იაპონია ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრის ათეულშია
იაპონია ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრის ათეულშია
12:39 01.10.2015
ინტერვიუ იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ლევან ცინცაძესთან:

-საქართველო-იაპონიის ურთიერთობებზე რომ ვისაუბროთ, როგორია ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობა? ორმხრივი ურთიერთობების მიმართულებით რა წარმოადგენს საელჩოს საქმიანობაში მნიშვნელოვან საკითხებს?

-მოხარული ვარ აღვნიშნო რომ, როგორც ორმხრივ ასევე მრავალმხრივ ფორმატებში საქართველოს და იაპონიას შორის სრული ურთიერთგაგება და მხარდაჭერაა. იაპონია ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მიესალმება საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში და იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული პროცესი გეგმაზომიერად განხორციელდება.

ჩვენს ქვეყნებს საერთო ფუნდამენტური ღირებულებები: დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა აერთიანებთ. აღნიშნული პრინციპების მიმართ ერთგულება, ხელშეწყობა და აზრთა თანხვედრა დაფიქსირებულია საქართველოს პრეზიენტის ბ-ნი გიორგი მარგველაშვილის და იაპონიის პრემიერ-მინისტრის ბ-ნი შინძო აბეს ერთობლივ განცხადებაში, მშვიდობის და დემოკრატიის მხარდაჭერის შესახებ (Solidarity for Peace and Democracy), რომელსაც ხელი 2014 წლის 24 ოქტომბერს ქ. ტოკიოში მოეწერა.

გასული წლის 21-25 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ბ-ნი გიორგი მარგველაშვილის ოფიციალურმა ვიზიტმა იაპონიაში თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანა საქართველო-იაპონიის ორმხივი ურთიერთობები. გაჟღერდა მზადყოფნა სტრატეგიული თანამშრომლობის განხილვის დაწყების შესახებ და დაისახა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კონკრეტული პერსპექტივები ისეთ მსხვილ კორპორაციებთან, როგორებიცაა „Marubeni” და „ROTOBO”.

ქვეყნის პირველი პირების დონეზე მიღწეული შეთანხმებების შემდეგ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ, როგორც არსებული თანამშრომლობის, გაღრმავებას, ასევე ყურადღება გავამახვილოთ ორმხრივი ურთიერთობების თვისობრივად ახალ მიმართულებებზე, რომლებიც საელჩოს საქმიანობაში მნიშვნელოვან სიახლეებს წარმოადგენს.

-როგორც ცნობილია, მ.წ. 2 ოქტომბერს ქ. მილანში მსოფლიო გამოფენის “Expo Milano 2015”-ის ფარგლებში დაგეგმილია იაპონური სამზარეულოსა და ქართული ქვევრის ღვინის პოპულარიზაციის ერთობლივი ღონისძიება. რა ვითარებაში და ვისი ორგანიზებით დაიგეგმა ორი ქვეყნის ერთობლივი ღონისძიების ჩატარება და რა მნიშვნელობას ატარებს ის ?

-თანამშრომლობის ახალი მიმართულების მაგალითს, პირველ რიგში წარმოადგენს მ.წ. 2 ოქტომბერს ქ.მილანის მსოფლიო გამოფენის „Expo Milano 2015”-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიება, რომლის დროსაც გაიმართება იაპონური სამზარეულოს(和食- ვაშოკუ) და ქართული ქვევრის ღვინის ერთობლივი პოპულარიზაცია.

საღამოს მიზანია წარმოაჩინოს UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ორი კულტურული ფენომენი. აღნიშნული სახის პროექტი პირველად ხორციელდება და გამოირჩევა იმით, რომ კულტურის პოპულარიზაციის მიზნით თანამშრომლობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ორი ქვეყნით და მსოფლიო მასშტაბის ხასიათს იძენს. იქმნება, საზღვარგარეთ (მესამე ქვეყანაში) კულტურის ერთობლივი ძალისხმევით წარმოჩინების წარმატებული თანამშრომლობის პრეცენდენტი. ღონისძიება იაპონიის სოფლის, მეთევზეობის და სატყეო მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ჩვენი საელჩოს ხელშეწყობით გაიმართება.

ერთობლივი ღონისძიებების გამართვის იდეა პირველად გაჩნდა იაპონიის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ბ-ნ იოშიმასა ჰაიაშისთან ჩემი შეხვედრის დროს. ჩვენ განვიხილეთ ერთობლივი ღონისძიების გამართვის სამომავლო შესაძლებლობები, რომლის განხორციელებასაც საფუძველი მოგვიანებით იაპონიაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩაეყარა. ბ-ნ გიორგი მარგველაშვილთან ორმხრივ შეხვედრაზე, იაპონიის სოფლის მეურნეობის მაშინდელმა მინისტრმა ბ-ნ კოია ნიშიკავამ ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის კულტურულ მსგავსებებს, რომელიც საერთაშორისო დონეზე პირველად მილანში აისახება.

-როგორია ინტერესი ქართული ღვინის მიმართ და რა ვითარება განაპირობებს ქართული ღვინის პოპულარობის ზრდას იაპონიაში?


-საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით 2014 წელს იაპონია ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრის ათეულში შევიდა (ექსპორტის მთლიანი მოცულობის 32%-იანი წილით). 2015 წლის იანვარი-ივლისის პერიოდის მონაცემებით 10%-ით გაიზარდა იაპონიაში ღვინის იმპორტი და 90.194 ბოთლი შეადგინა. 2015 წლის თებერვლის მონაცემებით, იპონიაში ექსპორტირებული იყო დაახლოებით 40%-ით მეტი ღვინო, ვიდრე 2014 წლის იანვარ-თებერვალში.

ვფიქრობთ, რომ ღვინის მიმართ ინტერესის გაზრდაში გადამწყვეტი როლი ითამაშა საელჩოსა და იაპონიის სომელიეთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბებამ. ასოციაციის პრეზიდენტთან ბ-ნ მასაჰარუ ოკასთან შეხვედრის შემდეგ, დავიწყეთ მათი მხარდაჭერით ღვინის სემინარების და დეგუსტაციების მოწყობა, რომელშიც ღვინის სპეციალისტების, ჟურნალისტების გარდა იაპონიის ცნობილი სახეებიც იღებენ მონაწილეობას.

იაპონიაში ქართული ღვინის პოპულარიზაცის და იმპორტის გაზრდის მიზნით რეგულარულად ვიღებთ მონაწილეობას ფართომასშტაბიან გამოფენებში: “Foodex Japan” და “Wine and Gourmet”, რომლებიც აზიის ბაზარზე დამკვიდრების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა.

ბოლო პერიოდში, დიდი წარმატება ხვდა წილად ქართულ ღვინოს იაპონიაში გამართულ საერთაშორისო კონკურსებზე. 2015 წელს ჩვენი ეროვნული პროდუქცია „Sakura Japan Women Wine Awards”-ზე ბრილიანტის, ორმაგი ოქროს, და ვერცხლის, ხოლო „Japan Wine Challenge”-ზე ოქროს კატეგორიებში დაჯილდოვდა.

იაპონიაში ქართული ღვინის პოპულარობის ზრდას აგრეთვე, ხელი შეუწყო საელჩოს წამოწყებამ, შესწავლილ ყოფილიყო იაპონიაში გავრცელებული კოშუს ჯიშის ყურძნის და ქართული ყურძნის იდენტური მახასიათებლები. საკითხის შესასწავლად, ჩვენი ინიციატივით 2014 წელს იამანაშის პრეფექტურას ესტუმრა ექსპერტებით და ჟურნალისტებით დაკომპლექტებული ჯგუფი. აგრეთვე, მიკვლეულ იქნა მასალები, რომლებიც მოწმობს აღნიშნული ყურძნის ჯიშების მსგვასებას. იაპონელი მეცნიერების მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგები იძლევა საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ ორ ქვეყანაში გავრცელებულია ყურძნის ერთნაირი სახეობა.

-იგეგმება თუ არა საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკურ-კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და რას წარმოადგენს ამ მიმართულებით მომავალში დასახული გეგმები?

-მსურს ხაზი გავუსვა, რომ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ინტერესი საქართველოს საინვესტიციო გარემოს მიმართ.

2014 წელს საინვესტიციო პროექტების და ბიზნეს გარემოს შესწავლის მიზნით საქართველოს პირველად ეწვია იაპონიის ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან ვაჭრობის ასოციაციის (ROTOBO) მისია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ორგანიზაციის პრეზიდენტი, იაპონური კორპორაცია „Mitsubishi Heavy Industries“ ყოფილი პრეზიდენტი ბ-ნ ტაკეში ნიშიოკა. 2014 წელს საქართველოში ვიზიტი განახორციელა იაპონიური კორპორაცია „Marubeni” -ის დელეგაციამ. საქართველოსთან თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები კორპორაციის თავმჯდომარემ ბ-ნმა ტერუო ასადამ პირადად გააჟღერა საქართველოს პრეზიდენთან ბ-ნ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დროს ქ.ტოკიოში. საქართველოსთან თანამშრომლობით აგრეთვე დაინტერესებულნი არიან უმსხვილესი იაპონური კომპანიები „Itochu” , „NEC” (Nippon Electric Company) და „Mitsui”. იგეგმება „NEC”-ის ვიცე-პრეზიდენტის ბ-ნი მასაჰირო იკენოს ვიზიტი საქართველოში მიმდინარე წლის ბოლომდე.

ბოლო პერიოდის განმავლობაში პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების მკვეთრმა ინტენსიფიკაციამ, ხელი შეუწყო ქართული კულტურით დაინტერესების ზრდას და გამორჩეული პროექტების განხორციელებას.

2015 წელს ტოკიოს სიმფონიურმა ორკესტრმა, თანმხლები გუნდით (100-მდე წევრი) ქართულ ენაზე, იაპონიაში პირველად შეასრულა ქართველი კომპოზიტორის, ბ-ნი გია ყანჩელის ნაწარმოები „სტიქსი“. აღნიშნული გამოცდილება იძლევა საშუალებას ჩამოყალიბდეს ნაყოფიერი თანამშრომლობა ქართულ მხარესა და ორკესტრს შორის. ასევე ვცდილობთ, იაპონელ აუდიტორიას გავაცნოთ ქართული კინემატოგრაფიის თანამედროვე ნიმუშები. მ.წ. 22 აპრილს იაპონიის ეროვნულ პრეს-კლუბში მოეწყო ქართველი რეჟისორის ბ-ნი გიორგი ოვაშვილის ფილმის „სიმინდის კუნძული“-ს ჩვენება. საღამოს ადგილობრივი მედიის და კინო ხელოვნების ასზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. ევროკავშირის ფილმების ფესტივალის „EU Film Days” ფარგლებში მ.წ. მაისი-ივლისის პერიოდში იაპონიაში ნაჩვენები იქნა, კიდევ ერთი ქართველი რეჟისორის ბ-ნი ზაზა ურუშაძის ცნობილი ნამუშევარი „მანდარინები“. საელჩოს ხელშეწყობით ფესტივალს დაესწრო თავად ქართველი რეჟისორი და შეხვედრები გამართა იაპონელ მაყურებელთან.

ქართული კულტურის პოპულარიზაციის პარალელურად, ვცდილობთ ხელი შევუწყოთ იაპონიის კულტურის სფეროს წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტს.
იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით და საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მოწვევით მ.წ. ნოემბერში საქართველოს ეწვევა იაპონიაში მოღვაწე ცნობილი მხატვარი, კულტურის ელჩი ბ-ნი შუ კუბო. პროექტის ფარგლებში ქ. თბილისში და ქ. ბათუმში მოეწყობა ბ-ნი კუბოს პერსონალური გამოფენები და ახალგაზრდა თაობისთვის, უსასყიდლოდ ჩატარდება იაპონიაში გავრცელებული ქაღალდის დეკორატიული ჭრის-კირიეს (切り絵) შესასწავლი სემინარები.

მარიამ ჩუბინიძე

ბეჭდვა