გიორგი ჯანჯღავა: საუდის არაბეთის პრინცის ვიზიტი, ბევრი პოტენციური ინვესტორისთვის სერიოზული სიგნალია
გიორგი ჯანჯღავა: საუდის არაბეთის პრინცის ვიზიტი, ბევრი პოტენციური ინვესტორისთვის სერიოზული სიგნალია
15:49 11.06.2015
საქართველოს 10 ივნისს, მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი და ასევე უმსხვილესი ინვესტორი, საუდის არაბეთის პრინცი ესტუმრა.
როგორც აღმოჩნდა, საუდის არაბეთის პრინცი ერთ-ერთი უდუიდესი ინვესტორია ისეთ ქვეყანაში, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია.
რა პერსპექტივა აქვს საქართველო-საუდის არაბეთის ეკონომიკურ ურთიერთობას და რა პერსპექტივები არსებობს კონკრეტულად რეგიონთან, ამ საკითხებზე საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესს“ საქართველოს ელჩი საუდის არაბეთში გიორგი ჯანჯღავა ესაუბრება:

-საუდის არაბეთის პრინცის ვიზიტი საქართველოში საკმაოდ რეზონანსული გამოდგა. რა მნიშვნელობა აქვს ამ ვიზიტს საქართველოსთვის და ორმხრივ ურთიერთობებში რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს მას?
პრინც ალ-ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზ ალ საუდის ვიზიტს საქართველოში უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მოგეხსენებათ, რომ საუდის არაბეთი მსოფლიოში ერთერთი წამყვანი ინვესტორი ქვეყანაა, უშუალოდ პრინცი კი გახლავთ ერთ-ერთი უმდიდრესი და ცნობილი ადამიანი, როგორც ბიზნეს ასევე საზოგადოებრივ წრეებში და არა მხოლოდ საუდის არაბეთში, არამედ მთელს მსოფლიოში.
შესაბამისად, მისი ვიზიტი არის სერიოზული სიგნალი ბევრისთვის, რასაც დიდი გაგრძელება მოჰყვება. როგორც წესი პრინცის მსგავსი სახის ვიზიტები დიდი ინტერესის საგანია და მის ყოველ ნაბიჯს, რომელიც უკავშირდება ბიზესსაქმიანობას, დიდი ყურადღებით აკვირდებიან.
-ითქვა რომ პრინცი უახლოს მომავალში გამოაგზავნის სამუშაო ჯგუფს საქართველოში, თუ გამოიკვეთა კონკრეტული საინვესტიციო ხაზი?
ჩვენი ინფორმაციით პრინცი უახლოეს მომავალში ჩაატარებს სამუშაო შეხვედრას თავისი ჰოლდინგის წამყვან ეკონომისტებთან, რათა დაისახოს ერთობლივი გეგმები საქართველოსთან მიმართებაში. ამას უკვე მოჰყვება რამდენიმე კაციანი ჯგუფის მივლინება საქართველოში, რათა ადგილზე გაეცნონ დეტალებს და განიხილონ შესაძლებლობები.
პრინცი ალ-ვალიდი ძირითადად ინვესტიციებს ახორციელებს ტურისტულ ბიზნესში, ცნობილი სასტუმროების ქსელის უმსხვილესი მეწილე და მფლობელია, საბანკო სფეროში და მასმედიაში. ასევე, მკითხველს დააინტერესებს, რომ იცოდეს რომ პრინცი გახლავთ საუდის არაბეთიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი.
-ელოდებით თუა არა საუდის არაბეთის მხრიდან საქართველოში ინვესტიციების მიმართ ინტერესის გაზრდას? და რა არის ის მიმართულებები რაშიც შეიძლება მხარეების მეტი ინტერაქცია?
ბუნებრივია, ველით ინვესტიციების ზრდას. როგორც წესი პრინც ალ-ვალიდის ვიზიტს მოჰყვება სხვა დიდი ინვესტორების დაინტერესება საქართველოთი და უკვე არა მარტო ტურისტულ სექტორში, არამედ სოფლის მეურნეობაში, ენერგეტიკაში და ა.შ. ვინაიდან საქართველოს ცნობადობა ზოგადად საუდის არაბეთში და რეგიონის ქვეყნებში კიდევ უფრო იზრდება, რაც თვალნათლივ ჩანს, თუნდაც საუდის არაბეთიდან ვიზიტორთა ზრდაში. გასულ წელს ქვეყანას ესტუმრა 6500 ტურისტი საუდის არაბეთიდან. ზოგადად ყურის ქვეყნებიდან კი 15000-მდე, რაც მიუთითებს იმას, რომ რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. ტურისტებთან ერთად დარწმუნებით შეიძლება ითქვას, ინვესტორთა რაოდენობა მოიმატებს. ასევე საგულისხმოა, რომ საუდის არაბეთში საქართველოს საელჩო ოფიციალურად გაიხსნა იანვრის შუა რიცხვებში. ამ მოკლე პერიოდის განმალობაში უკვე ბევრი რამ მოხერხდა, მათ შორის პრინცის ვიზიტი მომზადება. საელჩოს ურთიერთობა აქვს, სხვა პოტენციურ ინვესტორებთანაც, რათა ახლო მომავალში ისინიც ესტუმრონ საქართველოს.
-ზოგადად რეგიონში, რომელსაც თქვენ ფარავთ რამდენად არსებობს პოტენციალი თანამშროლობის განვითარების და წარმოადგენს თუ არა საქართველო მათი ინტერესის საგანს?
საქართველოს საელჩო ფუნქციონირებს საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში, ამავდროულად აკრედიტებულები ვართ ბაჰრეინის სამეფოში, ომანის სასულთნოში და იემენის რესპუბლიკაში. იემენში მოგეხსენებათ საომარი მოქმედებებია, ხოლო რაც შეეხება ბაჰრეინს და ომანს, ეს არის მზარდი პოტენციალის, ნავთობმომპოვებელი ქვეყნები, რომლებიც ასევე, ძალიან საინტერესო არიან, როგორც პოტენციური ინვესტორები საქართველოში, მათთან ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სამინისტროს ხელმძღვანელობასთან ერთად. ომანთან უკვე იყო გარკვეული ნაბიჯები გადადგმული მიმდინარე წელს. კერძოდ, ჩატარდა კონსულტაციები ქალაქ მასკატში საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. შემოდგომაზე ვაპირებთ ბაჰრეინთან განვახორციელოთ ანალოგიური. საუდის არაბეთთან, ომანთან და ბაჰრეინთან მომავალში უფრო გავააქტიურებთ ეკონომიკურ ურთიერთობებს, რაც გამოხატება ბიზნეს ფორუმებით, უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტებით, საინფორმაციო ტურებით და ა.შ.

ესაუბრა თამარ მამარდაშვილი



ბეჭდვა