ინტერვიუ ლეონიდ თიბილოვთან: რუსეთთან შესაერთებლად მომენტს ველოდებით...
ინტერვიუ ლეონიდ თიბილოვთან: რუსეთთან შესაერთებლად მომენტს ველოდებით...
12:13 18.03.2016
რუსული გამოცემა «КоммерсантЪ»-ი აქვეყნებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის „პრეზიდენტ“ ლაონის თიბილოვთან ინტერვიუს, სადაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი რუსეთთან ინტეგრაციის გაღმავებაზე საუბრობს.

საინფორმაიცო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ინტერვიუს ქართულენოვან ვერსიას შემოკლებით:

„ერთი წლის წინ რუსეთმა და სამხრეთ ოსეთმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ. „კომერსანტის“ სპეციალური კორესპონდენტი ოლღა ალენოვა შეხვდა და ესაუბრა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს ლეონიდ თიბილოვს და შეეცადა იმის გარკვევას, კარგავს თუ არა რესპუბლიკა ამ ხელშეკრულებით თავის დამოუკიდებლობას“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

ლეონიდ თიბილოვი ოლღა ალენოვას მრავალრიცხოვან შეკითხვებს პასუხობს.

პრეზიდენტის თქმით, ხელშეკრულების გაფორმება ორი ხალხის, ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობაში მომხდარი ისტორიული მოვლენაა: სამხრეთ ოსეთმა რუსეთის მოკავშირის სტატუსი შეიძინა. დღეს უკვე ორივე სახელმწიფოს ერთიანი თავდაცვითი სივრცე აქვს, ერთიანი უსაფრთხოება, გარეშე აგრესიისაგან ერთობლივი დაცვა... „ჩვენ გვესმის, რომ ხელშეკრულება ხალხის ცხოვრებაზე მოკლე ხანში აშკარად ვერ აისახება, ამას დრო ჭირდება, დამატებითი სეტანხმებები, მაგრამ მთავარი მიღწეულია - ჩვენ დარწმუნებულნი ვართ ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, - ამბობს ლეონიდ თიბილოვი.
კორესპონდენტი დაზუსტებულ პასუხს ითხოვს და ეკითხება:

- თუ მოხდება, ვთქვათ, რაიმე სამხედრო ინტერვენცია, ვინ იღებს გადაწყვეტილებას სამხრეთ ოსეთის თავდაცვაზე - რუსეთი თუ თვითონ სამხრეთ ოსეთი? ეს საკითხი გასულ წელს ბევრ თქვენს თანამემამულეს აღელვებდა...

- გადაწყვეტილებას მთავარსარდლები ღებულობენ...

- ანუ მსგავსი რამ, ვთქვათ, ხვალ რომ მოხდეს, გადაწყვეტილებებს რუსეთის პრეზიდენტი და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი მიიღებს?

- ღმერთმა ნუ ქნას, რომ ასეთი რამ მოხდეს, მაგრამ ჩემი აზრით, გადაწყვეტილების მიღება სწორედ ასე მოხდება.

- ამ ხელშეკრულების გაფორმების წინ თქვენთან ცხარე დისკუსიები იმართებოდა იმაზე, რომ ინტეგრაციის შეთანხმება სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებლობას დაკარგავსო და რომ თქვენს თავდაცვის სამინისტროს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო შთანთქავსო. როგორაა დღეს საქმე, მართალც „გადაყლაპა“ თუ არა ერთმა მეორე?


- დიახ, ამის თაობაზე ბევრი ლაპარაკი მიდიოდა... ერთი მხრივ, კი - ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ ჩვენი სამინისტრო რუსეთის სამხედრო უწყებაში უნდა შევიდეს, მაგრამ ჯერ-ჯერობით შესაბამის შეთანხმებაზე მუშაობა არ დასრულებულა. დღეს სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტრო ძველი სტატუსით არსებობს და რესპუბლიკის სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა სისტემაში შედის იგივე სიტუაციაა საბაჟოებისა და სახელმწიფო უშიშროების სტრუქტურებთან დაკავშირებითაც.

- ბოლო დროს სამხრეთ ოსეთში ხშირად გაისმის ხმები რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ დამოუკიდებლობის იდეამ თავისი თავი უკვე ამოწურა?

- ჩვენს საზოგადოებაში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის იდეა ყოველთვის არსებობდა და ახლაც არსებობს. მაგრამ როცა ასეთი საკითხების განხილვა ხდება, რომლებიც სახელმწიფოებრიობას ეხება, გათვალისწინებული უნდა იყოს მთელი რიგი გარემოებები: დრო, ეპოქა, გეოპოლიტიკური სივრცე... ჩვენ კარგად გვესმის, რომ დამოუკიდებლობის იდეა მშვენიერია. ოსური სახელმწიფო მრავალი საუკუნის შემდეგ აღდგა. ჩვენმა ხალხმა გმირობა გამოიჩინა თავისუფლებისთვის ბრძოლაში, საქართველოსაგან დამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით. თუმცა საქართველო კვლავ პრეტენზიას აცხადებს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, რომელიც მას 1921 წელს გადასცეს, ოსი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. ამასთან, ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ თანამედროვე მსოფლიოში, როცა ტურბულენტობა მთელ რეგიონებს მოიცავს, მცირე ქვეყანას საკუთარი თავის შენარჩუნება და დაცვა მხოლოდ ძლიერ მოკავშირესთან ერთად შეუძლია. 2008 წლის აგვისტოში, სამხრეთ ოსეთზე საქართველოს არმიის თავდასხმის შემდეგ, რუსეთის ხელმძღვანელობამ ჩვენთვის სასარგებლო ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო - დამოუკიდებლობის აღიარება. სამხრეთ ოსეთის ხალხი გაქრობის ზღვარზე იდგა, ამ გადაწყვეტილებამ კი ახალი ძალა და სტიმული მოგვცა. ჩვენ კარგი შესაძლებლობა გვაქვს პერსპექტივაში უფრო ფართო ნაბიჯი გადავდგათ. ამ საკითხზე ვმუშაობთ.

- არის რაიმე რეაქცია კრემლიდან სამხრეთ ოსეთის სურვილზე რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ?


- რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობას არაერთხელ აღუნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობის ხასიათი თვითონ ოსი ხალხის გადასაწყვეტია. ამასთან, ასეთი სერიოზული ნაბიჯის გადასადგმელად ფიქრი და განსჯაა საჭირო. ჩემი აზრით, დრო ჩვენი იდეის სასარგებლოდ მუშაობს. რაც შეეხება კონკრეტულ რეაქციას, მოსკოვი საქმის კურსშია, იქ იციან, რომ ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ, თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად გარკვეული შესაძლებლობებისა და პირობების არსებობაა საჭირო. არავინ არ ფიქრობდა რამდენიმე წლის წინათ, რომ ყირიმში რეფერენდუმი ჩატარდებოდა რუსეთთან მიერთების მიზნით, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მოხდა და დღეს ყირიმი რუსეთის შემადგენლობაშია. არაა გამორიცხული იგივე მოხდეს სამხრეთ ოსეთისათვის... ჩვენ მომენტს ველოდებით...

http://www.kommersant.ru/doc/2939928

ბეჭდვა