ინტერვიუ მეთიუ ბრაიზასთან: ენერგოწყაროებით რუსეთმა შესაძლოა საქართველოს და აზერბაიჯანის იზოლირება სცადოს
ინტერვიუ მეთიუ ბრაიზასთან: ენერგოწყაროებით რუსეთმა შესაძლოა საქართველოს და აზერბაიჯანის იზოლირება სცადოს
13:36 28.12.2016

თურქეთში, რუსეთის ელჩის მკვლელობის თემას და შედეგად წარმოქმნილ ახალ რეალობას

ორმხრივ თუ რეგიონულ ურთიერთობებში სტამბოლიდან „ამერიკის ხმასთან“ სკაიპით ჩაწერილ ინტერვიუში აანალიზებს დიპლომატი მეთიუ ბრაიზა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე ევროპის და ევრაზიის საკითხებში, ამჟამად კი ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებულ ვერსიას:


- ანაკარაში რუსეთის ელჩი მოკლეს. მსგავს ქმედებებს, ისტორიულად, ომები გამოუწვევია. როგორ შეცვლის ანდრეი კარლოვის მკვლელობა რეგიონის ორი დიდი ძალის - რუსეთის და თურქეთის ურთიერთობას?

- ვფიქრობ, ამ ტრაგედიის შემდეგ, რუსეთ-თურქეთის უფრთიერთობები უფრო მჭიდრო გახდება. ამ მკვლელობამ ჩემზე განსაკუთრებულად იმოქმედა, პიროვნულად შემარყია. ერთის მხრივ, ვხედავთ, რომ ელჩები და ყოფილი ელჩები თავდასხმების სამიზნეები ხდებიან, ამავდროულად, ეს მკვლელობა გვაჩვენებს, რომ თურქულ სისტემაში ისევ არიან ბოროტმოქმედები, რომლებსაც მსგავსი საშინელების ჩადენა შეუძლიათ. აქ ბევრს აქვს მოლოდინი, რომ ქვეყნებს შორის კავშირები გამყარდება. მკვლელობაზე ორივე ლიდერის, პრეზიდენტ ედროღანის და პრეზიდენტ პუტინის გამოხმაურება გვაჩვენებს, რომ ისინი თანხმდებიან და ისინი ცდილობენ ამ ტრაგედიიდან ახალი სამშვიდობო პროცესი დაიწყონ, რომელშიც რუსეთი, თურქეთი და ირანი იქნებიან ჩართულები. საბოლოო ჯამში, რუსეთს და თურქეთს შორის კავშირების გაძლიერებას ველოდები. (...)

-თურქეთი და რუსეთი რეგიონის მსხვილი მოთამაშეები არიან. რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ ორი ქვეყნის ურთიერთობის ახალ ფაზაში გადასვლამ საქართველოზე და სამხრეთ კავკასიაზე?

-საქართველოზე პირდაპირ გავლენას არ ველოდები. მე ენერგოწყაროების საკითხზე უფრო ვღელავ, რისი გამოყენებითაც რუსეთმა, შესაძლოა, საქართველოს და აზერბაიჯანის იზოლირება სცადოს. გაზსადენ „თურქული ნაკადის“ მიზანია რუსული გაზის ევროკავშირში ჩატანა და აზერბაიჯანში ენერგოსფეროში ინვესტიციების შემცირება. ჩემი აზრით, ეს რუსეთის სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად საქართველოს და აზერბაიჯანის რუსეთის უფრო მეტი გავლენის ქვეშ მოქცევას გულისხმობს. არსებობენ რისკები, რომ საქართველომ და აზერბაიჯანმა ევროკავშირთან არსებული კავშირების დაკარგვა დაიწყონ. იმედი მაქვს, ეს არ მოხდება. საქართველო თვითონ ირჩევს თავის მომავალს. მოსკოვი საქართველოს ბოლო არჩევნების შედეგების სათავისოდ გამოყენებას ცდილობს, მას ქართულ სისტემაში მოკავშირეები ჰყავს. ვიმედოვნებ, რომ ქართველი ხალხი თავისი მისწრაფებების ერთგული დარჩება და გააგრძელებს ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან დაახლოებას. ამის მჯერა, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვს ყოველთვის ექნება ეროვნული კონსენსუსის შერყევის მცდელობები.

http://www.amerikiskhma.com/a/matthew-bryza-on-turkey-and-russia/3647166.html



 

ბეჭდვა