ინტერვიუ ლეონიდ თბილოვთან: სამხრეთ ოსეთმა რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარება გადადო
ინტერვიუ ლეონიდ თბილოვთან: სამხრეთ ოსეთმა რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარება გადადო
12:34 04.07.2016
რუსულ გაზეთ „იზვესტიის“ დღევანდელ ნომერში დაბეჭდილია ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ დე -ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის ვრცელი ინტერვიუ, რომელშიც იგი კორესპონდენტს მადინა შავლოხოვას მოსკოვში ვიზიტისა და იქ გამართული შეხვედრების შესახებ ესაუბრება.

„პრეზიდენტი“ ინტერვიუში ლაპარაკობს აგრეთვე „საქართველოსთან ურთიერთობის“ საკითხზე, რეფერენდუმის გამართვის ალბათობაზე, ლენინგორის (ახალგორის) რაიონში არსებულ სიტუაციაზე და სხვა საკითხებზე.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

„ჩემი ვიზიტი მოსკოვში მოულოდნელი არ გახლავთ, მას რამდენიმე თვის განმავლობაში ვამზადებდით. შევხვდი უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორს ალექსანდრე ბორტნიკოვს. ჩვენი საუბარი უმეტესად ეხებოდა შარშან მარტში მოსკოვში ხელმოწერილი მოკავშირეობის შეთანხმების იმ ნაწილის შესრულებას, რომელიც ჩვენი რესპუბლიკის უსაფრთხოებისა და სახელმწიფო საზღვრების დაცვას უზრუნველყოფს. დღეს ამ საკითხში რუსეთის ფედერაციისა და სამხრეთ ოსეთის შესაბამისი უწყებების ურთიერთდამოკიდებულება საკმაოდ მაღლა დონეზეა: ჩვენი ქვეყნების მესაზღვრეები ერთად იცავენ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარს საქართველოსთან. ამ სფეროში არსებული სიტუაცია ჩვენ სრულებით გვაკმაყოფილებს: საზღვარი დღეს მთლიანად დახურულია და უახლოეს ხანში ტექნიკური აღჭურვილობის გეგმის რეალიზებაც დაიწყება“, - ამბობს ინტერვიუში ლეონიდ თიბილოვი, - „შევხვდი და ვესაუბრე ჩვენი ქვეყნების სამთავრობოთაშორისო კომისიის რუსული მხარის წარმომადგენელს ალექსანდრე ხლოპონინს და რუსეთის ჩრდ.კავკასიის საქმეთა მინისტრს ლევ კუზნეცოვს, განვიხილეთ ეკონიმკური საკითხები, კერძოდ, კრედიტების გამოყოფა სამხრეთ ოსეთის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის, დამატებითი სარეზერვო ელექტროგადამცემი ხაზის დამონტაჟება როკის გვირაბის გავლით, რომელიც ზამთარში ჩვენს რესპუბლიკას ელექტრონერგიით სტაბილური მომარაგებით უზრუნველყოფს“.

კორესპონდენტის შეკითხვაზე, განიხილეთ თუ არა მოსკოვში შეხვედრების დროს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზების საკითხიო, ლეონიდ თიბილოვი პასუხობს:

„ამ საკითხზე არ გვისაუბრია. საქართველო ამჟამად არაფერს არ აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენ მასთან რაიმე ურთიერთობა დავგეგმოთ. დღეს ამ სახელმწიფოსთან ჩვენ არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს, გარდა ჟენევის დისკუსიებისა. თუმცა ჟენევის მოლაპარაკებაზეც კი საქართველო ჩვენს მიერ (სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის, რუსეთის მონაწილეობით - „იზვესტია“) დასმული საკითხების განხილვას თავს არიდებს, უარს აცხადებს დისკუსიაზე იმ შეთანხმების ხელმოწერის აუცილებლობის შესახებ, რომელიც საქართველოს დაავალდებულებს არ გამოიყენოს ძალა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ.

- ამჟამად საქართველოს სამხედრო გზა დახურულია. რატომ არ შეიძლება საავტომობილო ნაკადის გაშვება სომხეთისაკენ, ტრანსკავკასიური ავტომაგისტრალით, სამხრეთ ოსეთის გავლით?

- ჩვენთვის ასეთი თხოვნით არავის არ მოუმართავს. საქმე ეხება ჩვენს ურთიერთობას საქართველოსთან, რის შესახებაც უკვე ვილაპარაკე.

- როგორი სიტუაციაა ლენინგორის რაიონში?


- ლენინგორის რაიონში არცთუისე სახარბიელო ვითარებაა. მისი განსაკუთრებულობა იმაში გამოიხატება, რომ ეს რაიონი 2008 წლამდე საქართველოს მიერ იყო ოკუპირებული და, შესაბამისად, თბილისის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებოდა. ლენინგორის რაიონში ბევრია სეწრეული ოჯახები, ზოგიერთების შვილები თბილისში სწავლობენ, ზოგიერთს მშობლებიც იქ ჰყავს. ეს კავშირები დღემდე მოქმედებს. ლენინგორის რაიონს 2008 წლის ომი უშუალოდ არ შეხებია, მაგრამ იმ 15 წლის განმავლობაში, როცა ის საქართველოს მიერ იყო ოკუპირებული, ფაქტიურად იქ არაფერი გაკეთებულა: არავინ არ არემონტებდა გზებს, არ შენდებოდა საბავშვო ბაღები და სკოლები, ხოლო ის, რაც არსებობდა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. ასეთი სურათი დაგვხვდა, როცა რაიონი რესპუბლიკის შემადგენლობაში დაბრუნდა. დღეს ჩვენი მთავრობა ლენინგორის მოსახლეობის პრობლემებს აგვარებს. ჩვენი ამოცანაა ადამიანებს გავაგებინოთ, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა აღიარებული დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ისინი იქ, ადრინდელთან შედარებით, უფრო უკეთესად იცხოვრებენ. რასაკვირველია, ბევრს სურს, რომ სასიკეთო გარდაქმნები სწრაფად განხორციელდეს, მაგრამ ასე მხოლოდ ზღაპრებში ხდება. ლენინგორის რაიონში ჩვენ მრავალ პროექტს ვახორციელებთ: პრაქტიკულად უკვე აგებულია კულტურის სახლი, შენდება საშუალო სკოლა... უკვე მოქმედებს საავტომობილო გზა, რომელიც საბჭოთა პერიოდშიც კი არ იყო... ეს გზა 2014-ში დავასრულეთ, რომელიც ცხინვალს და ლენინგორს ერთმანეთთან აკავშირებს. პრაქტიკულად ყველა სოფელი უზრუნველყოფილია საავტობუსო მიმოსვლით... რასაკვირველია, არის პრობლემები, რომელიც საზღვრის გადაკვეთას ეხება. ჰუმანური თვალსაზრისით, რაიონის მოსახლეობისათვის საშვის საკითხი მოგვარებულია - იმ მიზნით, რომ ლენინგორელებს საქართველოში მყოფ ნათესავებთან ურთიერთობა ჰქონდეთ. ის მცხოვრებლები, რომლებიც უარს იტყვიან ქართულ პასპორტზე, ჩვენი რესპუბლიკის პასპორტებს მიიღებენ. დროის განმავლობაში, ეს საკითხი მთლიანად გადაწყდება.

- სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების რეფერენდუმის თემა არამარტო რესპუბლიკაში, არამედ მოსკოვშიც იხილებოდა. ამჟამად ეს საკითხი თითქოსდა მიყუჩდა. რასთანაა ეს დაკავშირებული?

- პრეზიდენტთან არსებული პოლიტიკური საბჭოს რეკომენდაციით რეფერენდუმის ჩატარების თარიღი უფრო გვიან იქნა გადატანილი - 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

http://izvestia.ru/news/620426


ბეჭდვა