ალექსი პუშკოვი: მხოლოდ ქართველი დელეგატების ავადმყოფურ ფანტაზიებში შეიძლება წარმოიქმნას რუსეთის დელეგაციისათვის უფლებამოსილების ჩამორთმევის იდეა
ალექსი პუშკოვი: მხოლოდ ქართველი დელეგატების ავადმყოფურ ფანტაზიებში შეიძლება წარმოიქმნას რუსეთის დელეგაციისათვის უფლებამოსილების ჩამორთმევის იდეა
09:56 04.03.2015
რუსული გამოცემა „იზვესტია,“ სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი პუშკოვთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელსაც ჟურნალისტი ნატალია ბაშლიკოვა ესაუბრა.
პუშკოვი, ინტერვიუში, რუსეთის საგარეო პოლიტიკის საკითხებზე საუბრობს, პარალელურად კი ეხება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მიერ გადადგმულ ანტირუსულ ნაბიჯებსაც.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- ეუთოს საპარლამენტო სესიამ, რომელიც ახლახანს დასრულდა, რუსეთისათვის არასასიამოვნოდ ჩაიარა, დაფიქსირდა ინიციატივა საქართველოს მხრიდან რუსეთისათვის უფლებამოსილების ჩამორთმევის თაობაზე...
- რუსეთის დელეგაციისათვის უფლებამოსილების ჩამორთმევა მხოლოდ ქართველი დელეგატების ავადმყოფურ ფანტაზიებში შეიძლება წარმოიქმნას. ჩვენ ვიცით, რომ ქართული პოლიტიკური კლასის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ერთგულნი რჩებიან, რუსეთის მიმართ მხოლოდ ისტერიკული კატეგორიებით აზროვნებენ. ეს დასტურდება ზოგიერთი ქართველი დელეგატის რუსოფობიული გამოსვლებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაშიც.
- როგორ ფიქრობთ, როდის დასრულდება ეს ყველაფერი - სანქციები, ანტირუსული აგრესია...
- ამერიკის შეერთებული შტატები ცივი ომის გზას დაადგა და რუსეთმა რომც შეცვალოს თავისი პოლიტიკა უკრაინის მიმართ, მე არ ვფიქრობ, რომ ვაშინგტონი თავის პოზიციას შეიცვლის. ეს სიტუაცია მწიფდებოდა ჯერ კიდევ 2001 წლიდან, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ნატოს გაფართოების პირველი ტალღა გამოაცხადა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შეზღუდვის შეთანხმებიდან გამოვიდა. შემდეგ აშშ-ის ადმინისტრაცია უკრაინისა და საქართველოს ნატოში ჩათრევას შეეცადა. ეს არ გამოუვიდათ, რადგან ევროპელებმა გადაწყვეტილების მიღება დაბლოკეს. მოგვიანებით ვლადიმერ პუტინი მიუნხენის კონფერენციაზე ცნობილი სიტყვით გამოვიდა და ყველა უთანხმოება მკაფიოდ ჩამოაყალიბა. საბოლოოდ, მხარეებმა ბარიკადები სირიისა და ლიბიის კრიზისების გამო აღმართეს. ეს ყველაფერი უკრაინამდე იყო. შესაბამისად, აშშ თავის პოზიციებს არ შეცვლის და ეს პერსპექტივაში არც ჩანს. უფრო მეტიც - ახლა აშშ-ის ხელისუფლებაში მოსვლას ბარაკ ობამაზე უფრო მეტად რადიკალური ჯგუფები ცდილობენ: რესპუბლიკელებიდან - ჯონ მაკკეინი, დემოკრატებიდან კი - ჰილარი კლინტონი, რომელიც სირიის კრიზისის ერთ-ერთი ავტორია. დასკვნები თქვენ თვითონ გააკეთეთ.

ბეჭდვა