ირაკლი ყურაშვილი: ბოლო ერთ წელიწადში საქართველოსა და შვეიცარიას შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა
ირაკლი ყურაშვილი: ბოლო ერთ წელიწადში საქართველოსა და შვეიცარიას შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა
12:18 07.07.2016
გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შვეიცარიის კონფედერაციაში, ირაკლი ყურაშვილთან:

-ჩვენ გვქონდა საშუალება ზუსტად ერთი წლის წინ თქვენთან გვესაუბრა. ამ პერიოდში, თქვენის აზრით, რომელი მოვლენა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ქართულ-შვეიცარიულ ურთიერთობებში?

-პირველ რიგში, დიდ მადლობას მოგახსენებთ ქართულ-შვეიცარიული თანამშრომლობის პროცესისადმი გამოჩენილი ინტერესისათვის. შემიძლია გითხრათ, რომ ამ 12 თვის მანძილზე საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა.

ჩვენს ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შევაფასებდი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალურ ვიზიტს, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ, 27-28 ივნისს განხორციელდა. პრემიერ-მინისტრი ბერნს შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის, იოჰან შნაიდერ-ამანის მოწვევით ეწვია.

რაც შეეხება ვიზიტის თარიღს, 27 ივნისი შემთხვევით არ შეირჩა: ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან ზუსტად 2 წლის შემდეგ, ბერნში ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ამრიგად, საქართველოსათვის ევროკავშირის ბაზრის გარდა, გაიხსნება შვეიცარიის, ლიხტენშტაინის, ნორვეგიისა და ისლანდიის ბაზრები.

იმ ფონზე, როდესაც საქართველოსა და შვეიცარიას შორის უკვე გაფორმებულია როგორც ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების, ისე ინვესტიციების დაცვისა და წახალისების შეთანხმებები, ახლა კი ამას დაემატა EFTA-თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხება, ვფიქრობ, რომ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა ყველა მიმართულებით განმტკიცდება. პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას გამართულ შეხვედრებზე არაერთხელ გაესვა ხაზი, რომ ამ სამი შეთანხმების არსებობა უკვე წარმოადგენს შვეიცარიული ინვესტიციების განხორციელებისათვის მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს.

EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხება, პირველ რიგში, საქართველოში არსებულ საწარმოებს საშუალებას მისცემს, წარმოებული პროდუქტი სატარიფო და არასატარიფო ბარიერების გარეშე, დამატებით 14-მილიონიან, მაღალმსყიდველუნარიან ბაზარზე შეიტანონ. შეთანხმება საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობას, სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზომებს, ვაჭრობის ხელშეწყობასა და საბაჟო საკითხებში თანამშრომლობას, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვას, სახელმწიფო შესყიდვებს, კონკურენციას, ვაჭრობაში დაცვით ზომებსა და მდგრად განვითარებას მოიცავს.

ბერნში პრემიერ-მინისტრმა ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა შვეიცარიის პრეზიდენტთან, შვეიცარიის ფედერალური პარლამენტის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარესთან, ჩატარდა შვეიცარია-საქართველოს ბიზნეს-მიღება. ამ, ჩემი აზრით, ძალიან წარმატებული ვიზიტის ფარგლებში, განსაკუთრებით აღსანიშნავია პრემიერ-მინისტრისა და თანმხლები დელეგაციის თემატური შეხვედრა შვეიცარიის ეკონომიკის სამინისტროს ექსპერტებთან, სადაც განხილულ იქნა საქართველოს მთავრობის თუშეთის განვითარების სტრატეგიულ გეგმაში შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობის შესაძლებლობები და ზოგადად, საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარების პროცესში ძალზე მდიდარი შვეიცარიული გამოცდილების გაზიარება.

- პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვიზიტს თქვენ აფასებთ როგორც ქართულ-შვეიცარიული ურთიერთობების პროცესის ერთ-ერთ მთავარ მოვლენას ბოლო წლის მანძილზე. მაგრამ რას გვეტყოდით, ზოგადად როგორი იყო ორმხრივი ვიზიტების დინამიკა? გრძელდება თანამშრომლობა ორი ქვეყნის რეგიონებს შორის?

-ამ ბოლო ერთი წლის მანძილზე არაერთი სხვადასხვა ხასითის ვიზიტი შედგა. მე მათგან რამდენიმეს გამოვყოფდი:

2016 წლის მარტში საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ქ. ჟენევაში შეხვდა თავის შვეიცარიელ კოლეგას, დიდიე ბურკჰალტერს. ორმხრივი ურთიერთობების, რუსეთთან შვეიცარიის მედიატორულ როლთან დაკავშირებული საკითხების გარდა, სწორედ ამ შეხვედრაზე ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა განაცხადეს EFTA-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შესახებ;

2015 წლის დეკემბერში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ეწვია ბერნს, მან შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის სახელმწიფო მდივანთან ივ როსიესთან, რომელიც შვეიცარიის საგარეო უწყების იერარქიაში მეორე პირს წარმოადგენს.

საელჩოს, შვეიცარიის კონფედერაციის სპეციფიკიდან გამომდინარე, მდგრადი ეკონომიკური კავშირების დამყარების საუკეთესო შესაძლებლობად საქართველოს რეგიონებსა და შვეიცარიის კანტონებს შორის ურთიერთობების დამყარება მიაჩნია. მაქსიმალურად ვითვალისწინებთ იმ რეალობას, რომ შვეიცარია ევროპასა და მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დეცენტრალიზებული სახელმწიფოა. ეკონომიკის, კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და სხვა სფეროებში კონკრეტული გადაწვეტილებების მიმღები არა ფედერალური მთავრობა, არამედ კანტონებია (შვეიცარიის კონფედერაცია 26 კანტონს აერთიანებს). აქედან გამომდინარე, საელჩოს ორგანიზებით, ბოლო 12 თვეში გაიმართა შემდეგი ვიზიტები რეგიონებიდან: ტურგაუს კანტონს ეწვია შიდა ქართლის რეგიონის ოფიციალური დელეგაცია, ქ. თელავის მერი ეწვია ქ. ლოზანას. განსაკუთრებით მინდა გამოვყო იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის სამუშაო ვიზიტი ფრიბურგის კანტონში. ამ ვიზიტისას იმერეთის დელეგაცია გაეცნო სოფლის მეურნებობის დარგში ფრიბურგის კანტონის მიღწევებსა და დიდ გამოცდილებას. დელეგაცია ასევე გაეცნო ფრიბურგის კანტონის სატყეო, სანადირო და მეთევზეთა სამსახურის მუშაობას. დელეგაცია ეწვია ფრიბურგის უნივერსიტეტს, რომელიც მთელ შვეიცარიაში ერთ-ერთი წამყვანი სასწავლო დაწესებულება და ერთადერთი ორენოვანი უნივერსიტეტია (ფრანგულ-გერმანული). ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა შესთავაზა თანამშრომლობის პროცესის დაწყება ორ უნივერსიტეტს შორის. ფრიბურგის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ დიდი ინტერესით მიიღო შეთავაზება და გამოხატა ფრიბურგის უნივერსიტეტის მზადყოფნა კონკრეტული თანამშრომლობის დასაწყებად. ამ ვიზიტისას ასევე წამოწყებულ იქნა ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის პარტნიორული ურთიერთობები ბერნის გიმნაზია Muristalden-თან.
საქართველოდან რეგიონების დელეგაციების ჩამოსვლის პარალელურად, საელჩოს ორგანიზებით და ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარის ჯემალ შავერდაშვილის მოწვევით, კახეთს ეწვია შაფჰაუზენის კანტონის დელეგაცია. შვეიცარიის მხარემ საქართველოს მხარეს გაუზიარა გამოცდილება, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის მიმართულებით.

- როგორ ვითარდება საპარლამენტო თანამშრომლობა?

-როგორც ერთი წლის წინ თქვენთვის მიცემულ ინტერვიუში აღვნიშნე, საელჩოს ძალისხმევით, 3 წლის წინ საქმიანობას შეუდგა შვეიცარიის პარლამენტში დაფუძნებული საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი, რომელსაც სათავეში უდგას ფედერალური პარლამენტის ზედა პალატის ყოფილი თავმჯდომარე, ძალზე გავლენიანი პოლიტიკოსი, ქრისტიანულ-დემოკრატიული ფრაქციის ხელმძღვანელი ფილიპო ლომბარდი.
რამდენიმე კვირის წინ განახლდა ჯგუფის შემადგენლობა და სასიამოვნო სიახლეა, რომ მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე გახდა ფედერალური პარლამენტის მოქმედი პირველი პირი, ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე კრისტა მარკვალდერი. მიმდინარე წლის 5-6 სექტემბერს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე, თავისი ქართველი კოლეგის დავით უსუფაშვილის მოწვევით, ოფიციალური ვიზიტით ეწვევა საქართველოს. აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებში მიმდინარე პროცესების განსახილველად და ახალი გეგმების შესამუშავებლად. შვეიცარიის ფედერალური პარლამენტის პირველი პირის ვიზიტი შვეიცარიის ხელისუფლების მხრიდან საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმებისადმი კიდევ ერთ მხარდაჭერად უნდა აღვიქვათ.

გასული წლის ნოემბერში საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა შვეიცარიელი პარლამენტარი კატი რიკლინი. მიმდინარე წლის აპრილში კი შვეიცარიის პარლამენტში მეგობრობის ჯგუფის მოწვევით, შვეიცარიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა შვეიცარიასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი ეკა ბესელია.

- როგორც ჩვენთვის ცნობილია, ექსპორტის გაზრდა და მისი დივერსიფიცირება საქართველოს მთავრობისა და ეკონომიკური დიპლომატიის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით რა ნაბიჯებს დგამს თქვენი საელჩო?


საქართველოს რეგიონებსა და შვეიცარიის კანტონებს შორის ჩვენს მიერ ინიცირებული ურთიერთობების ძირითად მიზანს სწორედ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება წარმოადგენს. შაფჰაუზენის კანტონის კახეთის რეგიონში განხორციელებული ვიზიტის დროს შვეიცარიელი სტუმრები გაეცნენ კახეთში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებს.

ასევე, შიდა ქართლის დელეგაციის ტურგაუს კანტონში ვიზიტის დროს, ქართულმა მხარემ შვეიცარიელი მასპინძლები შიდა ქართლში მიიწვია. საელჩო მუშაობს ამ ვიზიტის განხორციელებაზე და თუკი იგი შედგა, ტურგაუს კანტონის დელეგაციას ექნება საშუალება, ადგილზე ნახოს და შეისწავლოს ვაშლისა და სხვა ხილის წარმოება-გადამუშავების სფეროში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობა. ტურგაუს კანტონი შვეიცარიაში მთავარი ხილის მწარმოებელი რეგიონია და შესაბამისად, ძალიან წააგავს შიდა ქართლის რეგიონს.

შვეიცარიულ ბაზარზე ადგილობრივი ღვინით მხოლოდ მოთხოვნილების 60% იფარება. დანარჩენი 40%-ის იმპორტი ხორციელდება მსოფლიოს სხვადასხვა ღვინის მწარმოებელი ქვეყნიდან. მიგვაჩნია, რომ ეს მიმართულება ძალიან პერსპექტიულია და საელჩო ძალიან ინტენსიურად მუშაობს აღნიშნული მიმართულებით.

2015 წლის ბოლოს, საელჩოს ორგანიზებით, კომპანია DIVO-მ ქართული ღვინის ე.წ. ბრმა დეგუსტაცია გამართა. წარმოდგენილი იყო რამდენიმე ქართული მწარმოებლის 30 დასახელების ღვინო, რომელთაგან ბევრმა დიდი მოწონება დაიმსახურა. შესაბამისად, სავარაუდოდ მიმდინარე წლის სექტემბრის პირველ ნახევარში საქართველოში ჩამოვა კომპანია DIVO-ს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან როგორც მევენახეები, ასევე სომელიეები და ჟურნალისტები. კომპანია DIVO ფიქრობს შვეიცარიაში ქართული ღვინის იმპორტის დაწყებას და ასევე, აპირებს ქართული ღვინის დეგუსტაციების მოწყობას მისი კლიენტებისთვის შვეიცარიის 10 ქალაქში.

ასევე საელჩოს ორგანიზებით, საქართველოში უკვე იმყოფებოდა კომპანია DIVINO-სა და VOLG Weinkellereien-ის დელეგაცია, რომელიც როგორც ღვინის იმპორტზე, ასევე ღვინის ტურიზმზეა ორიენტირებული. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ვიზიტის შემდეგ, უკვე 2017 წლიდან საქართველოში დაიწყება აღნიშნული კომპანიის მხრიდან ღვინისა და კულტურის ტურების განხორციელება.

ყოველდღიურად იზრდება ინტერესი საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის მიმართ. ამას საელჩო გრძნობს მრავალი ინდიკატორით და დარწმუნებული ვარ, აღნიშნული ფაქტი აუცილებლად აისახება საქართველოში შვეიცარიელი ტურისტების რიცხვზე.

შვეიცარიის კონფედერაცია, მოგეხსენებათ, შოკოლადის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მწარმოებელია. შესაბამისად, შესაძლებელია შოკოლადის დამზადებისთვის აუცილებელი ერთ-ერთი კომპონენტის, თხილის პირდაპირი ექსპორტის გაზრდა საქართველოდან. საელჩო ინტენსიურად მუშაობს ამ მიმართულებით და იმედი გვაქვს, რომ უკვე მომავალი წლისთვის უკეთესი მაჩვენებლები გვექნება.
როგორც უკვე აღვნიშნე, 28 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის შვეიცარიის კონფედერაციაში ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა შვეიცარიელ ბიზნესმენებთან, რომელზეც ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა პოტენციურ ინვესტორებს გააცნო საქართველოს საინვესტიციო გარემო და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიელი ბიზნესმენების მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი ნამდვილად საგრძნობლად გაიზარდა, რასაც ხელს უწყობს უკვე განხორციელებული წარმატებული ინვესტიციების მაგალითები, ისეთების, როგორიცაა „ბლაუენშტაინ ჯორჯია“, „წყალი მარგებელი“ და ა.შ.

-თქვენი საელჩო ასევე აკრედიტებულია ლიხტენშტაინის სამთავროში, რას გვეტყვით ევროპის ამ პატარა და ძალიან მდიდარ ქვეყანასთან ურთიერთობების შესახებ?

-ძალიან მოხარული ვარ, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ, 22 ივნისს, ლიხტენშტაინს ოფიციალური ვიზიტით ეწვია საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, რომელიც შეხვდა თავის კოლეგას აურელია ფრიკს და სამთავროს მმართველ პრინცს ალოისს. ეს ვიზიტი გაზვიადების გარეშე ისტორიულია, რადგანაც წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის არსებული 24-წლიანი ურთიერთობების ისტორიაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის და ზოგადად, საქართველოს ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლის პირველ ვიზიტს ლიხტენშტაინის სამთავროში. პოლიტიკურ დონეზე საქართველოსა და ლიხტენშტაინს შორის ნამდვილად ძალიან კარგი ურთიერთობებია ჩამოყალიბებული. ლიხტენშტაინი უკვე რამდენიმე წელია სისტემატურად მხარს უჭერს გაეროს რეზოლუციას საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან - აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ. მაგრამ ეკონომიკის, განათლებისა და კულტურის სფეროებში არსებობს დიდი გამოუყენებელი პოტენციალი. ვადუცში მინისტრის ვიზიტისას მხარეებმა განიხილეს ეკონომიკისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. შარშან გაფორმდა ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმება, ამას ემატება 27 ივნისს EFTA-თან ხელმოწერილი შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ეს ნამდვილად კარგ ფონს ქმნის მომავალში ეკონომიკური თანამშრომლობის გასაღრმავებლად.


ესაუბრა მარიამ ჩუბინიძე



ბეჭდვა