ვახტანგ ყოლბაია: დადგება ის დღეც, როცა კვლავ, ყველანი ერთად ერთიანი საქართველოს ქოლგის ქვეშ გავერთიანდებით
ვახტანგ ყოლბაია: დადგება ის დღეც, როცა კვლავ, ყველანი ერთად ერთიანი საქართველოს ქოლგის ქვეშ გავერთიანდებით
12:57 08.09.2016
ინტერვიუ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიასთან:

– ბატონო ვახტანგ, საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების მხრიდან აფხაზეთის ხელისუფლებისადმი კრიტიკა მოხშირდა, გაისმა ბრალდებებიც, რითია ეს განპირობებული?

-ბოლო დროს რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ აფხაზეთის თემა, შეიძლება ითქვას, საკუთარი პარტიების ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენა. ეს ეხება ბურჭულაძის პარტიასაც და შალვა ნათელაშვილის განცხადებასაც. გასაგებია, რომ პოლიტიკური კონიუნქტურისთვის, ისიც საარჩევნო კამპანიის დროს, ასეთი ხერხების გამოყენება უცხო მოვლენად არ ითვლება. ისიც გვესმის, რომ აფხაზეთის თემა პოლიტიკური პარტიების ქულების ჩასაწერად თავისთავად ძალიან მიმზიდველია. მაგრამ, განა ძნელი მისახვედრია, რომ მათთვის თავდასხმა მეთოდი, ბრალდება სტრატეგია, მიზანი კი მრავალათასიანი დევნილთა საზოგადოების საარჩევნო ხმების მოპოვებაა. პრობლემა კი პრობლემად რჩება მეგობრებო, – აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების რეალური გზა არ ჩანს. საკითხავია, რამდენი საათი ან წუთი აქვთ ამ პარტიებს დახარჯული აფხაზეთის პრობლემის შესასწავლად. რატომ არა აქვთ საკუთარ საარჩევნო პროგრამებში გაწერილი აფხაზეთის პრობლემების მოწესრიგების რაიმე ახალი, განსხვავებული მეთოდები. უნდა ვაღიარო, ცოტა არ იყოს გამაკვირვა შალვა ნათელაშვილის განცხადებამ, რომელიც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დათხოვნას და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. შეგახსენებთ, რომ თავის დროზე ბატონი შალვა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და ჩვენი დეპუტაციის უფლებამოსილების გაგრძელების ერთ-ერთი აქტიური მომხრე გახლდათ.

საინტერესო კი ის გახლავთ, რომ ორივე პარტიას, ამაზე კი მთელი საქართველო ლაპარაკობს, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მკაფიოდ გამოხატული კავშირები აქვს, რაც მოსახლეობის თვალში, მათი „პატრიოტული“ მოსაზრებების სრულ ნიველირებას ახდენს. კალიფიციურმა იურისტებმა კარგად იციან, რასთან არის დაკავშირებული აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნები; სამწუხაროდ, დღეს ეს ყბადაღებული თემაა, რომელთანაც აგდებული დამოკიდებულება ჩვენს ქვეყანას არაფერს არგებს, მაგრამ ჩვენს სახელმწიფოებრიობასა და აფხაზეთის არ აღიარების პოლიტიკას ნამდვილად ავნებს. მინდა განვმარტო, რატომ?

ცნობილია, რომ მოსკოვშიც და სოხუმშიც უარყოფითად უყურებენ თბილისში მოქმედ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს. ამ შემთხვევაშიც რაღაც საეჭვოდ ემთხვევა სოხუმის, მოსკოვისა და ამ პარტიების აზრი. ისინი მოითხოვენ, რომ საბჭო დავშალოთ და ხელახლა შევქმნათ, ოღონდ აფხაზეთის მონაწილეობის გარეშე.

სად ჩატარდება ეს არჩევნები? ყველა არჩევნებს გააჩნია ტერიტორიული კუთვნილება, სხვანაირად ის არალეგიტიმურია. აფხაზეთის სტრუქტურების არსებობა საკმაოდ გამაღიზიანებელი ფაქტორია მოსკოვისა და სოხუმისთვის, რადგან ისინი პარალელური სტრუქტურებია და მათი არარსებობის პირობებში, ახალი უმაღლესი საბჭო მოკლებული იქნება ყოველგვარ ლეგიტიმაციას, რითაც გავამაგრებთ და კიდევ უფრო ლეგიტიმურს გავხდით სეპარატისტულ ხელისუფლებას.

ამქვეყნად კრიტიკის ქარცეცხლში ყველაფრის გატარება ალბათ შესაძლებელია, ოღონდ არა აფხაზეთის ხარჯზე. აფხაზეთის მთავრობას დააბრალო უსაქმურობა და უმოქმედობა, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულია. ჩვენი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია საჯაროა და ნებისმიერს შეუძლია გაეცნოს მას ჩვენი ვებგვერდის საშუალებით. შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენი ადამიანია ჩვენთან დასაქმებული, რა საქმიანობას ეწევიან სამინისტროები, რა სოციალური პროექტები გვაქვს. ბურჭულაძის პარტიამ დაგვაბრალა, თითქოს ჩვენი ბიუჯეტიდან დევნილებს მხოლოდ სამასი ათას ლარს ვახმართ. ეს არასერიოზულია. ელემენტარული არითმეტიკული გათვლებია საჭირო, იმის მისახვედრად, რომ ჩვენი ბიუჯეტიდან დევნილებზე გაწეული პირდაპირი დანახარჯები მილიონობს შეადგენს, რა თქმა უნდა, არა მაქვს მხედველობაში არაპირდაპირი სოციალური ხარჯები.

– და მაინც, რას უპასუხებდით საჯაროდ თქვენდამი ოპოზიციურად განწყობილ ძალებს?

სამწუხაროა, რომ გამოცდილი პოლიტიკოსები მსგავს პოლიტიკურ ლაფსუსებს დასაშვებად მიიჩნევენ. ჰგონიათ, რომ აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურების გინებით ამომრჩეველთა ხმებს მოიპოვებენ. ეს ცრუ მოლოდინია. დევნილმა საზოგადოებამ ყველაზე უკეთ იცის, ჩვენი უარყოფითი და დადებითი მხარეები. ყველანი ერთი კუთხიდან ვართ, ერთად ვიყავით აფხაზეთში, საიდანაც ავიყარეთ და ერთად ვართ აქაც. ჩვენ ხომ ყოველდღიური ურთიერთობა გვაკავშირებს ჩვენს დევნილებთან რაიონებშიც და აქ, ადგილზეც. თუ ვინმემ იცის, სწორედ მათ იციან რას ვაკეთებთ, რა შესაძლებლობებს ვფლობთ. პოლიტიკური პარტიებისგან განსხვავებით, ჩვენ ყველას გვაერთიანებს საერთო ჭირ-ვარამი და შინ დაბრუნების დაუძლეველი სურვილი.

რასაც ვეთანხმები, მათი გამოსვლებიდან – „ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში“ ლოზუნგია. დადგება ის დღეც, როცა კვლავ, ყველანი ერთად ერთიანი საქართველოს ქოლგის ქვეშ გავერთიანდებით. ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში და ეს იქნება დიდი შერიგება, პატიება და მიტევება.

AbkhaziaNews


ბეჭდვა