ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: მე შევქმნი ახალი პოლიტიკური ვარსკვლავების გუნდს
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: მე შევქმნი ახალი პოლიტიკური ვარსკვლავების გუნდს
12:19 16.11.2016
საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუ მისცა დიდი ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახურის კორესპონდენტს ტომ ბარიჯს.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ინტერვიუს ტექსტს მცირეოდენი შემოკლებით:

- უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო თქვენი პოლიტიკური მოკავშირე იყო, მან თქვენ უკრაინის მოქალაქეობა მოგცათ და ოდესის ოლქის გუბერნატორად დაგნიშნათ, თქვენ კი მას ზურგში დანას ურტყამთ?

- ეს კიდევ საკითხავია, ვინ ვის უტყამს ზურგში დანას... მან ჩვენ ოდესაში გაგვგზავნა, გვითხრა, რომ ჩვენგან რეფორმებს ელოდება, რეალურ ცვლილებებს. ბუნებრივია, მისი ნათქვამი სერიოზულად აღვიქვით და დავიწყეთ სწორედ იმის კეთება, რაზედაც მოვილაპარაკეთ - ადგილობრივ კლანებთან ბრძოლა, ბიუროკრატული სისტემის რეფორმირება. და ამ დროს მოულოდნელად შევეჯახეთ წინააღმდეგობას მოულოდნელი მხრიდან - ცენტრალური ხელისუფლებისა და თვით პირადად პეტრო პოროშენკოსაგან.

- რატომ აცხადებთ ამას დღეს? ბევრი მიიჩნევს, რომ თქვენ რაღაც საკუთარი სარგებლის მიღწევას ცდილობთ შექმნილი სიტუაციიდან. თქვენ [და თქვენმა პარტიამ] ახლახან წააგეთ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, უკრაინას კი სულაც არ ჭირდება ახალი პოლიტიკური რყევები, რომლის უკანაც, როგორც ბევრი ფიქრობს, თქვენ დგახართ...

- მე გადადგომა ჯერ კიდევ აპრილში მინდოდა, ამის შესახებ პრეზიდენტსაც ვაცნობე. იგი დამპირდა, რომ ყველა იმ ცვლილებებს გაატარებდა, რომლებზეც მე ვესაუბრე და დაბეჯითებით მთხოვა, რომ თანამდებობაზე დავრჩენილიყავი. აი, ესაა ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მე ბოლო დრომდე ოდესაში ვაგრძელებდი მუშაობას. ეს არაა დაკავშირებული სხვა ფაქტორებთან და მით უმეტეს, საგარეო-პოლიტიკურ მომენტებთან. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად მოწყვლადია დღეს უკრაინა - დიახ, უკრაინა მართლაც მოწყვლადია. მაგრამ პირველ რიგში ასე იმიტომაა, რომ ჩვენ ვერ განვახორციელეთ ყველა დონეზე ნამდვილი რეფორმები, ნამდვილი ცვლილებები. მოსახლეობამ მაიდნის შემდეგ ვერ დაინახა ვერც ცხოვრების გაუჯობესება და ვერც მცდელობები სიტუაციის სერიოზული გაუმჯობესების მიზნით.

უკრაინაში რევოლუცია მოხდა. რევოლუცია მხოლოდ ის არაა, რომ ქუჩაში გახვიდე და იდეას თავი შესწირო. აქ ეს მართლაც მოხდა - უკრაინაში ადამიანები იღუპებიან და ახლაც კვდებიან იდეებისათვის... მაგრამ რევოლუცია რევოლუციურ გარდაქმნებსაც ნიშნავს. თუ რევოლუციური ცვლილებები არ ხდება, მაშინ იწყება ის, რაც დაიწყო პირველი მაიდნის [ანუ „ნარინჯოვანი რევოლუციის“] შემდეგ: რეაქცია, ვიქტორ იანუკოვიჩის დაბრუნება.

მეორე მაიდნის ტრაგიკული მოვლენები რომ არ განმეორდეს, ჩვენ გვჭირდება მშვიდობიანი პოლიტიკური ძალა, მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლა, ხალხის მობილიზება. ჩვენ უნდა მივაღწიოთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, ხელისუფლებაში ახალი პოლიტიკური კლასი უნდა მოვიდეს, რომელმაც მართვის სადავეები ძველს უნდა წაართვას - მთავრობისა და ვერხოვნა რადას დონეზე. აი, ესაა ჩვენი მიზანი დღესდღეობით.

- როგორი იქნება ახლა თქვენი დამოკიდებულება პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსადმი?

- პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეეძლო ჩემი უნარისა და შესაძლებლობების გამოყენება ნამდვილი რეფორმებისა და ცვლილებების გასატარებლად. პრობლემა იმაში იყო, რომ როდესაც ჩვენ ოდესაში წავედით და რეალურად შევუტიეთ ადგილობრივ კლანებს, რეალურად დავიწყეთ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა და გამოძიება, როცა რეალურად შევუდექით წესრიგის დამყარებას, პეტრო პოროშენკოსა და მის გარემოცვას ეს არ მოეწონათ. და მათ კიევიდან ჩვენი რეალური საბოტაჟი დაგვიწყეს. ისინი არ გვაძლევდნენ ფულს, ისინი ექვსი თვის განმავლობაში ჩემს ოთხ მოადგილეს არ ნიშნავდნენ, მოახდინეს ღია საბაჟო სივრცის დაარსების ბლოკირება, რომელიც ჩვენს მთავარი პროექტს წარმოადგენდა. აი, ესაა მთელი ისტორია. ამიტომაც რაღაც მომენტში სიმართლე უნდა თქმულიყო. როცა სრულიად აშკარა გახდა, რომ უკვე არაფერი კარგი აღარ იქნება და სიტუაცია მხოლოდ გაუარესდება, ამაში დამნაშავე პირველ რიგში კიევი იყო. ამიტომაც საჭირო გახდა კიევში წავსულიყავით და იქ შეგვეცვალა ვითარება. სწორედ ამით ვართ ახლა დაკავებული.

- გინდათ უკრაინის პრეზიდენტი გახდეთ?

- ამაზე არ ვფქირობ, რადგან უკრაინის კონსტიტუციით ეს დაუშვებელია.

- მაშინ როგორია თქვენი პარტიის მიზანი ამ შემთხვევაში?

- ახალი ადამიანების ძიება, მათზე მოსახლეობის ყურადღების მიპყრობა.. ფაქტიურად ჩვენ ახალი პოლიტიკური ვარსკვლავების გუნდი უნდა შევქმნათ, რომელიც უკრაინას წარმატებას მოუტანს. ეს ძალიან დიდი პატივია. მსოფლიოში არცთუ ისე ბევრი პოლიტიკოსია, რომლები საკუთარი თავის რეალიზებას სხვა ქვეყანაშიც ახერხებენ, ანუ პოლიტიკოსები ერთდროულად ორივე ქვეყანაში არიან. მე ასეთი შესაძლებლობა მაქვს და მინდა ვისარგებლო. საქმე ეხება არა თანამდებობას, არამედ შედეგს. მინდა აქ ადამიანებს დავეხმარო. უკრაინელები დიდ ერს წარმოადგენენ, მე თავს მათ ნაწილად ვგრძნობ, მინდა მათი წარმატება გავიზიარო.

- მაგრამ თბილისში თქვენს პარტიას [„ნაცმოძრაობას“] წარმატება რომ მოეპოვებინა, ალბათ, საქართველოში დაბრუნდებოდით, ხომ?

- არა. მე იქ პრეზიდენტობის ორი ვადა ამოვწურე, მესამე ვადით არჩევის შესაძლებლობას კი კონსტიტუცია აღარ მაძლევს. [„ნაცმოძრაობა“] არჩევნებში უჩემოდ მონაწილეობდა, რადგან სრულფასოვანი შემცვლელი ვერ მონახა. ჩვენ არ შეგვეძლო არჩევნების მოგება და ამას უნდა შევურიგდე. ჯერ კიდევ არჩევნების წინ მე ვთქვი, რომ როგორიც არ უნდა იყოს შედეგი, საქართველოს ხელისუფლებაში არ დავბრუნდები-მეთქი. უკრაინიდან არსად არ გავიქცევი.

http://www.bbc.com/russian/features-37990373


ბეჭდვა