ინტერვიუ უკრაინელ დეპუტატ ვიქტორ ჩუმაკთან: ახალ პარტიაში სააკაშვილის როლსა და პოზიციაზე საუბარი ჯერ ნაადრევია
 ინტერვიუ უკრაინელ დეპუტატ ვიქტორ ჩუმაკთან: ახალ პარტიაში სააკაშვილის როლსა და პოზიციაზე საუბარი ჯერ ნაადრევია
12:15 05.07.2016
პოპულარულ უკრაინულ გამოცემა «РБК-Україна»-სთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში, უკრაინის სახალხო დეპუტატი ვიქტორ ჩუმაკი ჟურნალისტ ტატიანა ნიკოლაენკოსთან სხვადასხვა საკითხებზე საუბრობს, მათ შორის ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის გარემოცვის მიერ პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებისა და ამ საქმეში თავისი მონაწილეობის შესახებაც.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- როცა მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ქალაქებში ანტიკორუფციულ ფორუმებს ატარებდა, უკვე ისმოდა ხმები პარტიის შექმნის დაწყების თაობაზე და რომ ამ პროცესში თქვენც იყავით ჩართული. ასე იყო სინამდვილეში?

- არა, მიხეილ სააკაშვილი თავისი გზით მიდიოდა, მე კი ჩემი გზით.

- მაგრამ დავით საყვარელიძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის კაცად ითვლება, ხომ თქვენს გუნდშია?


- დიახ, რადგანაც ჩვენი აზრები ერთმანეთს დაემთხვა - პარტიის ჩამოყალიბება ნულიდან უნდა დავიწყოთ-თქო.

- იმ პუნქტშიც კი, რომ პარტიის საპატიო ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი იქნება?

- არა, ამაზე ჯერ-ჯერობით ლაპარაკი არ გვაქვს, თუმცა რაღაც მინიშნებები იყო.

- მინიშნებები ვისგან?

- ეს მხოლოდ [წინასწარი] საუბრები იყო, რადგანაც ჯერ სერიოზული ლაპარაკი ამ საკითხზე ნაადრევია: მიხეილ სააკაშვილი ხომ სახელმწიფო მოსამსახურეა. აი, როცა იგი თავისუფალი ადამიანი გახდება, როცა უკრაინის პოლიტიკაში ჩაერთვება და თავისი ადგილის ძებნას დაიწყებს, მაშინ ჩვენ მას რაღაცას შევთავაზებთ, ამჟამად კი, ვიმეორებ, ამაზე ლაპარაკი ნაადრევია.

- დიახ, რასაკვირველია, სანამ ჩვენ არ გავიგებთ, თუ როგორ დასრულდება საქართველოს საპრლამენტო არჩევნები, მანამ ვერ ვიტყვით, იქნება თუ არა მიხეილ სააკაშვილი აქტიური მოთამაშე უკრაინის პოლიტიკაში... მაგრამ მაინც დაგისვამთ კითხვას - განიხილეთ მასთან ერთად პარტიის ჩამოყალიბების საკითხი? მან თავისი ხედვა გაგაცნოთ? დათანხმდა პარტიის წევრობას?

- რა თქმა უნდა, იგი ჩვენი გუნდის ნაწილია, როგორც დავით საყვარელიძე, ან იულია მარუშევსკაია, რომელიც, ალბათ, დადგება დრო და ჩვენ შემოგვიერთდება. დიახ, ჩვენ პარტიის საკითხზე ვისაუბრეთ. მიხეილ სააკაშვილმა აღიარა, რომ იგი ჯერ-ჯერობით პროცესში აქტიურ მონაწილეობას ვერ მიიღებს და ვერც აგიტაციას ვერ დაიწყებს - მანამ, სანამ იგი სახელმწიფო სამსახურში იმყოფება.

- თქვენ მასთან ხშირად საუბრობთ? როგორ რეჟიმში?


- ყოველთვის შემიძლია დარეკვა. ისიც ყურმილს ყოველთვის იღებს და მისმენს.

- მან უკვე გადაწყვიტა, რომ საქართველოში ბრუნდება? თუ აქ რჩება?


- აქ რჩება. ყოველ შემთხვევაში, იგი ასე ლაპარაკობს.

- მომავალი პარტიის შესახებ დისკუსიის ჩარჩოებში თქვენ მომხრე ხართ, რომ მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილის მსგავსი პიროვნება იყოს? პარტიისა, რომელიც ლიდერული იქნება და არა იდეოლოგიური...

- იცით, პოლიტიკა კონკურენტული საქმეა... მე მიმაჩნია, რომ პოლიტიკა ქარიზმატული ლიდერების გარეშე არ არსებობს. შეხედეთ, სადამდე მიიყვანა ევროპა ლიდერების არარსებობამ - მიიყვანა „ბრექსიტ“-ამდე, კოლექტიური პუტინის გამოვლენამდე... ყველა ეს პრობლემა ლიდერების ვაკუუმმა წარმოქმნა. უკრაინაშიც ლიდერების არარსებობამ ის გამოიწვია, რომ ჩვენ დღეს ოლიგარქულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ.

- თქვენ შეგიძლიათ იმის გარანტია [მისცეთ უკრაინელებს], რომ მიხეილ სააკაშვილი ერთხელაც არ წაიფორხილებს?

- და ვინ გითხრათ, რომ კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილზეა საუბარი? მას მართლაც შეუძლია ასეთ დრაივერად იყოს, მორალურ ავტორიტეტად, რომელიც თავის ირგვლივ ხალხს შემოიკრებს. აი, შემდეგ კი ამ ხალხიდან იქნება კრისტალიზებული ის ლიდერი, როგორიც უკრაინას ჭირდება. მიხეილ სააკაშვილი, უბრალოდ, ისეთი მაღალი კლასის კომუნიკატორია, რომელიც ფონს და ტონს ქმნის. ეს ლიდერობის ნიშანია.


https://www.rbc.ua/rus/interview/viktor-chumak-saakashvili-nuzhen-drayver-1467606167.html


ბეჭდვა