ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: მე მინდა უკრაინის პოლიტიკური კლასი შევცვალო...
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: მე მინდა უკრაინის პოლიტიკური კლასი შევცვალო...
11:01 26.02.2016
გერმანული გაზეთის „ფრანკფურტერ რუნდშაუს“ კორესპონდენტმა შტეფან შოლმა ინტერვიუ ჩამოართვა საქართველოს ექს-პრეზიდენტს, უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც საუბრობს უკრაინის პერსპექტივაზე, პირად კარიერულ გეგმებზე და, რასაკვირველია, იხსენებს თავისი პრეზიდენტობის წლებს საქართველოში...

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას:


„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ახალ პრემიერ-მინისტრად მოიაზრებენ. იგი ამჟამინდელ პრემიერს აკრიტიკებს და უკრაინის პოლიტიკური კლასის, პოლიტიკური სისტემის რეფორმირება სურს. მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ცხრა წლის განმავლობაში მართავდა, საკმაოდ წარმატებით ებრძოდა კორუფციას და მაფიას, თუმცა მას იმავდროულად ბრალს სდებენ ავტორიტარიზმის გამოვლინებაშიც. 2013 წლის ნოემბერში, პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი ემიგრაციაში - აშშ-ში წავიდა, სამშობლოში კი მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა: ექს-პრეზიდენტს სახელმწიფო ხარჯზე გართობა-დროსტარებასა და საბიუჯეტო სახსრების განიავებაში ადანაშაულებენ.

2025 წლის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილი (ისინი კიევში ერთად სწავლობდნენ) ჯერ თავის მრჩევლად დანიშნა, მოგვიანებით კი, მაისში, ოდესის ოლქის გუბერნატორად. იმავდროულად მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობაც მიიღო. ოდესის ოლქის ახალმა მმართველმა რეფორმების გატარება დაგეგმა, პარალელურად კი უკრაინის პრემიერ-მინისტრის არსენ იაცენიუკის კრიტიკა დაიწყო, რომელიც, მისი თქმით, კორუფციონერია და ხელს უშლის რეფორმების გატარებაში.

- თქვენზე ამბობენ, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრობა გაქვთ მიზნად...


- მე სულ სხვა ამბიციები მაქვვს, ვიდრე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. მე მინდა მთლიანად შევცვალო უკრაინის პოლიტიკური კლასი. მთავრობის ხელმძღვანელი შეიძლება ყოველწლიურად ახალ-ახალი დანიშნო, მაგრამ თუ პოლიტიკური კლასი არ შეცვალე, ისე არაფერი გამოვა, სიტუაცია იგივე დარჩება.

- პარლამენტში პრეზიდენტის მხარდამჭერმა დეპუტატებმა არსენ იაცენიუკის გადაყენება არ დაუშვეს, თქვენი სურვილის საწინააღმდეგოდ. იმავდროულად იგივე დეპუტატები ახალი საბაჟო კანონის მიღების ბლოკირებას ახდენენ. თქვენთვის ასეთ ნეგატიურ ფონზე ისევ თვლით, რომ პრეზიდენტის გუნდის წევრი ხართ?

- მე საკუთარ თავს ყოველთვის უკრაინის გუნდის წევრად ვთვლი. ცხადაია, ეს ნიშნავს, რომ მე პოლიტიკურად პრეზიდენტთან უნდა ვითანამშრომლო. მინდა, რომ მას წარმატებების მიღწევაში დავეხმარო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მე პიროვნებებს ვემსახურები. მე ვემსახურები უკრაინას. ასევეა პრეზიდენტიც. ანუ ჩვენ იმ გუნდში ვართ, რომელიც უკრაინას ემსახურება.

- არსენ იაცენიუკი კვლავ თავის თანამდებობაზე დარჩა. ისიც უკრაინას ემსახურება?

- ის, რომ მას ნდობის ვოტუმი კვლავ შეუნარჩუნდა, სხვა არაფერია, თუ არა ოლიგარქების სახელმწიფო გადატრიალება. პარლამენტმა ხალხის სურვილი არ გაითვალისწინა... ახლა დეპუტატები სამკვირიან შვებულებაში წავიდნენ, ქვეყანაში კი სიტუაცია უარესდება.

- როგორ უნდა მოგვარდეს პოლიტიკური კრიზისი?


- ერთადერთი გამოსავალი ისეთი მთავრობის ჩამოყალიბებაა, რომელიც ხალხის ნდობით იქნება უფლებამოსილი.. ნუ დაგვავიწყდება, რომ უკრაინის ჯანსაღი ძალები და უკრაინელი ხალხი დემოკრატიის მონაპოვარს დაიცავს... ჩემი ოპონენტები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი თავის საქართველოში დაბრუნდეს და ჩვენ თავი დაგვანებოს, ანდა იჯდეს ოდესაში და გუბერნატორის მოვალეობა შეასრულოს, თვალში ყველგან ნუ გვეჩხირებაო. რა თქმა უნდა, მე ამას სიხარულით ვაკეთებ, ოდესა ჩემთვის საყვარელი ქალაქია, მინდა იქ მუშაობა... მაგრამ მითხარით როგორ ვიმუშაო, როცა ფინანსები შემცირებულია, როცა ხელს მიშლიან საბაჟოს რეფორმირებაში, როცა გზის მშენებლობისათვის კი კაპიკი არ მოუციათ? ოდესაში სიტუაციის შეცვლა კიევიდან უნდა დაიწყოს, სწორედ კიევში უნდა შეიცვალოს თამაშის წესები.

- რა არის თქვენთვის უკრაინა - როგორც პოლიტიკოსისა და როგორც ადამიანისათვის?


- უკრაინა ძალიან მიყვარს, აქ გავატარე ჩემი ცხოვრების ცხრა წელიწადი, აქ ვსწავლობდი და ვმსახურობდი არმიაში, აქ უამრავი მეგობარი მყავს. გარდა ამისა, მეზობელი ქვეყნების ბედი, მათ შორის საქართველოსიც, უკრაინის ბედზეა დამოკიდებული. მე სახლში ვარ და ამიტომაც უკრაინის მომავალს დავიცავ.


http://www.fr-online.de/politik/ukraine--ich-will-die-politische-klasse-der-ukraine-austauschen-,1472596,33834442.html

ბეჭდვა