მოდესტ კოლეროვი: საქართველო ნატოში ალბათ გაწევრიანდება, მაგრამ მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე
მოდესტ კოლეროვი: საქართველო ნატოში ალბათ გაწევრიანდება, მაგრამ მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე
10:49 10.05.2016
რუსეთში არსებული სომხური დიასპორის გაზეთმა „ნოევ კოვჩეგ“-მა („ნოეს კიდობანი“) გამოქვეყნა ვრცელი ინტერვიუ მოდესტ კოლეროვთან, რომელიც საინფორმაციო სააგენტო „რეგნუმის“ მთავარი რედაქტორი გახლავთ. იგი 2005-2007 წლებში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეგიონთაშორისო კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსიც იყო.

ინტერვიუში მოდესტ კოლეროვი, სხვა საკითხებთან ერთად, საუბრობს საქართველოს ურთიერთობებზეც სომხეთთან, თურქეთთან და ნატოსთან.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- როგორ შეაფასებდით საქართველოსა და სომხეთის ერთმანეთთან დამოკიდებულებას? როგორი შედეგები შეიძლება მოჰყვეს სომხეთისათვის საქართველოს გაწევრიანებას ნატოში, რასაც თბილისი ასე ჯიუტად ცდილობს?

- პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ საქართველო ნატოში ალბათ გაწევრიანდება, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ ახალი საზღვრების ფარგლებში, ანუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე. ჩემი აზრით, სომხეთი დღემდე იმიტომ არ აღიარებს მთიან ყარაბაღს (თუმცა უკვე მზადდება შესაბამისი კანონპროექტი), რომ საქართველოს ნერვიულ რეაქციას ერიდებოდა. თუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს თავის წევრად მიიღებს, მთიანი ყარაბაღის აღიარების პრობლემა მოიხსნება. სიტუაციის ასეთი განვითარება ნიშნავს, რომ სომხეთ „მწვანე შუქი“ აენთება მთიანი ყარაბაღის აღიარებაში, ხოლო რუსეთს - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდგომი ინტერნაციონალიზაციის საკითხში. რაც შეეხება ჯავახეთს („ჯავახკს“), ეს რეგიონი უკვე სამუდამოდ საქართველოს შემადგენლობაში დარჩება, ავტონომიის გარეშე.

რუსეთი ალიანსში გაწევრიანებულ საქართველოსთან (ანუ ნატოსთან) ომს არ აპირებს. ჩვენ სიტუაციას თავაწეულებმა, მთელი სიგრძე-სიგანით უნდა შევხედოთ, უნდა გავიაზროთ, თუ რა იქნება მომავალში, რა მოჩანს „მაგიდის ბოლოში“. იქ კი დაშლილ თურქეთს ვხედავთ. საქართველოსა და სომხეთის საზღვრებთან მალე ახალი სახელმწიფო - ქურთისტანი გაჩნდება, თურქეთი აღარ იარსებებს.

- გასაგებია, მაგრამ ეს მაინც მომავლის სურათია, დღეს კი ქართული ეკონომიკა თურქულ ეკონომიკასთანაა ინტეგრირებული, ასევეა პოლიტიკურ სფეროშიც... იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველო თითქოსდა თურქეთის ნაწილი ხდება... თქვენ როგორ ფიქრობთ?

- საქართველომ შამფურზე წამოგებული მწვადის როლში ყოფნა საკუთარი ნებით აირჩია, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის. ამ ქვეყნების ერთმანეთთან შემაერთებელი კომუნიკაციები სხვადასხვა ხალხებით დასახლებულ საქართველოს ტერიტორიას გამჭოლად გასდევს და ანაწევრებს. ჩვენ ძალიან კარგად ვართ ინფორმირებულნი საქართველოს მიმართ თურქული და აზერბაიჯანული ეკონომიკური ექსპანსიის თაობაზე. თბილისი ავარიულად გადადის ევროატლანტიკური სტრუქტურების კონტროლქვეშ, რითაც მას ორი პრობლემის მოგვარება სურს: უზრუნველყოს „რუსული საფრთხის“ განეიტრალება და თავიდან აიცილოს აზერბაიჯან-თურქეთის მხრიდან მომდინარე რეალური საფრთხე. თბილისი ხედავს, რომ ყველა ტრანსკავკასიური მაგისტრალი, რომლებიც მის ტერიტორიაზე გადის, მას არ ეკუთვნის, ამიტომაც სჯერა, რომ თუ ევროატლანტიკურ ბიუროკრატებს მიიწვევს, (ისინი ხომ თურქებსაც თავზე აზიან!), ამით საკუთარ თავს და ეროვნულ ინტერესებს დაიცავს...

- გამოდის, რომ საქართველო უკვე ყველაფერს ხვდება, მაგრამ არაფრის გაკეთება აღარ შეუძლია...

- როცა იოსებ სტალინმა 1920-იანი წლების დასაწყისში იმ ადამიანებთან კამათი დაიწყო, რომლებიც საბჭოთა კავშირის შექმნას ისეთი „ტიტულური“ რესპუბლიკებით ცდილობდნენ, სადაც მთელი ხელისუფლება „ტიტულურ“ ერებს ექნებოდათ, მას არგუმენტად საქართველო მოჰყავდა. სტალინი კარგად იცნობდა ამიერკავკასიას და ამბობდა, რომ შეუძლებელი იყო პოლიტიკურ-ნაციონალური მონოპოლიის შექმნა საქართველოში, რომლის დედაქალაქ თბილისის მცხოვრებთა შორის 35% სომხები იყვნენ. დღეს მისი ხმა დავიწყებულია. მე არ ვარ იოსებ სტალინის თაყვანისმცემელი, მაგრამ აშკარაა, რომ იგი ერთი თავით მაღლა იდგა თავის გარემოცვაზე.

როცა მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტად ყოფნის დროს, აზრი გამოთქვა წინადადება საქართველო-სომხეთის საბაჟო კავშირისა და შემდგომი კონფედერაციის შექმნის მიზნით, მე მის ნათქვამს სერიოზულად შევხედე. ამით სომხეთს შესაძლებლობა ეძლეოდა ჯავახეთის პრობლემა გადაეწყვიტა, ზღვაზე გასასვლელი მიეღო, მჭიდრო კავშირი ჰქონოდა თბილისელ სომხობასთან, ისტორიულ-ეროვნული მემკვიდრეობა შეენარჩუნებინა... საქართველოს კი კარგი ურთიერთობა ექნებოდა რუსეთთან, რომელიც სომხეთის მოკავშირეა. რუსეთთან ცუდი დამოკიდებულება საქართველოსთვის არ შეიძლება. იმ დროს მიხეილ სააკაშვილმა ძლიერი, მაგრამ იმავდროულად უტოპიური სვლა გააკეთა...

დღეს საქართველოდან წამოსული სიგნალები მოწმობს, რომ იქ ისეთი ძლიერი პრონატოური განწყობა და რიტორიკა აღარ არის, როგორიც, ვთქვათ, 2008 წელს იყო, როცა ყველა მხარს მიხეილ სააკაშვილს უჭერდა. ახლა ჩვენ საერთო ენის გამონახვა გვჭირდება. ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ქართველებისათვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დაკარგვა“ მოუგვარებელი პრობლემაა. ამიტომაც ეს მტკივნეული თემა ყოველთვის იქნება გრძელვადიან ქართულ-რუსულ ისტორიულ დიალოგში. ამგვარ სიტუაციაში სომხეთმა შეიძლება რუსეთ-საქართველოს შორის „თარჯიმნის“ როლი შეასრულოს და „სამეულის“ მოლაპარაკებისათვის დღის წესრიგის შემუშავებაში წვლილი შეიტანოს.

http://noev-kovcheg.ru/mag/2016-05/5397.html

ბეჭდვა