აგასი არაბიანი: თუ საქართველოს ხელისუფლება ჯავახკელებს არ მოუსმენს, მაშინ არჩევნებს ბოიკოტი უნდა გამოუცხადოთ
აგასი არაბიანი: თუ საქართველოს ხელისუფლება ჯავახკელებს არ მოუსმენს, მაშინ არჩევნებს ბოიკოტი უნდა გამოუცხადოთ
10:33 02.03.2016
სომხურ რადიოსადგურ „გოლოს არმენია“-სთვის მიცემულ ინტერვიუში საზოგადოებრივი ორგანიზაცია „რუსეთის ჯავახკური დიასპორის“ ხელმძღვანელი აგასი არაბიანი საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის შესახებ საუბრობს და წუხილს გამოხატავს იმის თაობაზე, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსში მიღებული ცვლილებების გამო „ჯავახკის“ მოსახლეობას საკუთარი ინტერესების დაცვის მექანიზმი აღარ ექნება.

საქმე ეხება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ სამცხე-ჯავახეთის ორი რაიონის - ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონების ერთ საარჩევნო ოლქად გაერთიანების ფაქტს, რომლის შედეგად, ადრინდელ ორი მაჟორიტარი დეპუტატის ნაცვლად, მოსახლეობის მხოლოდ ერთის წამოყენების უფლება ექნება. „საერთოდ კი, საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის პარლამენტში მთელი სომხური თემი მხოლოდ სამი დეპუტატითაა წარმოდგენილი, რასაც, ბუნებრივია, აბსოლუტურად უსამართლოდ ვთვლით. რადგანაც სომხები ქვეყნის მოსახლეობის 5%-ს შეადგენენ (საქართველოს ეროვნული სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით), ამიტომაც პარლამენტის დეპუტატების საერთო რაოდენობაში 5% სომეხი უნდა იყოსა, ანუ არანაკლებ 6-7 დეპუტატისა“, - აცხადებს აგასი არაბიანი გაზეთის კორესპონდენტ ვლადიმირ დარბინიანთან საუბრისას.

- რა რეკომენდაციას მისცემდით, რას ურჩევდით ჯავახკელ თანამემამულეებს?

- „მე შორს ვარ და მიძნელდება რაიმე ვურჩიო, მაგრამ ჩვენი ბრძენი ხალხისა მჯერა, რომ ამ პრობლემას თვითონვე გადაწყვეტენ. საერთოდ კი, არჩევნებამდე ჯერ კიდევ საკმაო დროა დარჩენილი და ჯავახკელებმა ეს პერიოდი უნდა გამოიყენონ - ცივილიზებული ფორმებით შეეცადნონ დისკრიმინაციული გაურკვევლობის გამოსწორებას. თუ საქართველოს ხელისუფლება მათ იგნორირებას მოახდენს, გათავხედდება და ჯავახკის სომხური მოსახლეობის ხმას არ მოუსმენს, რეალურ ცვლილებები არ მოხდება, მაშინ შემოდგომაზე, არჩევნების მოახლოებისას, პროტესტის რადიკალურ ფორმებზე გადასვლა შეიძლება, მაგალითად, არჩევნებისადმი ბოიკოტის გამოცხადება. უბრალოდ, მოსახლეობა საარჩევნო ურნებთან უნდა მივიდეს და ყველამ ხმა უნდა მისცეს ყველას წინააღმდეგ“.

- რა საკითხებზე და პრობლემებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება ჯავახკელმა სომხებმა და საქართველოს ხელისუფლებამ?

- „ჯავახკელმა სომხებმა კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ მალე საქართველოში მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები აღარ იქნება და ამიტომაც პოლიტიკური პარტიის შექმნაზე უნდა იფიქრონ, რომლის მეშვეობით არჩევნების დროს სომეხ კანდიდატთა ბალოტირება მოხდება. ჩემი აზრით, ოპტიმალური იქნება პარტიის ასეთი სახელი - „საქართველოს ხალხები“. არაა გამორიცხული, რომ მასში სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც გაერთიანდნენ. ჯავახკელებმა უნდა იაქტიურონ სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტის საკითხში. მაგალითად, ხმა უნდა აღიმაღლონ ჯავახკში სამხედრო ფორმირებების დისლოკაციის წინააღმდეგ და რეგიონი დემილიტარიზებულად გამოაცხადონ. ასევე უნდა შეეცადნონ ჯავახკის რეგიონისათვის ეროვნულ-კულტურული ავტონომიის სტატუსის მინიჭებას“.

- საქართველოში შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. რას ურჩევდით თანამემამულე ჯავახკელებს - რომელ პარტიას და რომელ მაჟორიტარს მისცენ თავიანთი ხმა?

- ჯავახკელმა სომხებმა თვითონ უკეთ იციან, თუ ვინ არიან ღირსეული ადამიანები და ვინ დაიცავს მათ ინტერესებს საქართველოს პარლამენტში. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ ამგვარ საკითხებში არ ჩავერიოთ. რაც შეეხება იმას, თუ რომელ პარტიას უნდა დაუჭირონ მხარი, ჯერ ამ თემაზე არ გვიმსჯელია და რეკომენდაციებს ვერ შევთავაზებთ. არჩევნები რომ მოახლოვდება, უკვე ამ საკითხზე ჩამოყალიბებული ვიქნებით. ამ ეტაპზე კი ჯავახკელ თანამემამულეებს ერთს შევახსენებ: წინასაარჩევნო პერიოდი ძალიან კარგია თქვენი პრობლემების გასააქტიურებლად, ამიტომაც მომენტი ეფექტურად უნდა გამოიყენოთ. შეეცადეთ, რომ მტკივნეული პრობლემები თქვენს სასარგებლოდ გადაწყდეს“.


http://golosarmenii.am/article/37897/esli-vlasti-ne-uslyshat-dzhavaxk--vybory-nado-bojkotirovat-

ბეჭდვა