ინტერვიუ ლინკოლნ მიტჩელთან: უკრაინა მსოფლიოში ერთადერთი და ბოლო ქვეყანაა, სადაც სააკაშვილის პროპაგანდის ჯერ კიდევ სჯერათ
ინტერვიუ ლინკოლნ მიტჩელთან: უკრაინა მსოფლიოში ერთადერთი და ბოლო ქვეყანაა, სადაც სააკაშვილის პროპაგანდის ჯერ კიდევ სჯერათ
12:45 21.07.2016
უკრაინულმა გამოცემა „ობოზრევატელი“ („მიმომხილველი“) აქვეყნებს კიევში, „უკრაინის მომავლის ინსტიტუტში“ ამერიკელი პოლიტტექნოლოგის ლინკოლნ მიტჩელის შეხვედრის ამსახველ მასალას, რომელიც ინტერვიუს სახითაა გადმოცემული. იგი თავის თვალსაზრისს გამოხარტავს აშშ-ში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიაზე, პრეზიდენტობის კანდიდატებზე და ა.შ. ლინკოლნ მიტჩელი საქართველოს მოვლენებსაც ეხება, საუბრობს საპარლამენტო არჩევნების ირგვლივ და ამბობს, რომ ძალიან ბევრი უკრაინელი საქართველოში მიმდინარე პროცესებს დამახინჯებულად აღიქვამს, არასწორ ინტერპრეტირებას ახდენს.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- რას უნდა ველოდოთ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა ჩატრდეს?

- მე ახლახანს დავბრუნდი ბათუმიდან, სადაც კონფერენციაში ვმონაწილეობდი და აი, რა შევნიშნე: ქართველები საკუთარ არჩევნებზე უფრო მეტად აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებით არიან დაინტერესებულნი და ეს გასაგებიცაა - მათ ამერიკული დემოკრატიის პერსპექტივა აინტერესებთ(...). საქართველოში არჩევნებამდე სამი თვით ადრე საერთო კლიმატი უფრო მშვიდია, ვიდრე ოთხი წლის წინათ. [როგორც ცნობილია], წინა საარჩევნო კამპანიების დროს ძალადობის პრეცედენტები იყო. ამის გათვალისწინებით, ყოველთვის არის იმის საფრთხე, რომ მთავრობა [მის ხელთ არსებული] მნიშვნელოვანი რესურსებით ისარგებლებს, საარჩევნო პროცესს გავლენის მოსახდენად. მე არ ვამბობ, რომ ეს ახლა ხდება, თუმცა საფრთხე ყოველთვის რჩება. ვფიქრობ, საქართველოში დღეს ისეთი საარჩევნო ატმოსფერო არ არის, როგორიც ამჟამად აშშ-შია. საქართველოში არ არიან ამა თუ იმ პარტიის მტკიცე მხარდამჭერები, თავიანთ პოზიციაში დარწმუნებულები, თაყვანისმცემლები, რომლებიც ამბობენ - „ამ არჩევნებზე ქვეყნის მომავალია დამოკიდებულიო“, ანუ ისეთი სიტუაციაა არაა, როგორც, ვთქვათ, 2012 წელს იყო. საქართველოში არჩევნები ჯერ კიდევ პიროვნებების, პარტიების ირგვლივ კონცენტრირდება და არა მისიებისა და იდეოლოგიების ირგვლივ.

დღეს ბევრი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგი მოწმობს, რომ პარტია „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, პრაქტიკულად, თითქმის ერთნაირ დონეზე იმყოფებიან, მაგრამ ამერიკული არჩევნებისაგან განსხვავებით, ქართველების რაოდენობა, რომლებიც მხარს სამ ძირითად პარტიას უჭერენ, მხოლოდ 30-40% თუ იქნება. დანარჩენები ან სხვა უფრო წვრილ პარტიებს ემხრობიან, ან ჯერაც ვერ გაურკვევიათ, ვის მისცენ ხმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში შეიძლება ნამდვილად მრავალპარტიული სისტემა მივიღოთ. „ქართული ოცნებაც“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“ პროდასავლური პარტიები არიან, დანარჩენები კი უფრო სოციალურად კონსერვატიულები. სავარაუდოდ, „ქართული ოცნება“ თავის პოზიციებს განიმტკიცებს და კომპაქტურ უმრავლესობას ჩამოაყალიბებს. მეორე ვარიანტით - პირველად საქართველოს ისტორიაში, მთავრობა კოალიციური შეიძლება იყოს.

- რა არის იმის მიზეზეი, რომ უკრაინაში საქართველოში მიმდინარე მოვლენები არასწორად აღიქმება? უკრაინელთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ საქართველოში ბოლო ხანს მომხდარი სამთავრობო ცვლილებების შემდეგ ეს ქვეყანა უფრო პრორუსული გახდაო... თქვენ არაერთხელ დაგიწერიათ, რომ ეს ასე არ არის...

- ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ ქვეყნის პროდასავლური მოძრაობა დააჩქარა. ფაქტიურად, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს უფრო მეტი მანძილი აქვს გავლილი, ვიდრე უკრაინას. თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველოში მიმდინარე პროცესებს უკრაინაში ხშირად მართლაც არასწორად აღიქვამენ. რატომ? იმიტომ, რომ უკრაინა მსოფლიოში ერთადერთი და ბოლო ქვეყანაა, სადაც მიხეილ სააკაშვილის პროპაგანდისა ჯერ კიდევ სჯერათ. მე ეს საკითხი ძალიან მაშფოთებს, რადგან მიმაჩნია, რომ კიევი ძალიან ბევრ მოიგებდა უკრაინა-საქართველოს თანამშრომლობით.

http://obozrevatel.com/abroad/61805-amerikanskij-polittehnolog-linkoln-mitchell-hillari-klinton-budet-antiputinskim-yastrebom.htm


ბეჭდვა