანეთისადმი ზიანის მიყენების შესაძლებლობა, მაგრამ გამარჯვების შანსის გარეშე. ამიტომაც მოსკოვი გააგრძელებს იარაღის მიყიდვას. რუსეთი ამით თავის თავს წარმოადგენს იმ ძალად, რომელსაც შეუძლია შეფარდებითი მშვიდობა უზრუნველყოს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ორივე მხარეზე პოლიტიკური ზეწოლა მოახდინოს. თუ რუსეთი მხოლოდ სომხეთს შეაიარაღებს, მაშინ პირობითად დაკარგავს აზერბაიჯანს, რომელიც მხარდაჭერის ძებნას სხვა ქვეყნებთან დაიწყებს. და თუ რუსეთი მხოლოდ აზერბაიჯანს შეაიარაღებს, მაშინ ბაქომ შეიძლება ომი დაიწყოს და ყარაბაღი დაიკავოს. ამ შემთხვევაში რუსეთი არც აზერბაიჯანს და არც სომხეთს მეტად აღარ დაჭირდება. ამიტომაც რუსეთი ბალანსის დაცვას ცდილობს.
რაც შეეხება საქართველოს: ჩვენი ქვეყანა ყველა შემთხვევაში დაზარალდება, რადგანაც ორ ცეცხლშუა აღმოჩნდება. საქართველო რუსეთს და სომხეთს შორის იმყოფება და ყარაბაღში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემთხვევაში რუსეთს კონფლიქტის ზონაში შეღწევის შესაძლებლობა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის გავლით ექნება, ანუ მისი სუვერენიტეტის დარღვევით, რასაც, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის მტკივნეული შედეგები მოჰყვება. მეორე მხრივ, მოვლენების ამგვარი განვითარების შემთხვევაში საქართველო ერთმანეთთან მეომარ სომხეთს და აზერბაიჯანს შორისაც აღმოჩნდება. საქართველო ახლაც ზარალდება, რადგან ერევანსა და ბაქოს ერთმანეთთან მტრული დამოკიდებულების გამო რეგიონში მსხვილი პროექტების რეალიზება ფერხდება. საქართველოსთვის უფრო მომგებიანი იქნება რეგიონში მშვიდობა დამყარდეს, რაც საშუალებას მოგვცემს სამხრეთი კავკასია მსხვილი ინვესტიციების და ეკონომიკური პროექტებისათვის ერთიან ეკონომიკურ სივრცედ განვიხილოთ.




http://www.lragir.am/index/rus/0/interview/view/56889



ბეჭდვა