ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: უკრაინასთან ომში პუტინმა სრული ფიასკო განიცადა
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: უკრაინასთან ომში პუტინმა სრული ფიასკო განიცადა
12:43 03.01.2017
საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ. ესაუბრება „ეხო“-ს კორესპონდენტი ელინა რუსტამოვა.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებით:

- რამდენად დიდია საქართველოს ხელისუფლებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების შანსები?

- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ხელისუფლებაში აუცილებლად დაბრუნდება, თუმცა დღეს საქართველოსა და „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების ბედი უკრაინაში წყდება. დღეს ეს ქვეყანა რეგიონის ლიდერად ითვლება. თუ კიევი მტკიცედ იქნება ფეხზე დამდგარი, მაშინ მეზობელი ქვეყნებიც სტაბილურად განვითარდებიან. თუ უკრაინა წაიქცევა, ეს სხვებისთვისაც ცუდი იქნება. მე აქ იმიტომ კი არ ვცხოვრობ, რომ არსად წასასვლელი არ მაქვს. მე უკრაინის საზოგადოების ნაწილი და უკრაინის პატრიოტი ვარ. ასე ვარ საქართველოს პატრიოტიც. აქ მარტო კი არ ჩამოვედი, ჩემთან ერთად არის ასობით ქართველი, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში იბრძვიან. ომში ბევრი ქართველი დაიღუპა, ისინი დაიღუპნენ მაიდანზეც... უკრაინა ერთ-ერთი ისეთი ქვეყანათაგანია, რომელსაც არასოდეს სხვისი ტერიტორიები არ მიუტაცნია, მაგრამ იმავდროულად ყველა სხვა დამონებულ ხალხს მხარს უჭერდა და იცავდა.

ყველა აცნობიერებს, რომ უკრაინა არცერთი მეზობლის მტერი არ არის. ასეთი პოლიტიკა ყველა ქვეყნისთვის სასარგებლოა. დღეს უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ბალანსის დაცვა შეუძლია რუსეთის იმპერიის მიმართ ამ რეგიონში. ათეული წლებია ლაპარაკობენ, რომ აზერბაიჯანს ეჭვი აქვს - რუსეთი სომხეთს ეხმარება მთიანი ყარაბაღის საკითხში. თავის მხრივ, სომხები ფიქრობენ, რომ მოსკოვი აზერბაიჯანს დაუმეგობრდაო, სინამდვილეში კი რუსეთი აზერბაიჯანსაც ეთამაშება და სომხეთსაც. რუსეთის მთავრობა დაინტერესებული არაა მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარებისათვის. ვლადიმირ პუტინს ის უფრო უნდა, რომ ორივე მხარე მუდამ ერთმანეთს ებრძოდეს. რუსეთზე კიდევ ერთი ქვეყანაა დამოკიდებული - ბელარუსი. ასეთი სიტუაციიდან გამოსასვლელად ყოველმა ქვეყანამ რეფორმების უნდა განახორციელოს და როცა განვითარება დაიწყება, მანევრირებისათვის მეტი ინსტრუმენტი იქნება. და რაც მთავარია, ყოველი ქვეყანა თავისი ეროვნული ინტერესიდან უნდა გამოდიოდეს. (...)

საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ბელარუსში ზოგიერთებს ჰგონიათ, რომ რუსეთი თითქოსდა უძლიერესი სახელმწიფოა, რომ ვლადიმირ პუტინს ყველაფერი შეუძლია. ეს აზრი არასწორია. ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში სრული ფიასკო განიცადა, მან მარიუპოლის აღებაც კი ვერ შეძლო, რომ არაფერი ვთქვათ მთელს დონბასზე და ნოვოროსიაზე. დღეს ყველა უკრაინის გარშემო უნდა დადგეს, განსაკუთრებით კი „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ წევრი ქვეყნები. ვლადიმირ პუტინის განცხადება, რუსეთის საზღვრები არსად არ მთავრდებაო, იმას ნიშნავს, რომ მას თავისი ნათქვამი ოდესმე უკან დაუბრუნდება. სიტუაცია დსთ-ის სივრცეში სწრაფად იცვლება.

- ვინ აფინასებს თქვენს პარტია „ახალი ძალების მოძრაობას“?

- სამწუხაროდ, დამფინანსებლები არ გვყავს, თანხებს ჩვენ თვითონვე ვაგროვებთ. ჩვენი პარტიის წევრების თითქმის ნახევარი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები არიან, მათი რაოდენობა დღეს უკვე 25 ათასს აღწევს. აქვე გეტყვით, რომ ჩვენი პარტია არასოდეს არ დაფინანსდება ოლიგარქების მიერ - ისინი ხომ ჩვენი მტრები არიან. ოლიგარქებს, „ბარიგებს“ არავითარი კავშირი არ უნდა ჰქონდეთ ხელისუფლებასთან. „ბარიგების“ მიზანი ისაა, რომ მათ იაფი საქონელი ძვირად გაყიდონ და უბრალო ადამიანის კისრიდან აღებული ფულით თვითონ იხეირონ. უკრაინა დრეს რამდენიმე „ბარიგა“-ოლიგარქის ხელშია ჩავარდნილი. ჩვენი პარტიის პოზიცია კი იმაში გამოიხატება, რომ უკრაინა განავითაროს და აყვავებულ ქვეყნად გადააქციოს. ამისათვის ჩვენ დიდი ფული არ გვჭირდება.

ჩემი მეგობარი, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჭკვიანი კაცია. მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპმა, დემოკრატ ჰილარი კლინტონთან შედარებით, ცოტა ფული დახარჯა თავისი საარჩევნო კამპანიისათვის, მან მაინც გაიმარჯვა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ თუ თქვენ სწორი მესიჯი გექნებათ, ფული არ დაგჭირდებათ. ჩემი იარაღი კი ჩემი ჭკუა-გონებაა.

დღეს უკრაინის ხელისუფლება ჩვენს პარტიას ყველანაირად ზღუდავს, არ გვაძლევენ ტელევიზიით გამოსვლის საშუალებას - იციან, რომ ჩვენ ქვეყნის მთავრობას გავაკრიტიკებთ. ასევე ყველგან მბლოკავს ჩემი „მეგობარი“ პეტრო პოროშენკოც... ჩვენ შეგვწევს იმის ძალა, რომ უკრაინა მოკლე ვადებში განვითარებულ ქვეყნად გადავაქციოთ. ბუნებრივია, რომ ამ მიზნების მისაღწევად უკრაინელ ახალგაზრდობასაც დიდი მუშაობა დაჭირდება.

http://ru.echo.az/?p=54520




ბეჭდვა