«Bild» (გერმანია): ინტერვიუ მიხეილ ჯანელიძესთან-„ჩვენ არავის ვეხვეწებით“
«Bild» (გერმანია): ინტერვიუ მიხეილ ჯანელიძესთან-„ჩვენ არავის ვეხვეწებით“
13:04 08.09.2016
რუსების მიერ მხოლოდ აღმოსავლეთ უკრაინა არაა ოკუპირებული, იგივე სიტუაციაში იმყოფება საქართველოც, მაგრამ, ამის მიუხედავად, ამ კავკასიურ სახელმწიფოს კურსი მაინც ნატოსაკენ აქვს აღებული.

გერმანულ გამოცემა „ბილდ“-ისათვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე (იგი 35 წლისაა) მშობლიური ქვეყნის იმედებისა და პრობლემების შესახებ საუბრობს:

- საქართველოს ერთი მეხუთედი ნაწილი - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი - რუსეთის მიერაა ოკუპირებული. როგორი შთაბეჭდილება გაქვთ - ფიქრობთ, რომ ევროპამ დიდი ხანია დაივიწყა რუსეთის მართლსაწინააღმდეგო აგრესია?

- არა, მე ასეთი შთაბეჭდილება არ მაქვს. ევროპამ კარგად იცის, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს მიეკუთვნება და ასეთად დარჩებიან. ამასთან, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ სიტუაციის აქტუალობის შეცვლა [საქართველოს სასარგებლოდ] მხოლოდ მოლაპარაკებით შეიძლება. ჩვენ მადლობლები ვართ ყველანაირი დახმარებისთვის, მათ შორის გერმანიის მხრიდანაც.

- თქვენ ფიქრობთ, რომ ევროკავშირი საქართველოს თავის წევრად რუსეთთან კონფლიქტის მოგვარებამდე მიიღებს?

- ერთი მეორესთან დაკავშირებული არ არის. ერთი მხრივ, ბოლო წლებში საქართველომ დიდი ძალისხმევა განახორციელა ევროსტანდარტების მისაღწევად - როგორც პოლიტიკაში, ასევე ეკონომიკის სფეროში. ჩვენ წინ უკვე საკმაოდ შორს წავედით. მაგრამ მეორე მხრივ, ველოდებით საპასუხო სიგნალს ევროპისგანაც, რომ საქართველოს ევროპაც ელოდება. ეს, მაგალითად, უვიზო რეჟიმის დაწესებასაც უკავშირდება. 8 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა ახალ პარლამენტს აირჩევს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ დროისათვის უკვე გვექნება მკაფიო სიგნალი ევროპისაგან, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის, ბოლოსდაბოლოს, სავიზო რეჟიმი გაუქმებული იქნება.

- ქართველების სურვილს უვიზო რეჟიმის მიღების თაობაზე ევროკავშირის ზოგიერთ წევრ-სახელმწიფოში, მათ შორის გერმანიაშიც არ მიესალმებიან და სერიოზულ წინააღმდეგობას უწევენ. რას აკეთებთ ამ მიმართულებით?

- ჩვენ ამ საკითხში არავის არ ვეხვეწებით, არავის არ ვთხოვთ. უვიზო რეჟიმის დაწესება მკაფიოდაა გათვალისწინებული საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებაში. ჩვენ უკვე დიდი ხანია შესრულებული გვაქვს ევროკავშირის ყველა მოთხოვნა და პირობა ვიზა-ლიბერალიზების საკითხში, ვცდილობთ მივაღწიოთ სხვა ევროპულ სტანდარტებსაც. მოვიხმობ მხოლოდ ერთ მაგალითს: საერთაშორისო მასშტაბით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა...

- თქვენს ნათქვამზე უსაფრთხოების სფეროს გერმანელი ექსპერტები გეტყოდნენ, რომ კი, რასაკვირველია, [საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა], რადგან ქართველი დამნაშავეები თავიანთი შავი საქმეებით უფრო მეტად საზღვარგარეთ არიან დაკავებულნიო. გერმანიის უსაფრთხოების ორგანოების მონაცემებით, უმეტესად სწორედ ქართული ბანდები არიან პასუხისმგებელნი ისეთი დანაშაულის ჩადენაში, რომლებიც ბინების გაძარცვასა და ქურდობას უკავშირდება...

- ჩვენ მუდმივად გვესმის ასეთი საყვედურები, მაგრამ ეს უსამართლო საყვედურებია. ამასთან, მე მესმის გერმანელების შეშფოთება. ამიტომაც საქართველოს სამართალდამცველ და უშიშროების ორგანოებს გერმანელებთან მჭიდრო ურთიერთობა აქვთ და, შეიძლება ითქვას, ერთად ხელიხელჩაკიდებულნი მუშაობენ - როგორც გერმანიის სისხლის სამართლის ფედერალურ პოლიციასთან, ასევე ფედერალური მხარეების (მიწების) შესაბამის ორგანოებთან. ერთი რამ ნათელია: ყოველი დანაშაული ყველგან დანაშაულია და ყველა დამნაშავე ყველგან დამნაშავეა. დამნაშავეობის საკითხი სავიზო რეჟიმის გაუქმებას არ უნდა უკავშირდებოდეს.
-----------
მინისტრს ესაუბრებოდნენ ჟურნალისტები როლფ კლიანე, იულიან რაიჰელტი და ტანიტ კოხი.

http://www.bild.de/bild-plus/politik/ausland/georgien/wir-sind-keine-bittsteller-47691174,view=conversionToLogin.bild.html


ბეჭდვა