ბრუნდება თუ არა გოჩა ძასოხოვი საქართველოში
ბრუნდება თუ არა გოჩა ძასოხოვი საქართველოში
14:36 15.07.2015
სააკაშვილის ხელისუფლების დროს საქართველოდან გაქცეული გოჩა ძასოხოვის დაბრუნების შესახებ ხმები ბოლო პერიოდის განმავლობაში რამდენჯერმე გავრცელდა.

როგორც აცხადებენ, ის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა, თუმცა საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესს“ ეს ფაქტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ დაუდასტურეს.

გთავაზობთ გოჩა ძასოხოვის მოკლე რეზიუმეს, რომელიც ქართული მედიის მიერ, სხვადასხვა დრო გამოქვეყნებულ მასალებს ეყრდნობა:

მას სააკაშვილმა ჩვენი დროის გმირი უწოდა. ეს ტიტული გოჩა ძასოხოვმა, ქობულეთში, ციტრუსის გადამამუშავებელი ქარხნის გახსნის შემდეგ მიიღო. ამ ამბიდან ძალიან მალე, ის ნაციონალებმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს.

2006 წელს სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის შექმნა გადაწყვიტა. კოკოითის საპირწონედ ისეთი კაცი უნდა მოეძებნათ, რომელიც ოსებშიც და ქართველებშიც პატივისცემით ისარგებლებდა.
წარმოშობით ოსი ბიზნესმენი გოჩა ძასოხოვი ამ პოსტისთის იდეალურ კანდიდატურა იყო. მას თბილისშიც და ცხინვალშიც პატივს სცემდნენ. ძასოხოვმა შეთავაზება არ მიიღო, რის გამოც სააკაშვილი გაუნაწყენდა. ამის შემდეგ მისი ბიზნესის შევიწროება დაიწყო. როგორც გოჩა ძასოხოვი აცხადებდა, დაიწყო მისი თვალთვალი და მუქარა. 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე ის ქართულ დელეგაციასთან ერთად წავიდა.

ბიზნესმენი ამავდროულად, ფილას სენატორთა ჯგუფის წევრია. როგორც გავხსოვს, ეს ოლიმპიადა ცხინვალის 5 დღიან ომს დაემთხვა. ომის დასრულებიდან რამდენიმე დღეში თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, გოჩა ძასოხოვი ჩასული იყო ცხინვალის რეგიონში და თავის ბანდფორმირებასთან ერთად ქართულ სოფლებს აწიოკებდა. არადა ზუსტად იმ დღეს ყველამ ნახა ტელევიზიით, როგორც აჯილდოვებდა ის ოლიმპიადაზე გამარჯვებულ მოჭიდავეებს პეკინში.

როგორც მაშინ აპრობირებული იყო, ამას ყურადღება აღარავინ მიაქცია, ხელისუფლებამ კი მისი ქონება დააყადაღა. ძასოხივი საქართველოში ვეღარ დაბრუნდა. საქართველოში ვერც მისი მეუღლე და 5 შვილი დაბრუნდა. ისინი

დასასვენებლად იყვენენ საზღვარგარეთ წასული. ხელისუფლებამ მათი საცხოვრებელი ბინაც დააყადაღა.
2012 წლის 1-ლი ოქტომბრის შემდეგ მას იმედი გაუჩნდა რომ საქართველოში დაბრუნდებოდა თუმცა ის პარლამენტმა პოლიტდევნილების სიაში არ შეიყვანა. ამას გარკევული კითხვები მოჰყვა.
პარლამენტში მოგვიანებით ახალი სია შეიქმნა. არსებული ინფორმაციით, ამ სიაში ძასოხოვის გვარიც ფიგურირებდა. პარლამენტმა ეს სია პროკურატურაში გადაადგზავნა, თუმცა ეს პროცესი ახლა გაჩერებულია.

შოთა მაჭავარიანი
ბეჭდვა