«EurasiaNet» (აშშ): ნინო ბურჯანაძის პოზიციას სულ უფრო მეტი ადამიანი ეთანხმება
«EurasiaNet» (აშშ): ნინო ბურჯანაძის პოზიციას სულ უფრო მეტი ადამიანი ეთანხმება
10:59 25.03.2015
ამერიკული გამოცემა «EurasiaNet»-ი, საქართველოს შიდაპოლიტიკური ვითარებისა და ქვეყნის საგარეო კურსის შესახებ, ასევე ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ანალიტიკოს პოლ რიმპლის მასალას აქვეყნებს, რომლის რეზიუმეს საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:

დასავლეთში ცოტა თუ ვინმე ეჭვობს, რომ საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის კურსი მტკიცედ აქვს აღებული, მაგრამ ქართული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების ფონზე, რომელმაც რესპუბლიკის მყიფე ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა მოახდინა, სულ უფრო მეტად გაისმის ხმები საქართველოს მოსახლეობის დასარწმუნებლად - გადახედონ თავიანთ შეხედულებებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის უპირატესობასთან მიმართებით.

კრიტიკული თავდასხმების სამიზნე სულ უფრო მეტად ხდება ნატო, რომლის სასწავლო ცენტრი საქართველოში მიმდინარე წლის ბოლოს უნდა გაიხსნას. უკრაინის კრიზისის ფონზე, როცა რუსეთი, ნატოსთან ინტეგრირების მსურველი კიევის საწინააღმდეგოდ, მხარს პრორუსულ დონბასს უჭერს, ქართველების პოზიცია შესაძლოა გასაგებიც იყოს, მაგრამ ნატოს მოწინააღმდეგენი საკითხს ეკონომიკური ჭრილით უდგებიან: მათთვის უმჯობესია ვაჭრობის გაფართოება რუსეთთან და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებთან. მათი აზრით, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს საკუთარი თავის გადასარჩენად.

ნატოს ერთ-ერთი აქტიური მოწინააღმდეგეა მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, „ლუდის ბარონად“ წოდებული, 74 წლის მრეწველი გოგი თოფაძე. თუმცა იგი თავის ბოლოდროინდელ ინტერვიუებში ისეთ თვალსაზრისს გამოხატავს, რომელიც ხელისუფლების ოფიციალური პოზიციისაგან რადიკალურად განხვავდება: აკრიტიკებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს და დადებითად აფასებს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს. მისი თქმით, ნატო სამხედრო ორგანიზაციაა და მასში გაწევრიანება საქართველოს უფრო მოწყვლადს გახდის [ზოგიერთი მეზობელის მხრიდან].

როგორც საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა EurasiaNet-თან საუბარში, დეპუტატ გოგი თოფაძის თვალსაზრისი მთავრობის პოზიციას არ ასახავს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების „ნატოსკენ სწრაფვა - ეს არის ბილეთი ერთი მამართულებით“ - ალიანსში გაწევრიანების მიზნით. ირაკლი სესიაშვილმა არ გაიზიარა მოსაზრება, რომ ქართულ საზოგადოებაში ნატოსადმი კრიტიკული დამოკიდებულება მატულობს და რომ დასავლეთი საქართველოს დაპირებების გარდა არაფერს აძლევს. „ჩვენ თვალს ვადევნებთ უკრაინაში და მოლდოვაში მიმდინარე პროცესებს. იგივე ხდება საქართველოშიც“, - ამბობს იგი.

საქართველოში ბოლო დროს თავი წამოჰყვეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებთაც „ნატოსაკენ აღებული ბილეთის“ გაუქმება სურთ. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციაა „ერეკლე მეორის საზოგადოება“, რომელსაც ნატოში გაწევრიანების საკითხზე ახალი რეფერენდუმის ჩატარება სურს (2008 წლის რეფერენდუმის შედეგებით, რომელსაც სავალდებულო ხასიათი არ ჰქონდა, ქართველების 70%-მა ნატოში ინტეგრირებას მხარი დაუჭირა).

არსებობს აგრეთვე ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტი“, რომელიც „ქართული ფესვების მქონე რუსი ბიზნესმენების“ მიერ ფინანსდება. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე უარყოფს, რომ რუსეთის ფედერაცია „ევრაზიის ინსტიტუტს“ და სხვა მსგავს არასამთავრობოებს ნატოს საწინააღმდეგო კამპანიისათვის იყენებს. „პირიქით, ჩემი მოქმედებით მე საქართველოს ინტერესებს ვიცავ“, - ამბობს რცხილაძე და ხაზს უსვამს, რომ ამერიკული ინსტიტუტების მიერ დაკვეთილი გამოკითხვების შედეგები სარწმუნო არ არის - ისინი აშშ-ის გეოპოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება. „ხშირად დავდივარ რაიონებში, თბილისს გარეთ და ვიცი, რომ მოსახლეობას რუსეთთან ურთიერთობის განახლება სურს“.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ეკონომიკური კრიზისია და რუსი ჯარისკაცები ცხინვალის ხელისუფლებას ეხმარებიან საქართველოსთან საზღვრების დაცვაში, ბევრი ქართველი გულბაათ რცხილაძის პოზიციას მაინც მხარს უჭერს. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერიდან ცხრა თვე გავიდა, შედეგი კი ჯერ-ჯერობით არაფერია. „ევროპა შორსაა... ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპელები საქართველოში თავისუფლად ჩამოდიან, კომპანიებს ხსნიან, ფულს აკეთებენ, ჩვენ კი იქ წასვლა არ შეგვიძლია“, - დაიჩივლა 54 წლის ტაქსისტმა ნიკა ჯავახიშვილმა EurasiaNet-თან საუბარში.

როგორც ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს (იგი ოდესღაც პროდასავლელი მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრე იყო), „სიტუაციას რეალურად უნდა შევხედოთ: როგორ უნდა შევიდეთ ნატოში, როცა რუსეთი ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფება? რატომ ვაგრძელებთ ერთიდაიგივეზე საუბარს, როცა აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა გვეუბნება, რომ [ნატოში თქვენი გაწევრიანება] შეუძლებელიაო? საკითხი ობიექტურად უნდა შევაფასოთ: ჩვენ ვერც ნატოს წევრი ვერ გავხდებით, არც უვიზო რეჟიმს არ მოგვცემენ. ევროკავშირი გაფართოებისათვის მზადა არ არის და არც საქართველოა მზად წევრობისათვის“.

როგორც ჩანს, ნინო ბურჯანაძის პოზიციას სულ უფრო მეტი ადამიანი ეთანხმება. მართალია, მისი რეიტინგი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ერთ პროცენტამდე დაეცა, მაგრამ 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს ნინო ბურჯანაძემ ხმების 10% მაინც მოაგროვა. თითქმის იგივე შედეგს მიაღწია მისმა პარტიამ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების დროსაც.

მართალია, კრიტიკოსები ნინო ბურჯანაძეს და მსგავსი თვალსაზრისის მქონე სხვა ქართველ პოლიტიკოსებს ხშირად კრემლის პოლიტიკის გამტარებლად წარმოსახავენ, მაგრამ როგორც სტრატეგიული კვლევების ქართული ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი ამბობს, „ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზაზე საგრძნობი წარმატების არქონას“ მართლაც შეუძლია გავლენის მოხდენა საზოგადოებრივ აზრზე, რუსეთთან ურთიერთობის საკითხში. მისი თქმით, კრემლი ამით სარგებლობს და დიდი ყურადღებას აქცევს „რბილი ძალის“ სტრუქტურებით (ანუ პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციებით) მუშაობას, რომლის მეშვეობით დასავლეთი „ჩვენი ტრადიციული ფასეულობების“ მოწინააღმდეგედაა წარმოჩენილი.

„ჩვენი ხელისუფლება პატივს სცემს სიტყვის თავისუფლებას, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი, - არ მოგვწონს, რომ ადამიანები რუსეთის ინტერესებს ლობირებენ, მაგრამ ამის გამო მათ ვერ დავაპატიმრებთ“.


ბეჭდვა