ინტერვიუ თომას დე ვაალთან: საქართველოს მთავრობა დასავლეთისკენ ისწრაფვის და ევროკავშირთან ინტეგრირება სურს, თუმცა მოსახლეობა ამას უკვე ნაკლები ენთუზიაზმით უყურებს
ინტერვიუ თომას დე ვაალთან: საქართველოს მთავრობა დასავლეთისკენ ისწრაფვის და ევროკავშირთან ინტეგრირება სურს, თუმცა მოსახლეობა ამას უკვე ნაკლები ენთუზიაზმით უყურებს
12:06 20.12.2016
შვეიცარული გაზეთის «Aargauer Zeitung»-ის კორესპონდენტ ანდრე ვიდმერისათვის მიცემულ ინტერვიუში აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის ექსპერტი თომას დე ვაალი აანალიზებს პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში ბოლო 25 წლის მანძილზე მომხდარ მოვლენებს, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და საუბრობს მათ პერსპექტივებზეც საუბრობს.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიიუდან:

- უკრაინამ, საქართველომ და ყირგიზეთმა სამოქალაქო რევოლუციები საკუთარ თავზე გამოსცადეს, მაგრამ მსგავსი რამ არ მომხდარა არც აზერბაიჯანში, არც რუსეთში და არც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. რით ახსნიდით ასეთ სიტუაციას?

- ჩემი აზრით, შეცდომა იქნება ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დაყოფა აქტიურ და პასიურ ქვეყნებად. ბუნებრივია, შედარებით დემოკრატიული ქვეყნების საზოგადოებაში ოპოზიციას უფრო მეტი უფლებები აქვს და ის აქტიურია - მაგალითად, საქართველოში, უკრაინასა და ყირგიზეთში. რაც შეეხება თურქმენეთს და უზბეკეთს, მართალია, იქ ბოლო 25 წლის მანძილზე მსგავსი რამ არაფერი მომხდარა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყნებში მომავალში არაფერი არ მოხდება. აზერბაიჯანში მიმდინარე წელს ქუჩის აქციები ნამდვილად იყო. რუსეთში კარგად გვახსოვს 1989-1993 წლებში მომხდარი მასობრივი მღელვარებები, რაც იმას ნიშნავს, რომ რუს ხალხს შეუძლია დემონტრაციების, გაფიცვებისა და ძლიერი ოპოზიციური გამოსვლების მოწყობა მთავრობის წინააღმდეგ. მსგავსი ანტისამთავრობო აქციები მოსკოვში ამ სამი-ოთხი წლის წინათაც გაიმართა. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ იგივე განმეორდეს. მთავარია, როგორი იქნება ეს კონფრონტაცია - მშვიდობიანი თუ ძალადობრივი...

- მოლდოვას და საქართველოს ძლიერი პროევროპული ოპტიმიზმი ჰქონდათ, თუმცა ახლა ამ ქვეყნებში პრომოსკოვური განწყობების ზრდა შეიმჩნევა. თქვენი აზრით, ევროპამ რაიმე შეცდომა დაუშვა?


- არა, მე შეცდომას ვერ ვხედავ. მოლდოველებს და ქართველებს ისეთი მთავრობები ჰყავთ, რომლებიც ევროპისაკენ ისწრაფვიან, ევროკავშირთან ინტეგრირება სურთ. ორივე ქვეყანასთან გაფორმებულია შეთანხმება ასოცირებისა და ვიზალიბერალიზების თაობაზე, რაც შესაძლებლობას იძლევა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი განხორციელდეს. მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვაში პრორუსული განწყობის მქონე პრეზიდენტი აირჩიეს, კიშინიოვის მოსკოვის ორბიტაზე დაბრუნება არ მოხდება. მოლდოვას პრეზიდენტს ერთობ შეზღუდული უფლებები აქვს, მთავრობას კი ქვეყანა პროევროპული კურსით მიჰყავს. ამასთან, ჩვენ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოლდოვას, საქართველოს და უკრაინის მოსახლეობა ევროკავშირს და ევროინტეგრირებას უკვე შედარებით ნაკლები ენთუზიაზმით უყურებს. ეს ყველაფერი ხელისუფლებისადმი მათ დამოკიდებულებაშიც ჩანს.

- რას შეიძლება ველოდოთ სამომავლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში?

- ვლადიმირ ლენინმა ერთი რამ საკმაოდ მოსწრებულად თქვა: „შეიძლება ათწლეულები ისე გავიდეს, რომ არაფერი მნიშვნელოვანი არ მოხდეს, მაგრამ შეიძლება ერთ კვირაში იმდენი მოხდეს, რამდენიც ათწლეულებში“. ჩვენ მართლაც ბევრი რამის მომსწრენი შეიძლება გავხდეთ - მაგალითად, ისეთ ავტორიატარული მმართველობის მქონე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აზერბაიჯანი, უზბეკეთი და რუსეთი...

- და ამ ქვეყნებთან ერთად რუსეთშიც?


- ცენტრალური აზია დღეს ნაწილობრივ ჩინეთის, ძირითადად კი რუსეთის გავლენის ქვეშაა. რუსეთის გავლენა იგრძნობა ბელარუსში და მოლდოვაში. კავკასიის რეგიონშიც რუსეთის გავლენა არსებობს - თურქეთის, ირანის, ევროკავშირისა და ჩინეთის გავლენებთან ერთად. სამომავლოდ ჩვენ შეიძლება 12 პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში განვითარებული 12 ისტორიის მოწმენი გავხდეთ, განსაკუთრებით რუსეთის გავლენით. ვფიქრობ, დადგება დრო და რუსეთიც პოსტპუტინურ პერიოდში იცხოვრებს, გაიხსენებს იმ ტრადიციებს, რომლებიც ვლადიმირ პუტინის დროს დავიწყებული იყო. მხედველობაში მაქვს ევროპული ღირებულებები, პლურალიზმი. მართალია, რუსებს აქვს ისეთი „ჩვევა“, როცა ათწლეულობით არაფერი არ ხდება, მოსახლეობა ითმენს, მაგრამ შემდეგ ცვლილებების ეპოქა დგება...

http://www.aargauerzeitung.ch/leben/leben/russland-experte-ueber-putins-russland-wir-koennen-grosse-umbrueche-erwarten-130804132


ბეჭდვა