პოლ გობლი: თუ საქართველო აღებულ კურსს გააგრძელებს, „გაზპრომთან“ შეთანხმება მის სუვერენიტეტს ვერ დაემუქრება
პოლ გობლი: თუ საქართველო აღებულ კურსს გააგრძელებს, „გაზპრომთან“ შეთანხმება მის სუვერენიტეტს ვერ დაემუქრება
12:53 23.01.2017
საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკის რამდენიმე მიმდინარე საკითხზე ამერიკული რადიოსადგური „Radio Voice of America“ ევრაზიის ქვეყნების დამოუკიდებელ მკვლევარს, აშშ-ის მთავრობის ყოფილ მაღალჩინოსანს პოლ გობლს ესაუბრა.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ინტერვიუს:

-რას ან ვის უნდა მივაწეროთ ოპოზიციური პარტიების თანმიმდევრული გაქრობა საქართველოს პოლიტიკური სცენიდან?

-არა მგონია, ეს ვინმეს ბრალი იყოს საქართველოში, ან მის საზღვრებს გარეთ. მეჩვენება, რომ პროცესი პოლიტიკური პარტიების სისუსტით აიხსნება. პარტიების სისუსტე გამოწვეული იყო და არის იმით, რომ ისინი ჩამოყალიბდნენ ზევიდან ქვევით და არა პირიქით და მათი ბედი ლიდერთა ცვლაზე იყო დამოკიდებული.

-მიგაჩნიათ, თუ არა, რომ „გაზპრომთან“ გაფორმებული ბოლო შეთანხმება საქართველოსთვის პოლიტიკურად ან ეკონომიკურად საზიანოა?

-ამ შეთანხმების გაუმჭვირვალობა შემაშფოთებელია, მაგრამ ამავე დროს, თუ საქართველო აღებულ პოლიტიკურ კურსს გააგრძელებს, მარტო „გაზპრომთან“ შეთანხმება მის სუვერენიტეტს, რა თქმა უნდა, ვერ დაემუქრება. „გაზპრომთან“ კონტრაქტის დეტალები საჯარო რომ ყოფილიყო, ბევრად უკეთესი იქნებოდა. ეჭვები არსებობს, ეჭვებს კი დიდი ძალა აქვს.

-რა გავლენა აქვს რუსეთის პროპაგანდას კავკასიაში და რა უნდა იღონოს მთავრობამ, სამოქალაქო სექტორმა და პრესამ მასთან გასამკლავებლად?

- დეზინფორმაციასთან ბრძოლა რთულია. ჯაშუშის აღმოჩენის მსგავსად, დეზინფორმაციის გამოაშკარავებაც მისი სამიზნე აუდიტორიის სისუსტეზე მეტყველებს. შესაძლოა, მოსკოვის გათვლაც ეს იყოს: ხაზი გაუსვას მეტოქეთა სისუსტეს. ვფიქრობ, უნდა შეიქმნას ძლიერი სარეკლამო სექტორი დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად და ძლიერი სახელმწიფო სექტორი, რომელიც ჟურნალისტებს პროფესიულ მოვალეობათა შესრულებაში შეუწყობს ხელს.

-რას უნდა ველოდოთ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისაგან საქართველოსთან მიმართებით?


-ვშიშობ, დონალდ ტრამპი ყურადღებას არ მიაქცევს საქართველოს მსგავს ქვეყნებს. ამ გარემოებამ საქართველო, შესაძლოა, მოსკოვის პოლიტიკის მძევლად აქციოს. მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ ბევრი პროექტი, რომელსაც ვაშინგტონი საქართველოში ახორციელებს, გაგრძელდეს, რადგან თეთრმა სახლმა ამ პროექტების შესაჩერებლად თავი არ შეიწუხოს.

http://www.amerikiskhma.com/a/paul-goble-interview/3686383.html



ბეჭდვა