ინტერვიუ ვიქტორ დოლიძესთან: განწყობილი ვართ დასავლური კურსის გაგრძელებისთვის
ინტერვიუ ვიქტორ დოლიძესთან: განწყობილი ვართ დასავლური კურსის გაგრძელებისთვის
16:32 23.02.2017
ლატვიის გაზეთ „დიაენა“-ში გამოქვეყნებულია ინტერვიუ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრთან ვიქტორ დოლიძესთან, რომელსაც ჟურნალისტი ანდის სედლენიეკსი ესაუბრება.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალას მცირე შემოკლებით:

- როგორია თქვენი ვიზიტის ძირითადი მიზნები ლიტვაში?


- ვფიქრობ, რომ 2017 წელი ძალზე მნიშვნელოვანი იქნება როგორც საქართველოს, ასევე მთელი ევროპის უსაფრთხოებისათვის. საერთაშორისო სიტუაციაში დიდი ცვლილებები მოხდა, დასავლეთის ქვეყნებს შორის აზრთა ურთიერთგაზიარება აქტიუირად მიმდინარეობს და რასაკვირველია, ამ პროცესში საქართველოც არის ჩაბმული. უახლოეს თვეებში საქართველოს საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში დიდი როლი უკავია ნატოსთან ურთიერთობას: ჯერ კიდევ იანვარში ბრიუსელში ალიანსთან თანამშრომლობის ეროვნული გეგმა წარვადგინეთ, ხოლო მარტში თბილისში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტის წევრები უნდა ჩამოვიდნენ. აპრილში დაგეგმილია ნატოს საჯარო დიპლომატიის ფორუმი, შემდეგ კი ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაც უნდა გაიმართოს. პარალელურად ჩვენ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტისთვისაც ვემზადებით, რომელიც ნოემბერშია დაგეგმილი, ბრიუსელში... ეს ძალზე მასშტაბური სამუშაო გახლავთ, რომელსაც ჩვენი პარტნიორების - ბალტიის ქვეყნების მხარდაჭერით ვახორციელებთ. ესტონეთი, ლატვია და ლიტვა საქართველოს ასპროცენტიანი მომხრეები არიან. (...)

ჩვენი პოზიცია ასეთია: გვჭირდება რაც შეიძლება მეტი თანამშრომლობის პროგრამები, მეტი შესაძლებლობები ინტეგრაციისათვის... ჩვენ რეგულარულად ვათანხმებთ ჩვენს გეგმებს ბალტიის სახელმწიფოებთან. საერთო სურათი საკმაოდ ოპტიმისტური ჩანს.

- შეუძლებელია არ დაგისვათ კითხვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესახებ. როგორ გავლენას ახდენენ ეს კონფლიქტები საქართველოს ურთიერთობაზე ნატოსთან და ევროკავშირთან და საერთოდ, დასავლეთთან ინტეგრაციაზე?

- ეს ძალიან სამწუხარო ისტორიაა და ეხება არაიმდენად აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, რამდენადაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობას, ამ ურთიერთობის განვიტარებას. დღეს საქართველო ცდილობს რუსეთთან თანაარსებობისა და ურთიერთობის ნორმალიზების გზები იპოვოს - მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. ჩვენ რუსეთთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ ვაჭრობის, ეკონომიკის სფეროსა და ჰუმანიტარულ საკითხებზე, რომლებიც „აბაშიძე-კარასინის ფორმატით“ გამართულ შეხვედრებზე წყდება. გარდა ამისა, ჟენევაში მიმდინარეობს შეხვედრები უსაფრთხოების სფეროში.

ბუნებრივია, არსებობს ისეთი საკითხები, რომლებზეც რაიმე კომპრომისები, პრინციპში, შეუძლებელია, თუმცა იმავდროულად ყველაფერს ვაკეთებთ ისეთი საერთო მნიშვნელის მოსაძებნად, რათა მომავალი უფრო უკეთესი და უფრო უსაფრთხო გახდეს, რათა საქართველოსა და რუსეთს შორის მისაღები სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობა არსებობდეს. სამწუხაროდ, ამ გზაზე ჩვენ მუდმივად ვაწყდებით ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა ე.წ. პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვის გეგმა „სამხრეთ ოსეთისათვის“ „ალანეთის“ დარქმევის თაობაზე. ფართო გაგებით ეს გულისხმობს ამ რეგიონის ჩამოშორებას საქართველოსაგან და ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას... მიუხედავად ამისა, ჩვენ ასეთ სიტუაციაშიც კი მზად ვართ მოლაპარაკებებისათვის სხვადასხვა სფეროებში, სადაც ეს შესაძლებელია, თუმცა საგრძნობი პროგრესი არ არის.

იმავდროულად, მინდა განსაკუთრებით ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს სახელმწიფოს რეფორმირების პროცესს. ვაგრძელებს ევროკავშირთან დადებული ასოცირების შეთანხმების პირობების რეალიზებას. ევროკავშირის ქვეყნები საქართველოსთვის ვაჭრობაში მთავარი პარტნიორები არიან (საერთო ჯამში - 30%-ით). ევროკავშირთან ვაჭრობის მოცულობა, ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის დღიდან, თითქმის 50%-ით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ ღრმავდება ევროკავშირთან ეკონომიკურ ინტეგრაცია, პარალელურად გრძელდება პოლიტიკური ინტეგრაციაც, მათ შორის ნატოსთანაც. ჩვენ ახლა აღარ ვლაპარაკობთ რაიმე კონკრეტულ ვადებზე, აღარ ვაკეთებთ ხმამაღალ განცხადებებს, ჩვენ ახლა ვმუშაობთ.


http://www.diena.lv/raksts/latvija/viedokli/noskanoti-virzities-rietumu-virziena-14166416


ბეჭდვა