ინტერვიუ მაირბეკ ვაჩაგაევთან: ალ-შიშანის სიკვდილის შემდეგ „ისლამურ სახელმწიფოში“ ჩეჩნების როლი მნიშვნელოვნად შემცირდა
ინტერვიუ მაირბეკ ვაჩაგაევთან: ალ-შიშანის სიკვდილის შემდეგ „ისლამურ სახელმწიფოში“ ჩეჩნების როლი მნიშვნელოვნად შემცირდა
20:00 13.04.2017
ავსტრიულ გაზეთ «Der Standard»-ში გამოქვეყნებულია ინტერვიუ ჩეჩენ ისტორიკოსთან და პუბლიცისტთან მაირბეკ ვაჩაგაევთან, რომელშიც იგი ვრცლად საუბრობს ისლამური რელიგიის მნიშვნელობაზე ჩეჩნურ საზოგადოებაში, რელიგიურ ადათ-წესებზე, აგრეთვე სირიაში მოქმედი „დაიშ“-ის („ისლამური სახელმწიფოს“) რიგებში ჩეჩენი მებრძოლების მონაწილეობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში ჩეჩნების აქტიურობა შესამჩნევად შემცირდა (ავტორი - ფლორიან სუპე).
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
- რამდენი ჩეჩენი მონაწილეობს სირიისა და ერაყის ომებში?
- 2016 წლის ივლისში მოკლული ეროვნებით ჩეჩენი საველე მეთაური ომარ ალ-შიშანი ამბობდა, რომ მის ქვედანაყოფებში 5 ათასამდე კავკასიელი, მათ შორის 3 ათასამდე ჩეჩენი იბრძოდა, თუმცა ეს ციფრები მე პირადად არარეალური მეჩვენება. ჩემი აზრით, „ისლამური სახელმწიფოს“ სხვადასხვა სამხედრო ქვედანაყოფებში, სამი წლის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლების დროს, დაახლოებით 2 ათასამდე ჩეჩენი მონაწილეობდა. მათი რაოდენობა ყველაზე მეტი იყო 2015 წელს - როგორც ჩანს, მასობრივი ინტერნეტ-პროპაგანდის გამო. ევროპიდან ყველაზე მეტი ახალგაზრდა სირიასა და ერაყში 2014 წლის ბოლოს წავიდა, როცა ისინი უყურებდნენ სამხედრო წარმატებების ამსახველ ვიდეოკადრებს - ქალაქების აღებისა და „ისლამური სახელმწიფოს“ სტრუქტურების მშენებლობის თაობაზე. ამჟამად, როცა ისლამური სახელმწიფო“ მარცხს-მარცხზე განიცდის, სირიასა და ერაყში წასვლა ახალგაზრდებს უკვე აღარ იზიდავს, ომში ძალიან ცოტა თუ ვინმე მიდის.
- შეგიძლიათ გვითხრათ, როგორ როლს ასრულებენ ჩეჩნები „ისლამური სახელმწიფოს“ სტრუქტურებში?
- მე ასე ვიტყოდი: ომარ ალ-შიშანის სიკვდილის შემდეგ ჩეჩნების როლი მნიშვნელოვნად შემცირდა. „ისლამური სახელმწიფოს“ ხელმძღვანელი აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადი ომარ ალ-შიშანს რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლებში გამოცდილ მეომრად მიიჩნევდა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ომარ ალ-შიშანს ჩეჩნეთის ომებში მონაწილეობა არ მიუღია. უფრო მეტიც - იგი საერთოდ არაა ნამყოფი ჩეჩნეთში. ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი საქართველოში მცხოვრებ ჩეჩნურ ეთნიკურ უმცირესობას მიეკუთვნებოდა, საქართველოში დაიბადა და გაიზარდა, ქართული არმიის სპეციალურ ქვედანაყოფში მსახურობდა და ამერიკელმა ინსტრუქტორებმა გაწრთვნეს აშშ-ში. აი, როცა ომარ ალ-შიშანი ცოცხალი იყო, იმ პერიოდში ჩეჩნებს „ისლამური სახელმწიფოს“ სტრუქტურებში მართლაც დიდი გავლენა ჰქონდათ. მისი სიკვდილის შემდეგ კი ჩეჩნების ადგილი და როლი თანდათან სხვებმა ჩაანაცვლეს“.

http://derstandard.at/2000055514196/Der-Islam-hat-die-tschetschenische-Sexualmoral-kaum-veraendert

ბეჭდვა