აქ ახალი წელი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმთან ასოცირდება - როგორ ხვდებიან დამდეგ წელს საქართველოს საზღვრის დამცველები
აქ ახალი წელი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმთან ასოცირდება - როგორ ხვდებიან დამდეგ წელს საქართველოს საზღვრის დამცველები
12:29 30.12.2015
არსებობს სამსახურები, სადაც ახალი წელი მხოლოდ მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმთან ასოცირდება. ასეთ სამსახურებს შეიძლება მივაკუთვნოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, სახანძრო სამსახური, საპატრულო პოლიცია და ასე შემდეგ, რომლებიც ვალდებულნი და იძულებულნი არიან წლის ნებისმიერ დღეს და მათ შორის რა თქმა უნდა ახალ წელსაც მუდმივად მოქალაქეების უსაფრთხოებაზე იზრუნონ, მაგრამ იმ გმირებს, რომელთა შესახებაც ჩვენს საახალწლო რეპორტაჟში გვექნება საუბარი, გაცილებით რთული და საპასუხისმგებლო მოვალეობა აკისრიათ: მათ არა ერთი ან ორი მოქალაქის, არამედ მთელი ქვეყნის უსაფრთხოება აბარიათ და ვინაიდან, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა სწორედ მისი საზღვრიდან იწყება, გასაკვირი ნამდვილად არაა, რომ ახალი წელი საქართველოს საზღვრების დამცველებისთვის არა დღესასწაულთან, არამედ გაზრდილ პასუხისმგებლობასთან ასოცირდება.

როგორც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესმა“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მე-3 სამმართველოში (წითელი ხიდი) სტუმრობისას გაარკვია, ქვეყნის არაკეთილმოსურნეთ, თურმე სწორედ სადღესასწაულო დღეებში ებადებათ სურვილი საქართველოს საზღვარი ამა თუ იმ მიმართულებით გადაკვეთონ და სწორედ ამიტომ, სადღესასწაულო დღეებში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სამმართველოები მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადიან.

წელს კი, არსებულ საფრთხეებს კიდევ ერთი, ე.წ. ისლამური სახელმწიფოსგან მომავალი პოტენციური საფრთხეც დაემატა, რის გამოც, სასაზღვრო კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრებულია.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“, ქვეყნის საზღვრის დამცველებთან სტუმრობისას ბევრ საინტერესო ფაქტს გაეცნო, რომლებიც ცხადყოფენ, რომ საქართველოს საზღვრების დარღვევის მსურველების ამოცანა არცთუ ისე ადვილია და სწორედ ამის გამო, ქვეყნის პენიტენციალურ სისტემაში საკმაოდ მაღალია იმ პატიმართა ხვედრითი წილი, რომლებიც საქართველოს საზღვრის გადაკვეთას კანონის გვერდის ავლით ცდილობდნენ.

სხვათა შორის, სასაზღვრო პოლიციის მე-3 განყოფილებაში სტუმრობისას ჩვენ გავიცანით მესაზღვრე, რომელიც უკვე წლებია ახალ წელს არა საკუთარ ოჯახთან ერთად შამპანიურის ჭიქით, არამედ საზღვარზე, სრული ეკიპირებით, ავტომატით და ბინოკლით ხელში ხვდება.
როგორია მესაზღვრის დღევანდელი ყოფა, მათი ყოველდღიურობა, როგორ ხვდებიან მესაზღვრეები ახალ წელს, რას ნიშნავს მათთვის ეს დღესასწაული, როგორ ზრუნავენ ისინი იმაზე, რომ თანამოქალაქეებმა ეს დღეები მშვიდად იდღესასწაულონ და როგორ ულოცავენ ისინი სამშობლოს სადარაჯოდან ახალ წელს სრულიად საქართველოს, ამის შესახებ სასაზღვრო პოლიციის მე-3 სამმართველო (წითელი ხიდი), მე-8 სასაზღვრო სექტორის უფოსის მოადგილე, კაპიტან გიორგი მუშკუდიანთან ბლიც-ინტერვიუში შეიტყობთ:

newspress.ws.com.ge



-დავიწყოთ თქვენი დასაცავი მონაკვეთიდან, რა პერიმეტრს მოიცავს თქვენი სექტორი?

-სექტორის დასაცავი მონაკვეთი გახლავს 18.7 კილომეტრი აზერბაიჯანის საზღვართან, ხოლო პირა-პირა სექტორზე უკვე მარჯვენა ფლანგის დასასრულს არის სამი ქვეყნის ე.წ. სტიკი, აზერბაიჯანის, საქართველოსა და სასომხეთის საზღვარი.

-იმ ცნობილი ამბების გამო, რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება, საქართველომ მიიღო გარკვეული ზომები სასაზღვრო სექტორის გამკაცრებასთან დაკავშირებით. არსებობს ალბათობა, რომ ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირი ჰქონდეთ აქ მცხოვრებ მუსლიმანებსაც. ამ კუთხით რაიმე განსაკუთრებულ ზომებს თუ მიმართავს თქვენი სექტორი?

-ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, კონკრეტულად სასაზღვრო პოლიციაში მიღებული იქნა შესაბამისი ზომები. აღნიშნული გამოიხატება ყოველდღიურ სამსახურში, რაც მოიცავს სასაზღვრო განწესების, კონკრეტულად საზღვრის ხაზისა და პერიმეტრის დაცვას. დაცვის ინტენსივობა გაიზარდა და უწყვეტ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში ხდება სახელმწიფო საზღვრის დაცვა სხვადასხვა სახის განწესებით. ეს არის ღია და მოძრავი განწესები, ფარული განწესები, შენიღბული განწესები და ა.შ. ყველა იმ განწესის ინტენსივობა, რომელიც დადის სახელმწიფოს საზღვრის ხაზზე არის გაზრდილი და ფაქტიურად გაორმაგებულია.

-რამდენადაც მე ვიცი, იყენებთ კინოლოგიურ სამსახურსაც...

-რა თქმა უნდა, საზღვრის დაცვის საქმეში კინოლოგიური სამსახურის ჩართულობა მაქსიმალურია. კინოლოგიური სამსახური იყენებს შესაბამის გაწრთვნილ ძაღლებს, რომლებიც მუშაობენ კვალზე, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენა-დაფიქსირებაზე. მათი საშუალებით ასევე ხორციელდება დევნა, ძებნა და დაკავება.

-დარღვევების საშუალო სტატისტიკაზე რა შეგიძლიათ თქვათ და რა სახის დარღვევებს აქვს ადგილი კონკრეტულად ამ სამმართველოს დასაცავ მონაკვეთზე?


-არის ყველა სახის დარღვევა სახელმწიფო საზღვართან დაკავშირებით. ეს არის უკანონო კვეთიდან დაწყებული, სხვადასხვა საქონლის კონტრაბანდული გზით გადატანა - შემოტანა, ასევე ნარკოტიკული საშუალებების შემოტანა. მაგრამ ბოლო პერიოდში უფრო ისეთ შემთხვევებთან გვაქვს საქმე, როგორიც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის მცელობააა აღნიშნულ პერიმეტრზე, ხოლო სხვადასხვა პერიმეტრზე სპეციფიკის შესაბამისად, სხვადასხვა დარღვევებია. მაგალითად, არიან მესამე ქვეყნის მოქალაქეები, არიან მოსაზღვრე ქვეყნის, ჩვენს შემთხვევაში აზერბაიჯანის მოქალაქეები, რომლებიც არარეგალურად სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთის გზით ცდილობენ ქვეყანაში შემოღწევას.

-ეკონომიკურ დანაშაულს რაც შეეხება, ამაზე დამოუკიდებლად მუშაობთ, თუ საბაჟოსთან ერთად?

-რა თქმა უნდა ჩვენ სხვადასხვა დანაყოფებთან გვაქვს სამსახურეობრივი ურთიერთობა, ხოლო რაც შეეხება კონკრეტულად სახელმწიფო საზღვრის კვეთას, გადამკვეთი პირისა თუ ჯგუფის შემთხვევაში, თუ ფიქსირდება სხვა სახის დანაშაულიც საზღვრის კვეთის გარდა, რა თქმა უნდა შესაბამის ორგანოებთან ერთად ხდება ამა თუ იმ დანაშაულის გამოვლენა.

-ახლა სადღესასწაულო დღეები მოდის და ამ პერიოდში რას ელოდებით, სტატისტიკურად დარღვევები იმატებს თუ იკლებს?

-სტატისტიკურად დარღვევები საახალწლო პერიოდში იმატებს გამომდინარე იქედან, კონტრაბანდული გზით სხვადასხვა ნივთების, ასაფეთქებელი ნივთიერების გადატანა-შემოტანის ფაქტები ხშირდება. ასევე იმატებს ტკბილეულის თუ სხვა სახის პროდუქტების შემოტანა-გადატანის ფაქტები და აღნიშნულთან დაკავშირებით მაქსიმალურად მიღებული ღონისძიებებიდან გამომდინარე, ვცდილობთ, აღმოიფხვრას აღნიშნული დანაშაული და დაყვანილ იქნას მინიმუმამდე. შესაბამისად, მესაზღვრისთვის ახალი წელი არსებობს მხოლოდ საზღვარზე.

-როგორ ხვდებით ხოლმე მესაზღვრეები ახალ წელს?


-ახალი წელი საზღვარზე არის ჩვეული რიტმით მუშა პროცესი, შეიძლება ითქვას, რომ უფრო გაძლიერებული მუშაობაა, რადგან პოტენციურად დარღვევების რისკი იზრდება. აქედან გამომდინარე თითოეული მესაზღვრე, რომელიც საზღვრის დარგში ახდენს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას და ახალ წელს საზღვარზე ხვდება, ხვდება დიდი სიხარულით გამომდინარე იქიდან, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოება პირველ რიგში საზღვრის დაცვიდან მომდინარეობს. აქედან გამომდინარე საზღვარზე ახალი წელი არის ისეთივე, როგორიც თითოეული ჩვენთაგანის ოჯახში, მხოლოდ სამუშაო სიტუაციით.

-რაც შეეხება თვითონ თანამშრომლების სამსახურეობრივ პირობებს, დაწყებული ეკიპირებიდან, დამთავრებული სახელფასო უზრუნველყოფით და კვებით...

-აღნიშნულთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაუმჯობესებულია პირობები. რაც შეეხება კვებას, ვცდილობთ, რომ ის პროდუქცია, რომელიც შემოსულია თითოეულ განყოფილებაში და სექტორში, მაქსიმალურად მიწოდებული იქნეს პირად შემადგენლობამდე, იმისთვის, რომ კვება არის ერთ-ერთი უზრუნველყოფა თითოეული ადამიანის, რომ სამსახურის შესრულება ჯეროვნად შესძლოს.

-და ბოლოს, როგორ მიულოცავთ საქართველოს საზღვრიდან მოქალაქეებს ახალ წელს?


-შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია გილოცავთ ახალ წელს სრულიად საქართველოს. გფარავდეთ უფალი, დაესწარით მრავალს, წარმატებებით პირად ცხოვრებაში, წარმატებებით ჩვენი ქვეყნის ძლიერებით და ერთიანობით. საზღვრების უზრუნველყოფა, გამთლიანება, წინსვლა, ქვეყნის სიძლიერე ყოფილიყოს დასაბამი წლევანდელი წლის შემოსვლიდან. ხოლო სასაზღვრო პოლიცია უზრუნველყოფს თქვენი, თქვენი ოჯახების და სრულიად საქართველოს უსაფრთხოების დაცვას, საზღვრის კონტროლს. გილოცავთ ახალ წელს, დაესწარით მრავალს, უფალი გფარავდეთ!

-კაპიტან გიორგი მუშკუდიანთან საუბრისა და მისგან ასეთი გულითად-გულიანი დალოცვის შემდეგ, სასაზღვრო პოლიციის მე-3 სექტორის ინფრასტრუქტურის დათვალიერება გადავწყვიტეთ და ეს პროცესი, გამომდინარე თავისი ინტერესის დონიდან, კინოლოგიური სამსახურით დავიწყეთ.
მართალია ჩვენი მესაზღვრე ძაღლები ჟურნალისტების გამოჩენას და მითუმეტეს ფოტოაპარატების ჩხაკუნს დიდი სტუმართმასპინძლობით და სიხარულით არ შეხვედრიან და უფრო მეტიც, სიმყუდროვის დარღვევისთვის ჩვენთან ანგარიშის გასასწორებლად რკინის ცხაურების გამონგრევას გულმოდგინედ ცდილობდნენ, მაგრამ სწორედ ეს ძაღლები, ასევე არასტუმართმოყვრულად ხვდებიან საზღვრის დამრღვევებს, თანაც გაშლილ, საველე პირობებში. ტრიალ მინდორზე კი, მათთან შეხვედრას ნამდვილად არავის ვუსურვებთ.

newspress.ws.com.ge



ეს ძაღლები, უფრო სწორად ლეკვები, ბალტიისპირეთის ერთ-ერთმა რესპუბლიკამ ქართულ მხარეს 2008 წელს საჩუქრად გადმოსცა და დღეს სწორედ მათთან ერთად იცავენ ჩვენი მესაზღვრეები მე-3 სამმართველოს დასაცავ მონაკვეთს.

მე-3 სამმართველოს კინოლოგიური სამსახურის აღზრდილი ძაღლის, მეტსახელად „გრაფის“ შესახებ კი, ადგილობრივმა მესაზღვრეებმა გვიამბეს, რომ ახლო წარსულში მან რუსეთის მოქალაქე დაიჭირა, რომელიც საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას აზერბაიჯანის მხრიდან ცდილობდა.
დავესწარით აგრეთვე „გრაფის“ წვრთნასაც, როცა ის ნიჭიერი მოსწავლის სიბეჯითით ცდილობდა მწვრთნელის თითოეული მითითება გულდასმით შეესრულებინა.

newspress.ws.com.ge




newspress.ws.com.ge



სხვათა შორის, სწორედ გრაფს უკავშირდება ერთი საინტერესო ისტორიაც, როდესაც მან საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს „ზრდილობა დაუწუნა.“

კონკრეტულად კი, როდესაც პრეზიდენტი მესაზღვრეებს სტუმრობდა, სამხედრო წესით ყველა მესაზღვრეს მიესალმა, ხოლო „გრაფის“ გაწვდილი თათი უყურადღებოდ დატოვა. მოგვიანებით კი, როდესაც გაირკვა, რომ „გრაფსაც“ ისევე უნდოდა პრეზიდენტთან მისალმება, როგორც ადამიანებს, მას მარგველაშვილმა გული არ დასწყვიტა და სამმართველოში ამ ფაქტის ამსახველი ფოტომასალაცაა შენახული.

თუმცა მსგავსი სამხიარულო მოგონებები მესაზღვრეების ცხოვრებაში ნაკლებადაა, რადგან მათი სამსახური მუდმივ დაძაბულობასა და ყურადღებას მოითხოვს.
სასაზღვრო განწესი, პერიმეტრის კონტროლის დროს, ფეხით, ან სპეციალური, მაღალი გამავლობის კვადროციკლებით გადის, თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ საზღვრის პოტენციურმა დამრღვევმა შესაძლოა განწესის განრიგი შეისწავლოს, არსებობს ე.წ. საიდუმლო ჩასაფრება, რომელსაც საიდუმლო ჯგუფი ახორციელებს და რომლის მარშრუტი, ან ჩასაფრების ადგილი მკაცრად გასაიდუმლოებულია. როგორც ერთ-ერთმა მესაზღვრემ განგვიცხადა, საზღვრის პოტენციური დამრღვევის საქმე სწორედ მაშინაა წასული, როცა ის ჩათვლის, რომ სასაზღვრო განწესმა უკვე გაიარა და მის უკან დაბრუნებამდე საფრთხე აღარ არსებობს.
რაც შეეხება მესაზღვრის ყოველდღიურ ყოფას და პირობებს, ის, შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია და დთეს ქართველი მესაზღვრე, დაწყებული ეკიპირებით, გაგრძელებული სათანადო საკვებითა და დამთავრებული ყაზარმებში არსებული კომფორტით, სრულად უზრუნველყოფილია.

newspress.ws.com.ge



ამას მოწმობს ჩვენს მიერ მე-3 სამმართველოს სასადილოში გადაღებული ფოტოც, სადაც ახალ წელს ჩვენი ქვეყნის საზღვრის დამცველები ჩვეულებრივად შეხვდებიან ახალ წელს, მხოლოდ ჩვენგან განსხვავებით, ალკოჰოლური სასმელის გარეშე, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რისკი არაკეთილმოსურნეების მიერ საზღვრის დარღვევისა, სადღესასწაულო დღეებში უფრო მატულობს.


ბეჭდვა