ამერიკაში მოქმედი ქართული ანსამბლი „ფესვები“ საქართველოშია
ამერიკაში მოქმედი ქართული ანსამბლი „ფესვები“ საქართველოშია
14:33 15.07.2015

ნიუ-იორკში, პირველი ქართული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი “ფესვები’’ რომლის შემქმნელები და

ხელმძღვანელები ვანო გოდერძიშვილი და შორენა ბარბაქაძე არიან, დაარსებიდან 15 წელზე მეტს ითვლის.
ამ ადამიანებმა თავიანთი პირველი ნაბიჯები ანსამბლის შესაქმნელად მაშინ გადადგეს, როცა ქართველ ემიგრანტთა რაოდენობა ამერიკაში მხოლოდ რამდენიმე ასეულს ითვლიდა. მას შემდეგ ისინი დღემდე დაუღლელად აკეთებენ თავიანთ დიდ საქმეს, საქმეს, რომელსაც ქართული ჰქვია. ამიტომაც ისინი, ანსამბლის ჩამოყალიბებაში და განვითარებაში, ანსამბლის წევრებისათვის ქართული კულტურის შენარჩუნებაში განუზომელი წვლილის მქონენი არიან.

ანსამბლი ,,ფესვები ‘’ ძირითადად ამერიკაში დაბადებული ქართველი და ასევე არაქართველი ბავშვებისაგან შედგება. ისინი პირველად ეწვივნენ საქართველოს მათი ხელმძღვანელისა და მთავარი ქორეოგრაფის შორენა ბარბაქაძის ხელმძღვანელობით, სადაც საქველმოქმედო კონცერტები ჩაატარეს.
„ამერიკელი ქართველები“ კონცერტებიდან შესულ თანხას 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად გადარიცხავენ.
აქვე, აღსანიშნავია, რომ ქველმოქმედება მათთვის უცხო არ არის. ანსამბლი ყოველთვის გვერდში უდგას ამერიკაში ქართული ეკლესიების დასახმარებლად გაწეულ საქველმოქმედო კონცერტებს და ქართველების მიერ გამართულ სხვა ღონისძიებებს.

ამერიკული ცხოვრების რთული პირობებიდან გამომდინარე, ადვილი არაა გააკეთო ასეთი დიდი ეროვნული საქმე, მაგრამ ვანო გოდერძიშვილმა და შორენა ბარბაქაძემ მოახერხეს და ერთმანეთს შეუთავსეს აქაური ცხოვრების წესი, შემოქმედება და მათი დიდი ოჯახი
აი ასე, ჩვენთვის სულიერ და მორალურ ფასეულობებთან შეუთავსებელ გარემოში დაიბადა ქართული გენი-ანსამბლი ,,ფესვები‘’.
ამ ანსამბლის არსებობა ამერიკაში, ყველა ქართველი ემიგრანტისათვის განუსაზღვრელი მნიშვნელობისაა.
„მათი ყოველი გამოსვლა ჩვენში იწვევს განსაკუთრებულ ემოციებს და აღვიძებს საკუთარი ტრადიციებისადმი, საკუთარი ფესვებისადმი პატივისცემას. მათი არსებობა ნამდვილადაა გამოხატულება იმისა, თუ როგორ შეიძლება შეინარჩუნო სამშობლოდან მოწყვეტილმა სადღაც ოკეანის გაღმა, უცხოეთის ცის ქვეშ ეროვნილი ტრადიცია და ეროვნული კულტურა.

უნდა ითქვას, ამჟამად უკვე ამერიკაში რამდენიმე ქართული ქორეოგრაფიული ჯგუფია ჩამოყალიბებული მაგრამ „ფესვები’’მათგან განსხვავებული და გამორჩეულია და გამორჩეულად დარჩება ბოლომდე.

აქ მცხოვრები ქართველები ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სამშობლო ღირსეულ მასპინძლობას გაუწევს მათ და ეს იქნება დასტური იმისა, რომ საქართველოსაგან მათი მრავალწლიანი, მუხლჩაუხრელი შრომა დაფასებულია და არ არის დავიწყებული…
მერწმუნეთ ამით მათ შეუმსუბუქდებათ ის ტვირთი, რომელსაც წლების განმავლობაში ატარებენ საქართველოსაგან შორს…
თავის მხრივ კი ანსამბლი ,,ფესვები ‘’ საქართველოს აჩვენებს იმ სულისკვეთებას ,რომელიც ჩვენს წინაპრებს გააჩნდათ და როგორიც საქართველოს ისტორიას ეკადრება“ - აცხადებენ შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველები.

ლელა ჭელიძე:საინფორმაციო სააგენტო NEWSPRESS—ის ბიურო ამერიკა-კანადაში

 

ბეჭდვა