რამდენი კაცი გაილახება საქართველოს პარლამენტში
რამდენი კაცი გაილახება საქართველოს პარლამენტში
11:34 21.02.2015
თურქეთის პარლამენტში მომხდარმა სისხლიანმა დაპირისპირებამ სრულიად საქართველო ააფორიაქა. საქმე იმაში გახლავთ რომ თურქმა დეპუტატებმა ერთმანეთს სასტიკად გაუსწორეს ანგარიში. ასეთი ცემა-ტყეპა ჩვენი მრავლისმნახველი პარლამენტისთვისაც კი უცხო აღმოჩნდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მოწინააღმდეგეების გასალახად დეპუტატებმა პარლამენტის სპიკერის ჩაქუჩი და ზარი გამოიყენეს. დასისხლიანებული დეპუტატები პარლამენტის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ცუდი არ იქნება თუ ჰოსპიტალის გახსნაზე ჩვენი პარლამენტიც იზრუნებს. ქვეყანაში ისეთი პროცესები მიდის, რამდენიმე დეპუტატს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა აუცილებლად დასჭირდება. კაკო ბობოხიძე გინებას არ მოიშლის, ქოცებს კი დაგინებული აქვთ, რომ მოწინააღმდეგეს აღარაფერს შეარჩენენ.
ეს პირობა „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მედიასთან საუბარში დადეს. დათო ლორთქიფანიძე, სოსო ჯაჭვლიანი, ომარ ნიშნიანიძე, ეს არასრული სიაა იმ დეპუტატებისა, რომლებიც ნაციონალებისთვის ადექვატური პასუხის გაცემისა და მათთვის ბუსუსებიანი პრეზერვატივების თავზე წამოცმის პირობას დებენ.
18 თებერვალს მეოცნებეთა გამრტყმელ ფრთას ლუკა კურტანიძეც შეუერთდა. ის უკვე ოფიციალურად არის საქართველოს პარლამენტის წევრი. მას არაერთ საჯარო განცხადებაში უთქვამს, რომ ნაციონალებს სამაგიეროს გადაუხდიდა. კურტანიძე ის კაცი არაა, ვინმეს ფარულად „დაუპადიეზდოს“, მაგრამ თუ პარლამენტში ჩხუბი ატყდა მაშინ ვაი მოწინააღმდეგეს და ვუი გამშველებელს.
ეს ნაციონალებმაც კარგად იციან და ამიტომაც აცხადებენ, რომ კურტანიძე მათ აუცილებლად გაუსწორებს ანგარიშს.
ვინ, ვის, სად და როგორ გაუსწორებს ანგარიშს მალე ვნახავთ. პოლიტიკური ტემპერატურა მაღლა იწევს, ასეთ დროს კი საქართველოს პარლამენტში ერთმანეთს ურტყამენ ხოლმე.
თურქეთის პარლამენტში, როგორც უკვე ვთქვით, დეპუტატებმა ერთმანეთს სპიკერის ჩაქუჩი ურახუნეს თავში. ჩვენთან სხვა ნივთებია მოდაში. სკამები, მიკროფონები და ბოთლები. კიდევ კარგი ვიღაც მადლიანმა პლასტმასის ბოთლები გამოიგონა, თორემ რა ძაფი ეყოფოდა ჩვენი დეპუტატების იარების ამოკერვას.
წინ ცხელი და საინტერესო პროცესები გველოდება. გალახულ დეპუტატებს ალბათ საგაზაფხულო სესიის ბოლოს დავითვლით.
ქართველი დეპუტატი ოპონენტზე პარლამენტის სპიკერის ჩაქუჩს ნამდვილად არ აღმართავს, მაგრამ ბატონო დავით უსუფაშვილო, მაინც გადამალეთ ეგ ნივთი, ან სათამაშო, გასაბერი ჩაქუჩით ჩაანაცვლეთ. ხომ იცით ეშმაკს არ სძინავს და გაცეცხლებულმა ქართველმა კანონმდებელმაც შესაძლოა ხელი აიღოს ქართველობაზე.

ბეჭდვა