«რადიო ამერიკის ხმა» (აშშ) - ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: ბორის ნემცოვის მკვლელობა და რუსეთის პერსპექტივა
«რადიო ამერიკის ხმა» (აშშ) - ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: ბორის ნემცოვის მკვლელობა და რუსეთის პერსპექტივა
10:17 06.03.2015
აშშ-ის რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ რუსულენოვანი სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში, საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კომენტარს უკეთებს „რუსეთის დიდი დანაკარგს“ - ოპოზიციონერ ბორის ნემცოვის მკვლელობას და მსჯელობს რუსეთის განვითარების „საშუალო- და გრძელვადიან პერსპექტივებზე“.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
„ამერიკის ხმა“: თქვენი აზრით, როგორ უყურებენ რუსეთს დასავლეთში ბორის ნემცოვის მკვლელობის შემდეგ და როგორ შეიცვლება სიტუაცია რუსეთში?
მიხეილ სააკაშვილი: იცით, ბორის ნემცოვი გაბედული და შეიძლება ითქვას, თავზე ხელაღებული კაცი იყო. ბოლო დროს მე მასთან ხშირი კონტაქტები მქონდა, განსაკუთრებით მისი სიცოცხლის უკანასკნელ კვირეებში. ისე მოხდა, რომ იგი კიევში იმყოფებოდა, სადაც მეც ხშირად ჩავდივარ როგორც პირადი მიზეზებით, ისე სამსახურებრივი მოვალეობის გამო. როგორღაც ჩვენი გზები გადაიკვეთა. ალბათ, მას ჩემთან ურთიერთობა მოსწონდა. რასაკვირველია, ბორის ნემცოვი მეც მაინტერესებდა. ადრე ჩვენ ძალიან ბევრს ვდავობდით, ერთმანეთს არ ვეთანხმებოდით, თუმცა მისი სიცოცხლის ბოლო პერიოდში ერთმანეთის აზრს უფრო მეტად ვიზიარებდით ხოლმე.
მე ვფიქრობ, რომ ასეთი ადამიანის სიკვდილი რუსეთისათვის დიდი დანაკარგია. ახლა ლაპარაკობენ, რომ იგი პოპულარული არ იყო, რომ ვლადიმერ პუტინს უფრო მაღალი რეიტინგი აქვს... ბევრი ასეთი რეიტინგი გვინახავს! რეიტინგები შეიძლება უცბად დავარდეს! ჩრდილოეთ კორეის ლიდერს უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, მუამარ კადაფსაც იგივე ჰქონდა... საქმე ამაში არაა. როცა ქვეყანაში ავტორიტარული სისტემაა, ხელისუფლებისათვის ნემცოვისნაირი ადამიანები საფრთხეს წარმოადგენენ. ასეთ სისტემაში მასობრივი ოპოზიცია ვერ იარსებებს, მაგრამ ორის-სამი ჭკვიანი ადამიანის ყოფნაც კი ხელისუფლებისთვის საშიშია. რასაკვირველია, ბორის ნემცოვი [ვლადიმერ პუტინისათვის] საშიში ადამიანი იყო.
როგორ შეიცვლება სიტუაცია რუსეთში? მე ვფიქრომ, რომ არსებობს მექანიკური კანონი ყოველი ლიდერისათვის: 21-ე საუკუნეში შეუძლებელია სახელმწიფოს 30-40 წლის მანძილზე ერთმა ადამიანმა უხელმძღვანელოს. გაჩნდება დაღლილობის გრძნობა. რუსეთში განათლებული საზოგადოებაა, განათლებული ადამიანები არიან, მათ სურთ, რომ მსოფლიოში პატივცემული ადამიანები იყვნენ. დღეს ისინი ხედავენ, რომ ისეთი სიტუაცია აღარ არის, როგორიც ადრე იყო. დღეს მათ პატივსაც სცემენ, მაგრამ იმავდროულად ეშინიათ კიდეც. არადა, დღეს ან პატივი უნდა გცენ, ან უნდა ეშინოდეთ. ისინი ხვდებიან, რომ ძველებურად ცხოვრება აღარ შეიძლება. რუსეთის საშუალო კლასი, რომელიც ბოლო წლებში ძალიან გაფართოვდა ნავთობზე მაღალი ფასების გამო, ძალიან ზარალდება. ასე რომ, ის ძველი სტერეოტიპი, რომლის თანახმად, რუსები ყველაფერს გაუძლებენო, აღარ იმუშავებს... და საერთოდ, ასეთი რუსები, როგორებიც დღეს არიან, ისტორიულად არასდროს ყოფილან, დღევანდელმა რუსულმა საშუალო კლასმა უკვე ბევრი რამ იცის, უკვე ბევრ რამეში ერკვევა...
უბრალოდ, არსებობს იმპერიალიზმის ბაცილა. ჩვენ ეს გვესმის, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ასეთი ბაცილები სწრაფად გაივლიან ხოლმე. მე ძალიან დემოკრატიული რუსეთიც მინახავს და ასეთიც, - არადემოკრატიულიც. მე მინახავს ცვლილებები უარესობისკენაც და უკეთესობისკენაც. იმედი მაქვს, სიტუაცია უკეთ განვითარდება, [პოზიტიური] ცვლილებები შესაძლებელია. მე ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ რუსეთის განვითარების საშუალო და გრძელვადიან პროგნოზებს. რატომაა ეს მნიშვნელოვანი ჩვენი თვალსაზრისით? იმიტომ, რომ თუ რუსეთი ნორმალური, დემოკრატიული სახელმწიფო იქნება, მასთან მოლაპარაკაება გაიოლდება. ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ.

ბეჭდვა