ინტერვიუ ჯონი მელიქიანთან: არც თბილისს მოსწონს, რომ ჩვენ რუსეთთან ვართ, მაგრამ მთავარია, რომ ერთმანეთის პოზიციას გაგებით ვეკიდებით
ინტერვიუ ჯონი მელიქიანთან: არც თბილისს მოსწონს, რომ ჩვენ რუსეთთან ვართ, მაგრამ მთავარია, რომ ერთმანეთის პოზიციას გაგებით ვეკიდებით
11:57 25.05.2016
სომხური გამოცემა «Голос Армении» აქვეყნებს ინტერვიუს სომხეთის სახელმწიფო მმართველობის აკადემიის რეგიონული კვლევების ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელთან, საქართველოს საკითხებში ექსპერტ ჯონი მელიქიათან.

მელიქიანი კორესპონდენტ ზარა გევორქიანს სომხურ-ქართული ურთიერთდამოკიდებულების შუქ-ჩრდილებზე ესაუბრება.

საინფორმაციო სააგენტიო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- როგორ შეაფასებდით ჩვენს ურთიერთობებს საქართველოსთან ამ ეტაპზე? კერძოდ, საქართველოს რეაქციას აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღის წინააღმდეგ მომხდარი ოთხდღიანი ომის ფონზე?


- 2008 წლის აგვისტოში მომხდარი რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის შემდეგ ქართველები ცოტა დამშვიდნენ, მაგრამ აპრილის დასაწყისში დაწყებულმა ყარაბაღის ამბებბმა თბილისი ისევ შეაშფოთა. აშკარად ჩანდა საქართველოს დაძაბული მდგომარეობა: ქართველებს არ სურდათ რეგიონში კონფლიქტის გამწვავება. დღეისათვის შეიძლება ითქვას, რომ საქართველო და ირანი ის რეგიონული ქვეყნები არიან, რომლებიც არანაირად არ არიან დაინტერესებული სამხრეთ კავკასიაში სამხედრო კონფლიქტის განვითარებით. საქართველო კარგად აცნობიერებს, რომ მის ტერიტორიაზე მრავალრიცხოვანი სომხური და აზერბაიჯანული დიასპორა ცხოვრობს (ჯავახეთსა და ქვემო ქართლში). ამ ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველო შიშობდა, რომ კონფლიქტი რაღაც ფორმით მის ტერიტორიაზეც გადავიდოდა, რაც მის ეროვნულ უსაფრთხოებას დაემუქრებოდა. აქედან გამომდინარე, საქართველომ ჩათვალა, რომ უკეთესი იქნებოდა, ასე ვთქვათ, „პოზიტიური ნეიტრალიტეტი“ დაეცვა: კონფლიქტის პირველივე დღეებში თბილისმა განცხადება გააკეთა, რომ მხარეები მოლაპარაკების მაგიდას დაბრუნებოდნენ, შემდეგ პრემიერ-მინისტრმა [გიორგი კვირიკაშვილმა] ორჯერ ჩაატარა თათბირი, რომლის დროსაც ყარაბაღის ირგვლივ განვითარებული პროცესები განიხილეს. ქართველ თავდაცვის მინისტრსაც ხშირი კონტაქტები ჰქონდა თავის სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან... გაკეთდა განცხადებები, რომ თუ პოლიტიკურად მიზანშეწონილი იქნებოდა, სამშვიდობო მოლაპარაკებები საქართველოს ტერიტორიაზე გამართულიყო. რასაკვირველია, ქართველები კარგად იცოდნენ, რომ მათი წინადადება არარეალური იყო და არ განხორციელდებოდა, მაგრამ თვით ასეთი შეთავაზება იმას მოწმობს, რომ საქართველოს რეგიონში მეზობლებს შორის ურთიერთობების გამწვავება უკიდურესად არ აწყობს.

- მაგრამ ამჟამად ხომ საქართველოში თურქეთ-აზერბაიჯანის ფაქტორი დომინირებს?

- გეთანხმებით, [თურქეთ-აზერბაიჯანის გავლენა] საკმაოდ ძლიერია, მაგრამ არცთუ ისე ერთმნიშვნელოვანი, რადგან არსებობს მისი შემკავებელი ფაქტორებიც, რომლებითაც თვითონ ქართველები სარგებლობენ. როცა ჩვენ ვსაუბრობთ აზერბაიჯანულ-თურქული ტანდემის გავლენაზე საქართველოში, ეს უპირველესად ეკონომიკის, ენერგეტიკის სფეროს ეხება. ჩვენ გვახსოვს, რომ თბილისი ენერგოუზრუნველყოფის დივერსიფიცირებას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ - აზერბაიჯანის ნავთობკომპანია „სოკარი“ ქართულ ბაზარზე კვლავ მონოპოლისტად რჩება. ამის მიუხედავად, აშკარაა, რომ ყველაფერს თავისი ლიმიტი აქვს და უსაზღვრო შესაძლებლობები არ არსებობს, მათ შორის თურქეთ-აზერბაიჯანისთვისაც. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, წინასაგან განსხვავებით, კარგად ვაჭრობს აზერბაიჯანთან და ამით ბაქოს აგრძნობინებს: რამდენადაც აზერბაიჯანული ენერგომატარებლები მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, იმდენადვე მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისათვის საქართველოს როლი კასპიის ნავთობ-გაზის ტრანზიტის საკითხში.

ყურადღება მივაქციოთ: ცნობილი იყო, რომ „სოკარს“ საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის დამატებითი რაოდენობის მისაწოდებლად რეზერვები არ ჰქონდა, მაგრამ მაინც სადღაც რაღაც გამონახა და კიდევ უფრო მეტი - ტარიფებიც დააკლო... მოკლედ, აზერბაიჯანელებმა ბევრი მსხვერპლი გაიღეს ქართულ ენერგო ბაზარზე მონოპოლიის შესანარჩუნებლად. როგორც არ უნდა აკრიტიკოს „ქართული ოცნება“ ოპოზიციამ, მე ამას მაინც საქართველოს მთავრობის დამსახურებად ვთვლი. აშკარად ჩანს, რომ დღევანდელი ქართული მთავრობის მეთოდები მუშაობს. თბილისი რეგიონში ბალანსირებას ცდილობს, რაც დადებითი ფაქტია ჩვენთვისაც.

- და ამ ფონზე როგორია თურქეთის როლი საქართველოში?

- თურქეთის მიმართაც საკმაოდ საინტერესო სიტუაცია ისახება: ეკონომიკური თვალსაზრისით, თურქეთი საქართველოსთვის მთავარ სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს. იგივე შეიძლება ითქვას სამხედრო-პოლიტიკურ თანამშრომლობაზე - თურქეთი ნატოს წევრია, საქართველო კი ნატოსაკენ მიისწრაფვის. ჰოდა, თბილისი ანკარას ერთგვარ დამხმარე ძალად, გზის გამკვლევად მიიჩნევს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიზნით. ამას წინათ გაიმართა სამმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების მონაწილეობით, რომელზეც გამოცხადდა მემორანდუმის შემუშავება სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის გასაღრმავებლად. აშკარაა, რომ აზერბაიჯანს, რომელსაც არც „ოდკბ“-ში და არც ნატოში გაწევრიანებას არ ცდილობს, მათ სანაცვლოდ რაღაც რეგიონული სამხედრო ალიანსის შექმნა სურს. ამ საქმეში ბაქოს ანკარა ეხმარება, თბილისი კი გარკვეულ თავშეკავებას იჩენს. მიხეილ სააკაშვილი რომ ახლა ისევ პრეზიდენტი იყოს, აზერბაიჯანი, ალბათ, თავის საწადელს მიაღწევდა - სამხრე კავკასიაში სამი სახელმწიფოს სამხედრო ბლოკი შეიქმნებოდა... მაგრამ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ანკარას მუდმივად მიანიშნებს, რომ ის თურქეთს უპირველესად ნატოს წევრ სახელმწიფოდ აღიქვამს, რომლის მეშვეობითაც ალიანსში გაწევრიანება შეიძლება გაიოლდეს.

- ანუ თურქეთთან თანამშრომლობას საქართველოსთვის მნიშვნელობა უმთავრესად მხოლოდ ნატოს წევრობის გამო აქვს და არა როგორც ზოგადად თურქულ სახელმწიფოსთან?


- დიახ, სწორედ ნატოს წევრობის გამო. და როცა ამას საქართველო აცხადებს, ამით ბაქოს მიანიშნებს, რომ თანამშრომლობაში არის რაღაც „წითელი ხაზები“, რომლებსაც თბილისი არ გადააბიჯებს. საერთოდ კი, დღეისათვის ყალიბდება სიტუაცია, რომელიც სომხეთისათვის, პრინციპში, საშიში არ არის. რასაკვირველია, პარალელურად ჩვენ საქართველოს მიმართ მეტი აქტიური მუშაობა გვმართებს, საჭიროა დიპლომატიური საქმიანობის გაასკეცება. უნდა გვახსოვდეს, რომ აზერბაიჯანს საქართველოზე გავლენის მოხდენის მიზნით სერიოზული ფინანსური შესაძლებლობები გააჩნია, რითაც აქტიურად სარგებლობს. ბაქო იყენებს აგრეთვე აზერბაიჯანული თემის შესაძლებლობებსაც. მაგალითად, როცა საქართველოში გამართულ ერთ-ერთ აქციაზე სომხებმა ყარაბაღის დროშა ააფრიალეს, აზერბაიჯანულმა ლობმა მოისურვა საკანონმდებლო დონეზე აკრძალულიყო „სეპარატიზმის ყველანირი გამოვლინება“... გამოდის, რომ თუ რომელიმე დემოკრატიული აქციის დროს ვინმე არცახის დროშას აღმართავს, აზერბაიჯანელების აზრით, ეს კანონგარეშე მოქმედებაა... აბსურდია, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ყველაფერი ბაქოდან იმართება. ამიტომაც სომხური დიპლომატია უმოქმედოდ არ უნდა იყოს.

ხშირად ჩვენ, საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს სენსაციად აღვიქვამთ, [რაღაც არ მოგვწონს], მაგრამ აბა, დავფიქრდეთ: სომხეთი ამჟამად „ოდკბ-ის და ევრაზიული კავშირის წევრია, საქართველომ კი ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და ნატოსაკენ მიილტვის. თბილისს, ეკონომიკური და პოლიტიკური რეალიების გათვალისწინებით, ბაქოსთან და ანკარასთან კარგი ურთიერთობები აქვს, ორივე მეზობელს დღეისათვის საქართველოში დიდი ინვესტიციები აქვთ ჩადებული, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში. შესაბამისად, ჩვენ არსებული რეალიები უნდა გავაცნობიეროთ.

განა თბილისს მოსწონს ის, რომ ჩვენ რუსეთთან ვართ? ალბათ, არ მოსწონს, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ, ორივე მხარე - სომხურიც და ქართულიც - ერთმანეთის პოზიციას გაგებით ვეკიდებით. გავიხსენოთ სომხეთის თავდაცვის მინისტრის სეირან ოგანიანის განცხადება - ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანსო. იგივეს აცხადებს საქართველოს ხელისუფლება - ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში და „ოდკბ“-ში ინტეგრირება სომხეთის სუვერენული არჩევანიაო. ფაქტია, რომ ორივე მხარეს სჭირდება ურთიერთობის განვითარება არსებული ობიექტური რეალიების გათვალისწინებით. ამ ორიოდე წლის წინ ჩვენთან ბევრი ამბობდა, რომ ევრაზიულ კავშირში სომხეთის გაწევრიანება საქართველოსთან ურთიერთობას გააუარესებსო, მე კი ვამტკიცებდი, რომ ასე არ მოხდებოდა. ჩემი სიტყვები ახდა.

ცხადია, საქართველოსთან ურთიერთობის გასაღრმავებლად ჩვენ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, მათ შორის - ამ საქმეში მაქსიმალურად უნდა ჩავრთოთ საქართველოში არსებული სომხური დიასპორა. არაფერს ვამბობ საქართველოში სომხეთის საელჩოს როლზე, რომელიც მაღალ პროფესიულ დონეზე უნდა მუშაობდეს: დიპლომატიაზე ხომ ბევრი რამეა დამოკიდებული“.

http://golosarmenii.am/article/41181/armyano-gruzinskij-vektor-trebuet-nadlezhashhego-vnimaniya

ბეჭდვა