„Radio Voice of America“(აშშ); ამერიკელი ექსპერტები: საქართველო რუსეთის ზეწოლას ვერ გადალახავს
„Radio Voice of America“(აშშ); ამერიკელი ექსპერტები: საქართველო რუსეთის ზეწოლას ვერ გადალახავს
11:09 16.02.2016
ცნობილი ამერიკელი ანალიტიკოსები მაიკლ კოფმანი და ალექს ვატანკა აშშ-ის დაზვერვის ეროვნული სამსახურის დირექტორის ჯეიმს კლაპერის აშშ-ის სენატში გაკეთებულ განცხადებებს და ნატოს მომდევნო, ვარშავის სამიტის სავარაუდო შედეგებს აფასებენ.

როგორც ცნობილია, გასულ კვირას ჯეიმს კლაპერმა სენატში ყოველწლიური მოხსენებისას მსოფლიო საფრთხეების შესახებ ისაუბრა. საქართველოსთან დაკავშირებით, მისი ყველაზე ხმამაღალი განცხადება ქვეყნის პოლიტიკური კურსის რუსეთის გავლენით შესაძლო ცვლილებას შეეხებოდა. ამ განცხადებას ანალოგიურად ხმაურიანი და აქტიური გამოხმაურება მოჰყვა საქართველოს ხელისუფლების და საექსპერტო წრეების მხრიდან.

მაიკლ კოფმანი ვაშინგტონში მდებარე კენანის ინსტიტუტის მკვლევარია. რადიოსადგური „ამერიკის ხმა“ მასთან შეეცადა გაერკვია, თუ რას უნდა ელოდოს საქართველო 2016 წლის ნატოს ვარშავის სამიტიდან და როგორ უნდა გაიგონ ქართველმა ლიდერებმა აშშ-ის დაზვერვის ეროვნული სამსახურის დირექტორის ჯეიმს კლაპერის განცხადება საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით.

მაიკლ კოფმანი: საქართველო გარკვეულ სიგნალებს ეძებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მას სამოქმედო გეგმას მიანიჭებს (მაპი) რაც, როგორც იცით, ალიანსში მიწვევას ნიშნავს. ეს საკმაოდ არარეალური სცენარია ახლო პერსპექტივაში. ნაცვლად ამისა, საქართველოსთვის ნატო ცდილობს ინტეგრაციის სხვა საშუალებები წამოსწიოს წინ და ეს ქვეყანა უფრო მნიშვნელოვანი შეღავათებით (ბენეფიტები) უზრუნველყოს, რაც ერთგვარად იქნება მიდგომის - „გაერთიანება, ფაქტობრივი გაერთიანების გარეშე“ ასახვა.

კორესპონდენტის კითხვაზე, იყო თუ არა ჯეიმს კლაპერის განცხადება ერთგვარი გაფრთხილება საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომ მან მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს, თუ რეკომენდაცია აშშ-ის მთავრობისადმი უფრო მეტად იაქტიუროს რეგიონში რუსული გავლენების გასანეიტრალებლად, მაიკლ კოფმანი ამბობს, რომ ჯეიმს კლაპერის მიერ სენატში გაკეთებული ყოველწლიური მოხსენება არაფერს მსგავს არ გულისხმობდა:

„მას არაფერი ასეთი არ ჰქონია მხედველობაში. ჯეიმს კლაპერმა ივარაუდა, რომ იმდენად, რამდენადაც ნატოში გაწევრიანების პერსპექტივით საქართველოს მოსახლეობა იმედგაცრუე-ბულია, ფაქტობრივად საქართველო მომავალში შესაძლებელია შეუდგეს დასავლეთთან ინტეგრაციის საპირისპირო გზას და ერთადერთი ალტერნატიული ორბიტა აქ მხოლოდ რუსული ორბიტაა. რუსეთის გავლენა და ზეწოლის საშუალებები მეზობელ საქართველოზე საკმაოდ ძლიერია. კლაპერმაც სწორედ ეს იგულისხმა, რომ თავის დროზე, რუსეთს იქ გავლენის სრული აღდგენა არ გაუჭირდება“, - ამბობს მაიკლ კოფმანი.

ვაშინგტონში დაფუძნებული ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის წამყვანი ანალიტიკოსი ალექს ვატანკა კი თვლის, რომ დღესდღეობით მსოფლიოში ბევრი ადამიანია, ვინც ფიქრობს, რომ ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი ბარაკ ობამა საკმარისად არ ირჯება მათი ქვეყნებისთვის და სავარაუდოდ, საქართველოს მოსახლეობაც მეტ საჭიროებას ხედავს აშშ აქტიურად ჩაერიოს რუსული გავლენების აღკვეთის საქმეში.

ალექს ვატანკას თქმით, ჯეიმს კლაპერის განცხადება ამ რეალობის წარმოჩენას გულისხმობდა:

„ანალოგიური აღქმა არსებობს სავარაუდოდ, რუსეთის სხვა მეზობელ მცირე სახელმწიფოებშიც. თუმცა ფუნდამენტური პასუხი ისევ ამერიკის საგარეო პოლიტიკაშია და იმაში, თუ როგორ ავლენს ის საკუთარ ძალაუფლებას მსოფლიოში. პრეზიდენტ ობამას პოზიციაა, რომ ძლიერების წარმოსაჩენად საჭირო არ არის ყველგან სამხედრო ძალით მოახდინო ინტერვენცია. ამის ნათელი დადასტურებაა ამერიკის მონაწილეობა, ან როგორც ბევრი იტყვის - მონაწილეობის ნაკლებობა უკრაინაში. რაც შეეხება საქართველოს: ეს არის ქვეყანა, რომელიც დასავლეთისა და პერიოდულად, რუსეთის გავლენების ქვეშ ექცევა. ვფიქრობ, თუ რუსეთი გადაწყვეტს, რომ საქართველოზე მეტი ზეწოლა მიიტანოს, საქართველოს ძალიან გაუჭირდება ამის გადალახვა და დაძლევა. მიზეზი მარტივია: აშშ ომს არ დაიწყებს საქართველოში ვლადიმირ პუტინთან. იმ დრომდე, სანამ ამერიკის ხელისუფლების სათავეში ბარაკ ობამაა, ეს მიდგომა დარჩება. არ ვიცი, შესაძლოა უფრო მეტი კონცენტრირება გამოიჩინოს ამერიკის მომავალმა ადმინისტრაციამ. მაგრამ ამ ეტაპზე რუსეთი ფაქტობრივად მიშვებულია გააკეთოს ის, რაც მის ინტერესებს ემსახურება სამხრეთ კავკასიაში“, - ამბობს ალექს ვატანკა.

ბეჭდვა