ანაკლია პორტის მშენებელ კომპანიას საქართველოს მთავრობა უახლოეს მომავალში გამოავლენს
ანაკლია პორტის მშენებელ კომპანიას საქართველოს მთავრობა უახლოეს მომავალში გამოავლენს
13:41 19.11.2015
ანაკლია პორტის მშენებელ კომპანიას საქართველოს მთავრობა უახლოეს მომავალში გამოავლენს. ჩვენმა კორესპონდენტმა რამოდენიმე შეკითხვით მიმართა „ანაკლია პორტი და ეკო პარკი“ კონსორციუმის ხელმძღვანელს, ბატონ თეიმურაზ ქარჩავას.

-როგორ ფიქრობთ, რა უპირატესობას ფლობს თქვენი კონსორციუმი ანაკლია პორტის ტენდერის პროცესში თქვენს კონკურენტთან შედარებით?

ანაკლია პორტის პროექტთან მიმართებაში, სტრატეგიული და პოლიტიკური ასპექტების სრული გათვალისწინებით, ჩვენმა კონსორციუმმა აირჩია და შეიმუშავა ანაკლია პორტის დაფინანსების, მშენებლობისა და ოპერირების ძალიან დაბალანსებული სქემა.

პორტის დიზაინი და კონცეფცია, რომელიც ანაკლიის არც ერთ მოსახლეს არ ემუქრება იძულებითი გადასახლებით და რომელიც ბოლო 15 წლის განმავლობაში მუშავდებოდა, ერთობლივად მომზადდა ჩინური კომპანიის „CCCC Second Harbor Consultants“ და ქართული კომპანიის „მშენპროექტის“ მიერ.

ჩვენი კონსორციუმის კონცეფციის მიხედვით, პორტის პროექტი ზღვის სანაპიროს მხოლოდ 0.8 კილომეტრს იკავებს, მაშინ როდესაც ჩვენი ინფორმაციით, ამ ტენდერში მონაწილე მეორე კონსორციუმის დიზაინი იკავებს ზღვის სანაპიროს 3 კილომეტრზე მეტს. მათი პროექტი გადასახლებით ემუქრება დაახლოებით 200 ოჯახს. ჩვენი კონკურენტის დიზაინის მიხედვით პორტის ტვირთბრუნვა მიაღწევს მხოლოდ 30 მილიონ ტონას წელიწადში, ხოლო ჩვენი დიზაინის მიხედვით კი ყოველწლიური ტვირთბრუნვა გადააჭარბებს 100 მილიონ ტონას, რაც სატენდერო მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაშია.

სახელმწიფოსთან საინვესტიციო ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე ჩვენი კონსორციუმი იღებს ვალდებულებას დაუყოვნებლივ დაიწყოს და დროულად ჩაატაროს საფუძვლიანი ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა.

ჩვენი კონსორციუმი იღებს ვალდებულებას დაიწყოს პორტის პირველი ფაზის მშენებლობა 2016 წლის 1 ივლისს.

გარდა ამისა, მიწების დიდი ნაწილი, რომელიც ნებისმიერი კონცეფციის მიხედვით ხვდება პორტის ტერიტორიაში (კერძოდ 2100 ჰექტარი) ეკუთვნის შპს. „ანაკლია ეკო პარკსა და პორტს“, სადაც კომპანიის წილის 100% ეკუთვნის ბატონ თეიმურაზ ქარჩავას. აღნიშნული მიწები, რომლებიც მას 2012 წლის 4 ივნისს წინა ხელისუფლების მიერ უკანონოდ ჩამოერთვა, ამჟამად იმყოფება სასამართლო დავის ქვეშ და ექვემდებარება სამართლებრივად მობრუნებას.

ზემოაღნიშნული გარემოებები ჩვენს კონსორციუმს აშკარა უპირატესობას ანიჭებს საინვესტიციო ხელშეკრულების ხელმოსაწერად.

-რაც შეეხება ანაკლია პორტის პროექტისათვის დაფინანსების წყაროებს?

ჩვენი კომპანიის პარტნიორია ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო ენერგო-მაგნატი კომპანია „ფაუერჩაინა“, რომელიც კაპიტალის 15%-ში განახორციელებს ინვესტიციებს, კაპიტალის დანარჩენი 85% კი, რომელიც ამჟამად ჩემი კომპანიის, შპს. „ანაკლია ეკო პარკისა და პორტის“ მფლობელობაშია, გადანაწილდება ჩვენი კონსორციუმის პარტნიორებს შორის, რომლებიც არიან ქართული, ჩინური, ამერიკული, თურქული, შვეიცარიული და სხვა კომპანიები. გარდა ამისა, ჩვენი კონსორციუმი „ფაუერჩაინას“ სრული მხარდაჭერით ჩინეთიდან მოიზიდავს საპროექტო ღირებულების 70%-ს სესხის სახით.

საყურადღებოა ის გარემოება, რომ შპს „ანაკლია ეკო პარკი და პორტი“, „ფაუერჩაინა“ და ჩვენი სხვა პარტნიორები ამ პროექტის ფარგლებში არ ითხოვენ არავითარ სახელმწიფო ფინანსურ გარანტიას.

მარიამ ჩუბინიძე

ბეჭდვა