მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ საქართველოდან სავალუტო ფონდი მალევე გავაძევეთ და მადლობა ღმერთს, თავიდან მოვიშორეთ
მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ საქართველოდან სავალუტო ფონდი მალევე გავაძევეთ და მადლობა ღმერთს, თავიდან მოვიშორეთ
15:42 18.02.2016
საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის რადიოსადგურის „ერა“-ს სტუდიაში კორესპონდენტ ვიტალი დიკისთან ინტერვიუს ფორმატში ისაუბრა, რომლის დროსაც იგი მრავალ საკითხს თუ პრობლემას შეეხო, მათ შორის მმართველობის სისტემის რეფორმებს, რიგითი მოქალაქეების დუხჭირ ცხოვრებას, კორუფციის არსებობას და ა.შ.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ექსპრეზიდენტის ინტერვიუს რეზიუმეს:

მიხეილ სააკაშვილმა, ბუნებრივია, საქართველოში თავისი პრეზიდენტობის პერიოდზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ კორუფციასთან ბრძოლის დროს მისთვის მთავარი ადამიანების დაჭერა კი არ იყო, არამედ დატაცებული თანხების უკან დაბრუნება, რათა ეს ფული შემდეგ ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოეყენებინათ.

„ჩვენ დავაპატიმრეთ საქართველოს რკინიგზის უფროსი და როცა მან მითვისებული რამდენიმე მილიონი დოლარი დააბრუნა, ჩვენ იგი გავათავისუფლეთ, თანხა კი უკრაინაში სარკინიგზო ვაგონების შესაძენად გამოვიყენეთ. ჩვენ დავაკავეთ „მაგთიკომის“ მფლობელი, რომელმაც ბიუჯეტში მნიშვნელოვანი თანხა შემოიტანა და რომლითაც პენსიონერებს სამი თვის პენსია დავურიგეთ“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს ექს-პრეზიდენტი შეეხო აგრეთვე უკრაინაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქმიანობას და დასავლელი ფინანსისტების მუშაობის შედეგები საქართველოს რეალობას შეადარა.

„ჩვენთვის ყველაზე კარგი სიტუაცია ის იქნებოდა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი [აქ, უკრაინაში] საერთოდ არ იყოს. ჩვენ საქართველოდან ეს ფონდი უკვე ერთი წლის შემდეგ გავაძევეთ. მადლობა ღმერთს, რომ თავიდან მოვიშორეთ“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა და ფონდის მუშაობა იმ ქირურგს შეადარა, რომელიც ამა თუ იმ ორგანოს მოკვეთას მოითხოვს, მისი მკურნალობის ნაცვლად:

„როცა თითის შეხვევა გინდა, სავალუტო ფონდი გეუბნება - შეხვევა არ გჭირდება, მოდი, მაგ თითს საერთოდ მოგაჭრით და საქმე ამით დავამთავროთო“ - აფასებს ექსპრეზიდენტი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქმიანობის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სკანდალურ-ნეგატიურმა განცხადებამ უკრაინის მასმედიასა და პოლიტიკურ წრეებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ზოგიერთმა პოლიტიკოსმა, ოდესის გუბერნატორის მომხრეებმა თავიანთი კერპის დაცვა სცადეს და აღნიშნეს, რომ მასმედიამ მისი გამონათქვამის არასწორი ინტერპრეტირება მოახდინა და დაამახინჯაო. თუმცა რაც გავრცელდა, ის ფრაზები სრულიად შეესაბამება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას რადიო „ერას“ ეთერში (რადიოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერის მე-17 წუთის შემდეგ).

რაც შეეხება თვითონ მიხეილ სააკაშვილს, შეხედა რა მასმედიაში შექმნილ ნეგატიურ აჟიოტაჟს მის მიმართ, სიტუაციიდან გამოსავალი მონახა და ფეისბუქის გვერდზე ასეთი განმარტება გამოაქვეყნა: „საინფორმაციო სააგენტოებმა ჩემი ნათქვამი აშკარად გადადააბრუნეს. მე ვთქვი, რომ თუ მომიწევს არჩევანის გაკეთება ადგილობრივ კლეპტოკრატების მხრიდან კონტროლსა და საერთაშორისო სავალუტო ფონის კონტროლს შორის, მე ერთმნიშვნელოვნად ამოვირჩევ კონტროლს ფონდის მხრიდან. ამასთან, ეკონომიკა რომ გაიზარდოს, ჩვენი მიზანი კლეპტოკრატთა მმართველობა არ უნდა იყოს. აი, ამ შემთხვევაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამებიც არ დაგვჭირდება“.


http://www.eramedia.com.ua/article/232648-msaakashvl_dolya_ukranskih_reform_gruzinskiyi_dosvd_ne_treba_vse/



ბეჭდვა