რატომ იჩხუბეს გუგული მაღრაძემ და ეკა ბესელიამ
რატომ იჩხუბეს გუგული მაღრაძემ და ეკა ბესელიამ
12:16 18.02.2015
კოალიცია „ქართული ოცნება“ ჩამოშლის პირასაა. ყველა წინაპირობა იმაზე მიუთითებს, რომ „რესპუბლიკელები“ დღე-დღეზე აპირებენ იქედან სხვაგან გადახტომას. „ეროვნული ფორუმიც“ გასაკავებელია. მთავარ მეფორუმეს, გუბაზ სანიკიძეს, რომელსაც პარლამენტის სხდომაზე ძილი ძალიან უყვარს, როგორც ამბობენ, სწორედ მოსათაფლად შესთავაზეს პარლამენტის ვიცე-სპიკერის სავარძელი.
კოალიცია დიდხანს რომ ვერ გაატანდა, ამას ყველა შეგუებული იყო. ოღონდ თუ თავად „ქართულ ოცნებაში“ ასე დაერეოდნენ ერთმანეთს ამას ბევრი არ ელოდა.
პარტიაში დიდი დაძაბულობაა, არავინ იცის რა იქნება ხვალ და მეოცნებეებს ნერვები რიგრიგობით ღალატობს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს უკვე ღიად დაუპირისპირდა 20-ზე მეტი მეოცნებე. დავით საგანელიძე არც კოალიციაში უყვართ და საჭიროების შემთხვევაში ხელის აუკანკალებლად ჩამოალაბორანტებენ.
„ნიუსპრესს“ სანდო წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ერთმანეთს გუგული მაღრაძე და ეკა ბესელიაც წაეკიდნენ. მართალი მათ ერთმანეთისთვის პომადები და რედიკულები არ უსვრიათ, მაგრამ სიტყვიერად კი მაგრად უკამათიათ. ამ დაპირისპირების შესახებ თავად მაღრაძეს მოუყოლია ერთ-ერთ რესტორანში.
ჩვენი წყაროს ცნობით, კამათის მიზეზი ცოტა ხნის წინ პრესაში გამოქვეყნებული მასალა იყო, სადაც მაღრაძესთან ერთად ბესელიაც გახლდათ გაკრიტიკებული. სტატიაში იმ თანხებზეც იყო საუბარი, რაც სახელმწიფოს, ამ ორი ქალბატონის საზღვარგარეთული ვოიაჟები უჯდება. რაც მართალია მართალია, სიარულით ეს ქალბატონები ბევრს დადიან და შესაბამისად ბევრსაც ხარჯავენ.
ბესელიას ბოლო ხანებში ბევრი უკმაყოფილება შეხვდა და მაღრაძისთვის უთქვამს, შენს გამო მე აღარ გავიხლართო სადმეო. გუგული ამის გამო ძალიან უკმაყოფილო ყოფილა.
ერთმანეთში უკმაყოფილება სხვა დეპუტატებსაც მოუვიდათ. „ქრონიკა +“-ის რედაქტორის ელისო კილაძის ცნობით, ერთი ასეთი ჯახი საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზეც მოხდა.
ცოტა ხნის წინ პარტიის პოლიტსაბჭომ რეგიონებში არსებული ვითარების შესწავლა გადაწყვიტა. რეგიონებში მმართველ ძალას ცუდად აქვს საქმე. მოსახლეობას მაჟორიტარების დანახვაც კი აღარ სურს, რაც მომავალ არჩევნებზე აუცილებლად იქონიებს გავლენას. ამას პარტიაშიც მიხვდნენ და მოსახლეობას ჩამოუარეს.
როგორც ელისო კილაძე იუწყება, ტყიბულში დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ტრიპოლსკი ჩასულა. ეს უკანასკნელი ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ პირად ითვლება. ტყიბულელებს მისთვის მთელი რიგი პრეტენზიები წაუყენებიათ. ტრიპოლსკი მათ დაპირებია, რომ მომავალ არჩევნებში ისინი სხვა მაჟორიტარს აირჩევდნენ. ტყიბულელთა რჩეული ელისო ჩაფიძე გახლავთ.
ელისო ჩაფიძემ ბუნებრივია ეს ამბავი გაიგო. მან კოლეგას პასუხი ფრაქციის სხდომაზე მოსთხოვა და პარტიის დატოვებით დაიმუქრა.
ამ ინციდენტს მეოცნებეები ოფიციალურად არ ადასტურებენ. არაოფიციალურად კი კიდევ ბევრ დაპირისპირებაზე საუბრობენ. არჩევნების მოახლოებასთან ერთად პარტიაში დაძაბულობა მოიმატებს.
პარტიაში არსებული დაძაბულობა ახლაც თვალში საცემია. პარტის აღმასრულებელი მდივნის გარშემო აგორებული სკანდალიც ბევრ რამეზე მეტყველებს. ეს თანამდებობა პარტიაში, გასულ წელს შემოიღეს. თვითმართველობის არჩევნების შემდეგ კახა კალაძეს პოზიციები შეუსუსტეს და აღმასრულებელ მდივნად სკანდალური ზვიად ჯანყარაშვილი დანიშნეს. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, ჯანყარაშვილმა კარგად დაიწყო. ის პარტიის გასუფთავებასაც აპირებდა, მაგრამ დაასწრეს და ბიძინა ივანიშვილს მასზე მართალი თუ არამართალი კომპრომატები მიუტანეს. ჯანყარაშვილი წავიდა და მის ადგილს ახლა ირაკლი კობახიძე იკავებს. გააგრძელებს თუ არა ის პარტიის წმენდას უცნობია. არადა პარტია წმენდას საჭიროებს. ჩანერგილებს უკვე სახეზე ეტყობათ ჩანერგილობა.

გიორგი აბრამიშვილი


ბეჭდვა