რუსი ანალიტიკოსი: ტრამპი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებაზე არ წავა
რუსი ანალიტიკოსი: ტრამპი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებაზე არ წავა
13:16 11.11.2016
არჩევნების წინ პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი ძალიან გულუხვი იყო დაპირებებში რუსეთის მიმართ - დიახაც, ჩვენ ორივე ერთად ავაწიოკებთ ტერორისტებს სირიაშიო.. დიახაც, ყირიმის რუსეთის ტერიტორიად ვაღიარებო ადა ა.შ. არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა, ახლა იგი ამერიკის 45-ე პრეზიდენტია. რას უნდა ელოდოს რუსეთი ახალი პრეზიდენტისაგან?

„კომსომოლსკაია პრავდას“ კორესპონდენტი რომან გოლოვანოვი პოლიტოლოგ-ამერიკანისტ მიხეილ სინელნიკოვ-ორშაკსა და სამხედრო მეცნიერებათა აკადემიის პროფესორს სერგეი სუდაკოვს ესაუბრება.

- აღიარებს თუ არა დონალდ ტრამპი ყირიმს რუსეთის შემადგენლობაში?


მიხეილ სინელნიკოვ-ორშაკი: თუ ეს მოხდება, უახლოეს წლებში ნამდვილად არა. ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში აღიარებით დონალდ ტრამპი ბოლო ათეული წლების აშშ-ის საგარეო პოლიტიკას გადახაზავს. ისტორიულად ვაშინგტონი თავის შეცდომების აღიარება უძნელდება ხოლმე, მით უმეტეს, რომ ამ შემთხვევაში ამერიკას ევროპელი პარტნიორები ვერ გაუგებენ. ისინი ხომ ამდენ ხანს ითმენდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და ამით დანაკარგებს განიცდიდნენ... ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარება კი იმას ნიშნავს, რომ ევროპა ტყუილად ზარალდებოდა...

სერგეი სუდაკოვი: დონალდ ტრამპმა ეს ყველაფერი არჩევნების წინ განაცხადა, ახლა კი მას თავისი სიტყვების უკან წაღება გაუჭირდება. საერთოდ კი, ეს საკითხი ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს გადაწყდება. დონალდ ტრამპს, ალბათ, ესმის, რომ თუ ყირიმს რუსეთის ნაწილად აღიარებს, ამით მთელს მსოფლიოს აჩვენებს, რომ ამ საკითხში რუსეთის არანაირი ბრალი არ არის. ისე კი, მან თქვა, რომ ამერიკის ინტერესებს ყველაზე წინ დავაყენებო. დონალდ ტრამპი ისე მოიქცევა, როგორც მას სურს. თუ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის ყირიმის აღიარება დადებით როლს შეასრულებს, დონალდ ტრამპი დაპირებას შეასრულებს.

- გაფართოვდება თუ არა ნატო აღმოსავლეთისკენ (უკრაინა, საქართველო)?


მიხეილ სინელნიკოვ-ორშაკი: ნატოში არიან ძალები, რომლებთაც აღმოსავლეთით გაფართოება სურთ, მაგრამ დონალდ ტრამპი ამაზე არ წავა. ეს არც ევროპას არ ჭირდება. საქართველოს, უკრაინის თუ ფინეთის ნატოში გაწევრიანება ნიშნავს რომ ამერიკა რუსეთთან ურთიერთობას დიდი ხნით, ათეული წლების განმავლობაში არღვევს. ბალტიისპირეთში ნატოს სამხედრო ბაზები აქვს, მაგრამ მათ არაფერი აღარ დაემატება. დონალდ ტრამპი ყველაფერს ისე დატოვებს, როგორიც არის.

სერგეი სუდაკოვი: ნატოს გაფართოების შესაძლებლობა კვლავ იქნება. განხილული იქნება ფინეთის ალიანსში გაწევრიანების საკითხი. დონალდ ტრამპი, უბრალოდ, ასე იტყვის: „ფინეთო, თუ ფულს გადაიხდი - კი ბატონო, მიგიღებთ, რაზეა საუბარი“. ბალტიისპირეთის ბაზებს ამერიკა გააძლიერებს. დონალდ ტრამპს სურს აჩვენოს ამერიკელ სამხედროებს, რომ იგი ყველასთვის პრეზიდენტია - ქორებისთვისაც და მტრედებისთვისაც.

http://www.kp.ru/daily/26605.4/3621324/


ბეჭდვა