13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ტანვარჯიშის ცენტრი უახლოეს დღეებში გაიხსნება
13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ტანვარჯიშის ცენტრი უახლოეს დღეებში გაიხსნება
15:51 04.03.2016
ტანვარჯიშის ცენტრი, რომელიც თბილისში, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე 1956 წლიდან ფუნქციონირებს და რომელიც 13 ივნისის სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზარალა, უახლოეს დღეებში გაიხსნება.

რა მდგომარეობაა ამჟამად ცენტრში და რა სიახლეებს შესთავაზებს ის მომხმარებელს,ამ და სხვა თემებზე საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ თბილისის მერიის ტანვარჯიშის სპორტული ცენტრის დირექტორ ლაშა ლომიძეს ესაუბრა.

-როგორც ცნობილია, 13 ივნისის სტიქიის შედეგად ტანვარჯიშის ცენტრი მნიშვნელოვნად დაზიანდა. რა სახის და ოდენობის ზარალი მოგადგათ?

- ზარალი ძალიან დიდი, კოლოსალური იყო. ნიაღვარმა, ფაქტობრივად, ყველაფერი, ყველანაირი ინვენტარი, მათ შორის მაგიდები და სკამებიც წაიღო... ყველაფერი დაქცეული იყო, სამ მეტრზე წყალი იდგა- ჩვეულებრივი ტბა იყო. საბედნიეროდ, ადამიანური რესურსის მხრივ ზიანი არ გვქონია. ჩვენ ვიდეომასალაც გვაქვს, თუ როგორც გადმოანგრია წყალმა ღობე და როგორ შემოიტანა ვერეს ხეობის ნარჩენები-მანქანები, სამშენებლო მასალები, ხეები... რემონტის დროს გაოგნებულები დავრჩით. იმდენად ძლიერი სტიქია იყო, ხის იატაკი წყალმა ასწია და ქვემოთ მანქანის საბურავები იყო შეყრილი. წყალმა სამშენებლო ფილები (ე.წ.სინკარები) ამოყარა, კარებები მოგლიჯა და წაიღო. სარდაფი სულ ლამით იყო სავსე. უამრავი სახეობის მწერი დაფრინავდა. ერთი პერიოდი ეჭვიც გვქონდა დაკარგული ადამიანები ხომ არ იყვნენ აქ, თუმცა დასუფთავების შემდგომ საპირისპირო აზრში დავრწმუნით.

სხვათა შორის, შენობაზე სპეციალისტებს დასკვნა გავაკეთებინეთ და მივიღეთ რეზულტატი, რომ შენობა აბსოლუტურად მდგრადია და ამ კუთხით არანაირი პრობლემა არ აქვს. სწორედ ამის შემდგომ დავიწყეთ რემონტი. ზარალის აღწერა ლარებში ჯერ არ მომხდარა, აუდიტი დაქირავებული გვყავს, რომელიც ყველაფერს დაითვლის, თუმცა ამას ბევრი დრო დასჭირდება.

-რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხები როგორ იქნა მოძიებული?


- დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მერიას. ისინი ყველა მიმართულებით მხარში დაგვიდგნენ - სამშენებლო რესურსით, თანხით, ტექნიკით. აღსაზრდელი ბავშვები სხვადასხვა ადგილებზე გადავანაწილეთ, სადაც თანხებს ვიხდიდით. თანამშრომლებს კი, რომლებიც ამ ბავშვთა დოკუმენტაციას აწესრიგებდნენ და სხვა მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდნენ, ბუნებრივია, ანაზღაურება სჭირდებოდათ, რა მხრივაც მერია დიდად დაგვეხმარა.

ინვენტარი და შიგნით არსებული სარემონტო სამუშაოები ჩვენმა ერთ-ერთმა კონტრაქტორმა კომერციულმა ბანკმა იტვირთა. გვაქვს სრულად აღდგენილი და საერთაშორისო სტანდარტების მხატვრული ტანვარჯიშის, ბატუტის და სპორტული დარბაზები და ჯანმრთელობის ჯგუფები.

newspress.ws.com.ge

გარდა ამისა, გვაქვს ფიტნეს ცენტრი, რომელიც ერთ-ერთი ძვირადღირებული დანადგარებითაა აღჭურვილი.

არ შემიძლია არ აღვნიშნო გამგეობის მობილური და ძალიან დროული გამოხმაურება.

ამასთან, მინდა უდიდესი მადლობა გადავუხდო ცენტრის პერსონალს და აქ მოვარჯიშე ბიჭებს, რომლებიც უწყებებს ყველანაირ სამუშაოში უწევდნენ დახმარებას.

-ცნობილია, რომ მერიასთან ერთად სოციალურ აქტივობებს მართავთ. ამ ეტაპზე რომელ პროექტს ახორციელებთ ?

- სტიქიამდე აქ, ტანვარჯიშზე 500 ბავშვამდე იყო დაკავებული. აქედან, დაახლოებით, 120 სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან იყო. მათ გადასახადს მერია უხდიდა. ეს ჩვენი ერთობლივი პროექტია, რომელიც რამდენიმე წელია წარმატებით ხორციელდება. ისინი მერიის სოცსამსახურიდან ფინანსდებიან, რათა მწვრთნელი ყველას იმავე შემართებით მოემსახუროს და თავად ბავშვებსაც არ ჰქონდეთ რაიმე სხვამხრივი განცდა. ბევრ ბავშვს, რომელსაც ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს ვეხმარებით. ზოგიერთ მათგანს ძალიან კარგი მონაცემები აქვს. ვცდილობთ, ასეთ ბავშვებს ხელი შევუწყოთ.
სხვათა შორის, განსხვავებით ტანვარჯიშის დარბაზებისა, ფიტნესის დარბაზი უკვე ამუშავებულია.

newspress.ws.com.ge

-რამდენ ადამიანს ემახურება სპორტ დარბაზი ?

- ფიტნეს ცენტრში ამჟამად 165 ადამიანი ვარჯიშობს. საკმაოდ კმაყოფილები არიან. ჩვენ მათთან გამოკითხვებსაც ვაწარმოებთ, რათა უკეთესი პირობები შევთავაზოთ და მათი შენიშვნები გავითვალისწინოთ. მათი ძირითადი „შენიშვნა“ უკანასკნელი გამოკითხვის მიხედვით, გარე ფასადის მოწყობას შეეხებოდა, რაც რამდენიმე დღეა უკვე მოგვარდა. ეტაპობრივად ყველაფერს გავაკეთებთ.


-როდის იგეგმება ცენტრის გახსნა?

- ვვარაუდობთ, რომ გახსნა 13 მარტს იქნება, მაგრამ ამას ზუსტად ვერ ვიტყვით. გვსურს, გახსნა საზეიმო ვითარებში მოხდეს, რაშიც მერიაც აქტიურადაა ჩართული. სავარაუდოდ, თბილისის მერი დავით ნარმანია გვეწვევა. უნდა მოხდეს შეთანხმება, რომ ყველა დაინტერესებული კომპანიისა და უწყების წარმომადგენლებს ეცალოთ და გახსნის ცერემონიას დაესწრონ.

ვფიქრობთ, რომ ბავშვთა რაოდენობაც გაიზრდება. მშობლები რეკავენ და გვეკითხებიან, როდის გავიხსნებით. მათი სურვილია, მხოლოდ ამ კედლებში, ამ გარემოში ივარჯიშონ ბავშვებმა.

-თუ უწევთ მჟამად ბავშვებს მომსახურებას, რომლებიც სტიქიის პერიოდში ცენტრში დადიოდნენ?

-დაახლოებით 250 ბავშვი სხვადასხვა ადგილებზე გვყავს გადანაწილებული. ზოგი დიღომშია, ოლიმპირიურ სოფელში. იქ სპორტული ტანმოვარჯიშეები და ბავშვები არიან, რომლებიც ბატუტზე დადიან. მხატვრული ტანმოვარჯიშეები კი ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთ დარბაზში გვყავს. ყველას ერთი სული აქვს, როდის გაიხსნება ცენტრი. მიჩვეულები იყვნენ გარემოს, კომფორტს... თან ყველაფერი უმაღლეს დონეზე გაკეთდა. ვფიქრობთ, რომ ამით სხვა ქვეყნებთანაც მოვიწონებთ თავს.
newspress.ws.com.ge

-რომელი წლიდან იღებთ ბავშვებს და რა მომსახურებას სთავაზობთ მათ?

-საშუალოდ 5-6 წლიდან. რა თქმა უნდა, გააჩნია ბავშვს. თუ აქ ადამიანი მოდის ჯანმრთელობისთვის, აქ სრული კომფორტია. გვაქვს სავარჯიშო დარბაზი და ჯანმრთელობის ჯგუფები. ბავშვების უდიდეს ნაწილს სქოლიოზის ნიშნები აქვს. ჩვენთან არის ის კომფორტი, რომ ამაზე იმუშაონ. ვისაც სპორტსმენობა სურს მათთვისაც დიდი კომფორტია. ჩვენთან ნაკრების წევრები ვარჯიშობენ, გაიცნობენ მათ და თავის გამოჩენის შემთხვევაში ნაკრებშიც გადაინაცვლებენ. შეიძლება ყველა მსოფლიო ჩემპიონი ვერ გამოვიდეს, მაგრამ ჯანმრთელი კი ყველა შემთხვევაში იქნება.

newspress.ws.com.ge

-როგორია ცენტრის სამომავლო გეგმები?

-ვაპირებთ აკრობატიკის ელემენტები შემოვიტანოთ და ცენტრში არსებულ დისციპლინებს დავამატოთ. აკრობატიკის ცენტრიც ჩვენი აიპია. ის მხოლოდ ერთ დარბაზშია და სურვილი მაქვს, რომ აქეთაც გადმოვიტანო. ეს ისეთი სახეობაა, რომელიც სპორტის ბევრი სახეობის საფუძველს წარმოადგენს. გვინდა ასევე სპორტული ცეკვების დამატება. ამ უკანასკნელზე მოლაპარაკებებს უკვე ვაწარმოებთ.



ესაუბრა
თათია ტუხაშვილი

ბეჭდვა