ინტერვიუ მერაბ ტურავასთან: ჩემზე ზეწოლა არავის მოუხდენია და არ ვიცი პაპუაშვილს რა ინფორმაცია აქვს
ინტერვიუ მერაბ ტურავასთან: ჩემზე ზეწოლა არავის მოუხდენია და არ ვიცი პაპუაშვილს რა ინფორმაცია აქვს
12:15 28.07.2016
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის განცხადების შემდეგ, რომელიც მოსამართლეებზე ზეწოლას შეეხებოდა, საკონსტიტუციოს ზოგი მოსამართლე პროკურატურაში დასაკითხად დაიბარეს.

მათ შორისაა მერაბ ტურავაც, რომელიც „ახალ თაობას“ ესაუბრა.

- ბატონო მერაბ, თქვენი პოზიცია როგორია გიორგი პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით?


-მე პროკურატურაში ვარ დაბარებული ისევე, როგორც სხვა მოსამართლეები. რას შემეკითხებიან, არ ვიცი, მაგრამ არავითარი ინფორმაცია არ მაქვს, რომელიც ჩემზე ან სხვებზე ზეწოლას დაადასტურებდა.

- ორი მოსამართლე დაკითხა პროკურატურამ, რომლებმაც ასევე განაცხადეს, რომ ზეწოლა მათზე არ მომხდარა. თქვენ არ იცით, რა ზეწოლაზე საუბრობს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე?

- არ ვიცი. მე ვიცი, რომ ჩემზე ზეწოლა არ განხორციელებულა, არც ფსიქოლოგიური, არც _ ფიზიკური. ვერც სხვა მოსამართლეებისგან მოვისმინე რაიმე ინფორმაცია მათზე ზეწოლის თაობაზე. შეიძლება ჩემთან არ თქვეს, მაგრამ თუ რაიმე აქვთ სათქმელი, პროკურატურას უნდა უთხრან.

- თქვენი აზრით, შესაძლებელია რომელიმე მოსამართლეზე რაიმე ზეწოლა იყოს განხორციელებული?

- იქიდან გამომდინარე, რომ მე არ ვიცი, პაპუაშვილს რა ინფორმაცია აქვს, ჩემთვის ძნელია იმის თქმა, რამდენად რეალურია ან არ არის რეალური მისი განცხადება. ალბათ პროკურატურას მისცემს ინფორმაციას.

- ბატონო მერაბ, რომელ პროკურატურაში ხართ დაბარებული?


- მე მთავარ პროკურატურაში ვარ დაბარებული. ზოგიერთი მოსამართლე აჭარის პროკურატურაშიც მიდის.

- ბათუმის პროკურატურასაც აქვს უფლება, დაკითხოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე?


- თუ კონკრეტული მოსამართლე ბათუმშია და თბილისში ვერ ჩამოდის, ასეთ შემთხვევაში შეიძლება ჩვენება ბათუმშიც ჩამოართვან.

- გიორგი პაპუაშვილმა ბათუმის პროკურატურაში გამოკითხვაზე უარი რომ თქვა?

- უარი, ალბათ, იმიტომ თქვა, სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ვარ და საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უნდა დამკითხოსო. არავითარი განსხვავება არ არის, სად დაგკითხავენ, აჭარის პროკურატურაში თუ საქართველოს მთავარ პროკურატურაში. თუ რაიმე ინფორმაციის მატარებელი ხარ, შეგიძლია მისცე ჩვენება. თუ გამოძიება მიმდინარეობს თბილისში, დოკუმენტებს გადმოაგზავნიან. ბათუმში მიცემული ჩვენება 5 წუთში შეიძლება თბილისში ჰქონდეთ.

- ბატონი პაპუაშვილი არ მიდის პროკურატურაში. ეს რას შეიძლება ნიშნავდეს?


- მან თქვა, ჯერ პრემიერს შევხვდები და მთავარ პროკურატურაში მერე მივალო. ალბათ, ასე გააკეთებს, ჯერ შეხვდება პრემიერს, ხოლო შემდეგ მივა პროკურატურაში. ნებისმიერმა მოსამართლემ, თუ რაიმე ინფორმაცია აქვს, უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან, ინფორმაცია არ უნდა დამალოს.

- თუ გიორგი პაპუაშვილი პრემიერთან შეხვედრის შემდეგაც არ მივა პროკურატურაში, მაშინ რა შეიძლება ითქვას?

- არაფერი. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და მოსამართლეებს იცავს იმუნიტეტი, გარკვეული ხელშეუხებლობის ხარისხი არის, მაგრამ პაპუაშვილის ინტერესებშია, თუ რაიმე გამოსარკვევია, მისცეს ინფორმაცია და საგამოძიებო ორგანომ გამოარკვიოს. პაპუაშვილი რატომ არ უნდა მივიდეს პროკურატურაში? ვფიქრობ, გიორგი პაპუაშვილი უნდა მივიდეს საგამოძიებო ორგანოში. ალბათ, პრემიერთან შეხვედრის შემდეგ მივა.

- პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები არ არიან ამ პროცესში ჩართული. შეიძლება გარკვეულ სახელმწიფო სტრუქტურებში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ახდენდნენ ზეწოლებს და დაინტერესებული იყვნენ მსგავსი ფაქტების განხორციელებით?

- წარმოდგენა არ მაქვს, ვინაიდან არაფერი ვიცი იმის შესახებ, არსებობს თუ არა ზეწოლის ფაქტი, ან თუ არსებობს, რა ფაქტია. ჩემთვის შეუძლებელია იმის თქმა, სახელმწიფო სტრუქტურებში სად რა ხდება. ჯერ ფაქტი უნდა დადგინდეს და მერე შეიძლება სტრუქტურებზე ვისაუბროთ. თუ ფაქტი არ არსებობს, მაშინ სტრუქტურებზე საუბარი ზედმეტია.


ბეჭდვა