«San Francisco Chronicle» (აშშ): ქვეყანა, სადაც იოსებ სტალინის აღორძინების პროცესი გრძელდება
«San Francisco Chronicle» (აშშ): ქვეყანა, სადაც იოსებ სტალინის აღორძინების პროცესი გრძელდება
11:44 11.05.2015
გაზეთ «San Francisco Chronicle»-ში (აშშ) ჯერ ეპშტეინის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია საქართველოში, ქალაქ გორში არსებული იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმის დათვალიერების შთაბეჭდილებები, აგრეთვე ი.ბ.სტალინის პოპულარობისა და სიძულვილის მიზეზები.

„მსოფლიოს დიდი ნაწილისათვის იოსებ სტალინს იცნობენ როგორც დაუნდობელ დიქტატორს, ათობით მილიონი ადამიანის სიკვდილზე პასუხისმგებელ პიროვნებას, პოლიტიკური წმენდების, მასშტაბური დაჭერა-დაპატიმრებების, ციმბირში გადასახლებების ინიციატორს... მაგრამ ეს ნაკლებად ეხება საქართველოს, 5-მილიონიან შავიზღვისპირა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, სადაც იოსებ სტალინი დაიბადა და სადაც სრული სვლით მიმდინარეობს საბჭოთა ბელადის ხსოვნის აღდგენა. საქართველოს ქალაქ გორში მისი სახლ-მუზეუმი არსებობს, სადაც გამოფენილია 1929-1953 წლებში ბელადის ცხოვრების ამსახველი ექსპონატები: აქაა იოსებ სტალინის პოეტური ქმნილებების კრებული, მისი ტყავის ჩექმები, პორტრეტები და სიკვდილის შემდგომი ნიღაბი: „ზოგიერთებისათვის იოსებ სტალინის მმართველობის დრო კარგი იყო - ისინი დასაქმებულნი იყვნენ, სახლები და ხელფასები ჰქონდათ“, - ამბობს სახლ-მუზეუმის გიდი ნათია ჯოლბორდი. მართლაცდა, ბელადის დროს საბჭოთა კავშირი ძლიერი სახელმწიფო იყო, რომელმაც ფაშისტური გერმანია დაამარცხა და ნახევარი ევროპა „გააწითლა“. სწორედ ამიტომაც სტალინს მხარს უმეტესად ასაკოვანი ადამიანები უჭერენ“, - ამბობს ეკა ტყეშელაშვილი, საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი.

ამასთან, იოსებ სტალინის მმართველობის დროს ბევრი ქართველიც დაზარალდა: მან ხელი შეუწყო საქართველოზე საბჭოთა რუსეთის თავდასხმას, რითაც ბოლო მოუღო საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოს, რომელიც 1918-1921 წლებში არსებობდა, ხოლო მომდევნო ათწლეულებში, საბჭოთა პერიოდში, თითქმის 80 ათასზე მეტი ქართველი იქნა დახვრეტილი (თბილისში არსებული ოკუპაციის მუზეუმის მასალების მიხედვით).

„ვლადიმირ პუტინი რუსეთში იოსებ სტალინის კულტის აღორძინებას ახდენს“, - ამბობს ირაკლი ფორჩხიძე, სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის დამფუძნებელი, - მას სურს, რომ მოსახლეობამ ტირანებს პატივი სცეს, რომ მოსახლეობას ტირანებისა ეშინოდეს“.

სხვათაშორის, შაბათს რუსეთში, სოფელ ხოროშევოში, მოსკოვიდან 120 კმ-ის მოშორებით, გორის მუზეუმის მსგავსი კიდევ ერთი მუზეუმი იხსნება, რომელიც გერმანიაზე (ადოლფ ჰიტლერზე) გამარჯვების 70 წლისთავის აღსანიშნავად იოსებ სტალინს უდიდეს სახელმწიფო მოღვაწედ, მსოფლიო პოლიტიკოსად და ლიდერად წარმოადგენს.

გორის მუზეუმში კი ბოლო დროს კიდევ ერთი ექსპოზიცია გაიხსნა, რომელშიც იოსებ სტალინის მიერ ჩადენილი „ცოდვებია“ ასახული: ჩამოწერილია შრომით ბანაკებში გადასახლებული ქართველების გვარები, გამოფენილია იმ საბჭოთა ლიდერების სურათები, რომლებიც დიქტატორის ბრძანების თანახმად იქნებნ დახვრეტილნი... არის აგრეთვე 2008 წლის რუსეთის აგრესიის ამსახველი მასალებიც.

მუზეუმის დამთვალიერებლებს საშუალება ეძლევათ ავიდნენ იოსებ სტალინის რკინიგზის ვაგონში, რომლითაც იგი მეორე მსოფლიო ომის დროს დადიოდა, აგრეთვე მოინახულონ აგურითა და ხით აგებული ღარიბული ერთოთახიანი სახლი, სადაც იოსებ სტალინი 1879 წელს დაიბადა. მამამისი ხარაზი იყო, დედა კი მკერავი, ღრმად მორწმუნე ქრისტიანი. დედამისს სურდა, რომ შვილი მღვდელი გამოსულიყო, ამიტომაც მიაბარა სასწავლებლად თბილისის სასულიერო სემინარიაში, თუმცა ახალგაზრდა სოსო ჯუღაშვილი რევოლუციურმა იდეებმა გაიტაცა. მოგვიანებით მას „სტალინი“ უწოდეს, რაც „ფოლადის ადამიანს“ ნიშნავს.

გორში იოსებ სტალინს ლოიალურად უყურებენ. ქალაქის მთავარ ქუჩას „სტალინის სახელი ჰქვია. მისი 20-მეტრიანი ქანდაკება წლების განმავლობაში მთავარ მოედანზე იდგა, 2010 წელს კი მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით მოხსნეს. მოგვიანებით, გორის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილების თანახმად, ქანდაკება მუზეუმის ტერიტორიაზე უნდა დაიდგას.

სხვათაშორის, ის ქართველებიც კი, რომლებიც იოსებ სტალინის საქმიანობას გმობენ, გაკვირვებულნი არიან, თუ როგორ გახდა საეკლესიო გუნდის მგალობელი ბიჭი მსოფლიო ლიდერი: „მისთვის საქართველო პატარა ქვეყანა იყო“, - ამბობს ირაკლი ფორჩხიძე, - „მან თავისი ადგილი იმპერიაში იპოვა და მას მართავდა კიდეც“.

ბეჭდვა