„golosarmenii“(სომხეთი): როგორ აირჩიეს ეთნიკურად სომეხი გიორგი თუმასიანი საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლად გაეროში
 „golosarmenii“(სომხეთი): როგორ აირჩიეს ეთნიკურად სომეხი გიორგი თუმასიანი საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლად გაეროში
10:31 10.07.2017
სომხურ გამოცემა «Голос Армении»-ს მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ცოტა ხნის წინ გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლად პერსპექტიული ყმაწვილი, საქართველოს მოქალაქე გიორგი თუმასიანი იქნა არჩეული. გაზეთის კორესპონდენტთან ვიქტორია მაქსოევასთან ინტერვიუში იგი საუბრობს თავის ბიოგრაფიაზე, გაეროში წარმომადგენლად არჩევასთან დაკავშირებულ გარემოებებზე, მიზნებზე, საზოგადოების განწყობებზე და სხვა საკითხებზე.

როგორც ირკვევა, 22 წლის გიორგი თუმასიანმა, რომელიც საქართველოს თბილისისა და გერმანიის შპაიერის უნივერსიტეტების მაგისტრანტია, 21 კანდიდატს შორის სამ ეტაპად ჩატარებულ კონკურსში გაიმარჯვა. კონკურსის თემაა „ახალგაზრდობის წინაშე მდგარი გამოწვევები ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე: მსგავსება და განსხვავება“. პროგრამას ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო აფინანსებს. ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში, ნიუ-იორკის ოფისში იგზავნება და იქ საქართველოს დელეგაციის სრულუფლებიანი წევრის სტატუსით სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობს.

- როგორ იქნა აღქმული ქართველი კონკურენტების მიერ კონკურსში ეთნიკური სომხის გამარჯვება? მონაწილეობდნენ თუ არა კონკურსში აზერბაიჯანელებიც? საერთოდ, როგორია საზოგადოების რეაქცია თქვენს წარმატებაზე?


- დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაში გამარჯვება ეთნიკურ პრინციპთან არანაირ კავშირში არაა. მასში საქართველოს ყველა ახალგაზრდა მოქალაქეს შეეძლო მონაწილეობის მიღება, ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად. რამდენადაც ვიცი, კონკურსში სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდები მონაწილეობდნენ, თუმცა ზუსტად ვერაფერს გეტყვით. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან დადებიტად გამოეხმაურა ჩემს არჩევას: ათასობით ახალგაზრდამ მხარი დამიჭირა და მზადყოფნა გამოხატა ჩემთან თანამშრომლობის მხრივ. ჩემი არჩევა იმის დადასტურებაცაა, თუ როგორ წარმატებას მიაღწია საქართველომ დემოკრატიის განვითარებაში. შევეცდები, რომ აქტიურად წარვადგინო საქართველოს ახალგაზრდობა გაეროში. პრობლემები, რაზედაც მუშაობა მომიწევს, ძალიან ბევრია: განათლების სფერო, უმუშევრობა, გენდერული თანასწორობა, კონფლიქტებითა და ოკუპაციით გამოწვეული პრობლემები..

ინტერვიუში გიორგი თომასიანი საუბრობს აგრეთვე საქართველოს ახალგაზრდობის წინაშე მდგარ აქტუალურ პრობლემებზე, სამომავლო პერსპექტივაზე, ვიზალიბერალიზაციის პოზიტიურ როლზე საქართველოს ახალგაზრდობის ევროპასთან ინტეგრირების საქმეში და სხვა საკითხებზე.


http://golosarmenii.am/article/55510/giorgij-tumasyan---predstavitel-molodezhi-gruzii-v-oon



ბეჭდვა