„Radio Liberty“ - ინტერვიუ ალა დუდაევასთან: მე ძალიან მომწონს მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც საქართველოში ისეთი ბედნიერი გარემო შექმნა, მოსახლეობა დღე და ღამე ხარობდა
„Radio Liberty“ - ინტერვიუ ალა დუდაევასთან: მე ძალიან მომწონს მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც საქართველოში ისეთი ბედნიერი გარემო შექმნა, მოსახლეობა დღე და ღამე ხარობდა
11:12 29.02.2016
„რადიო სვობოდას“ კორესპონდენტ დიმიტრი ვოლჩეკთან ინტერვიუში, ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის ქვრივი ალა დუდაევა, რომელიც დღეს შვედეთში ცხოვრობს, დღევანდელი რუსეთის შესახებ საუბრობს და უარყოფითად აფასებს კრემლის მიერ გატარებულ საშინაო და საგარეო პოლიტიკას... ინტერვიუში, რომლის სათაურია „ჩეჩნეთის მეთაურის პოსტი უნდა გაუქმდეს“, იგი ასევე აკრიტიკებს ჩეჩნეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელების საქმიანობას. ალა დუდაევა იხსენებს საქართველოში ყოფნისა და მუშაობის პერიოდსაც.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდებს ვრცელი ინტერვიუდან

- როგორ შეაფასებდით უკრაინაში ბოლო წლებში მომხდარ მოვლენებს?

- მე მჯერა, რომ უკრაინა ნამდვილად დამოუკიდებელ, სუვერენულ ევროპულ სახელმწიფოდ გადაიქცევა. დიდ იმედებს ვამყარებ უკრაინელ ხალხზე, რადგან უკრაინელები თავიანთი სულისკვეთებით ჩეჩნებს მაგონებენ. გარდა ამისა, მე ძალიან მომწონს მიხეილ სააკაშვილი. მისი პრეზიდენტობის პერიოდში მე საქართველოში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი. მიწვეული ვიყავი რუსულენოვან ტელეკომპანიაში - „პირველ საინფორმაციო კავკასიურში“ სამუშაოდ 2009-2011 წლებში. მე პირადად მიხეილ სააკაშვილის ახალგაზრდული მთავრობის რეფორმატორული საქმიანობის მოწმე გახლავართ.

- რატომ გადაწყვიტეთ საქართველოდან წასვლა?

- იმიტომ, რომ ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის პრორუსული მთავრობა მოვიდა. ტელეარხი, რომელშიც ვმუშაობდი, დაიხურა, დაიწყო თვით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დევნა. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი ციხეში ჩასვეს. იმ დროს ძალიან ბევრი ადამიანი იძულებული გახდა საქართველოდან გაქცეულიყო. ახლა თითქოს სიტუაცია უმჯობესდება...

- ვერ ვიტყვით, რომ საქართველო დღეს პრორუსულ პოლიტიკას ატარებს. თბილისი საგარეო პოლიტიკა თითქმის იგივეა, როგორც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იყო, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ რუსეთის მიმართ მწვავე რიტორიკამ იკლო...

- იცით, რატომ? იმიტომ, რომ ახლა საქართველოში ისეთი პრეზიდენტია, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის ხალხი უკმაყოფილოა. დღეს ყოფილ პრეზიდენტს თავს ესხმიან, აკრიტიკებენ, მე კი მინდა რადიომსმენელებს მიხეილ სააკაშვილის კაი-კაცობაზე მოვუყვე, რისი მომსწრეც პირადად ვარ. საქართველოში პირველად 1999 წელს ჩავედი, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის ჟამს. იძულებული ჩეჩნეთიდან გავქცეულიყავი და თავი საქართველოსთვის შემეფარებინა. იმ დროს საქართველო სიბნელის სამეფოს წარმოადგენდა: ელექტროდენი არ იყო, გამეფებული იყო სიღარიბე და უმუშევრობა, 8-ლარიანი პენსია... მეორედ 10 წლის შემდეგ ვეწვიე და ქვეყანა ვეღარ ვიცანი - ყველაფერი სასიკეთოდ იყო შეცვლილი...

(ალა დუდაევა აღტაცებით საუბრობს მიხეილ სააკაშვილის საქმიანობაზე: „მან ხალხს სინათლე მიაწოდა, სოფლები და ქალაქები ააყვავა, ევროპულს დაამგვანა, ააშენა გზები, დაამშვენა კურორტები, გაზარდა პენსიები, ხელფასები, მოსპო კორუფცია და მექრთამეობა, ხელი შეუწყო ბიზნესის განვითარებას, გახსნა საზღვარი რუსეთთან, დააწესა უვიზო რეჟიმი... ისეთი ბედნიერი გარემო შექმნა, რომ მოსახლეობა დღე და ღამე სეირნობდა და ხარობდა... ააშენა მინის ხიდები, პოლიციის გამჭვირვალე შენობები, აღადგინა ისტორიული ქალაქები, განსაკუთრებით თბილისი... საქართველო კავკასიური კულტურის ცენტრად გადააქცია: თბილისში ტარდებოდა გამოფენები, კონფერენციები, საერთაშორისო შეხვედრები... აი, ასეთი პატიოსანი და კეთილი იყო მიხეილ სააკაშვილი...“ - მთარგმნელის შენიშვნა).

ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოსახლეობას იგივე აღუთქვა, მაგრამ მან დანაპირები არ შეასრულა.

- მიხეილ სააკაშვილი ოდესაშიც ცდილობს რეფორმების გატარებას...

- მასთან კონტაქტები არ მაქვს, მაგრამ თვალს ყველაფერს ყურადღებით ვადევნებ.

- ვხედავ, რომ თბილისი ძალიან მოგენატრათ. დაბრუნებას ხომ არ აპირებთ?


- ვფიქრობ, რომ სამომავლოდ საქართველოში ჩავალ და საერთოდ, კავკასიას ვეწვევი. მე ევროპაც ძალიან მომწონს, გაკვირვებული ვარ ევროპელების სიკეთითა და გულმოწყალებით მუსულმანი ლტოლვილების მიმართ.

http://www.svoboda.org/content/article/27569154.html

ბეჭდვა