დავით საგანელიძე შესაძლოა უმრავლესობის ლიდერობიდან გადააყენონ
დავით საგანელიძე შესაძლოა უმრავლესობის ლიდერობიდან გადააყენონ
10:12 16.02.2015
კოალიცია „ქართულ ოცნებას“ მძიმე დღეები უდგას. მესამე წელი არც მათთვის გამოდგა საუკეთესო (რეიტინგების ამბავში არ გამოდგა საუკეთესო, თორემ ცხოვრებისეულად ბევრად უკეთ არიან) და თუ რამე სასწაული არ მოხდა, მარტივ მამრავლებად დაიშლებიან.
დაშლამდე კი, შესაძლოა ერთი საპარლამენტო სკანდალის მომსწრენი გავხდეთ. საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობა დავით საგანელიძეზე კბილებს ილესავს და ერთ დღეს შესაძლოა მისი გადაყენების საკითხიც დადგეს დღის წესრიგში.
„ნიუსპრესთან“ საუბარში ერთ-ერთი დეპუტატი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, აცხადებს, რომ უმრავლესობის წევრებს საგანელიძის მიმართ უკვე დიდი ხანია პრეტენზიები აქვთ. ამბობენ, რომ ის განსხვავებული აზრის გამოთქმას ვერ იტანს. უმრავლესობაში იმასაც ჩივიან, რომ ლიდერს დიქტატურული მანერები აღმოაჩნდა.
ახლო წარსულში მან განსხვავებული მოსაზრებების თამამად დაფიქსირების გამო რამდენიმე დეპუტატის გარიცხვაც მოითხოვა. ეს საკითხი პოლიტსაბჭოზეც დააყენა, მაგრამ, როგორც ამბობენ, თავადვე დარჩა ბიძინა ივანიშვილისგან გაკიცხული.
აქედან გამომდინარე არ არის გამორიცხული დღის წესრიგში მისი გადაყენების საკითხი დადგეს, რაც ალბათ ბიძინა ივანიშვილის ნებაზე იქნება დამოკიდებული. მასთან შეთანხმების გარეშე ეს საკითხი არ გადაწყდება.
ამბობენ ასევე, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს ქვეყნის მთავარი მოქალაქეც აღარ სწყალობს. წინააღმდეგ შემთხვევაში შარშან, თვითმართველობის არჩვნების დროს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსი ის იქნებოდა.
საპრეზიდენტო არჩევნების დროს გიორგი მარგველაშვილის შტაბს ის ედგა სათავეში. ოცნების კანდიდატი პირველივე ტურში გახდა ქვეყნის პრეზიდენტი. რაც ძირითადად ივანიშვილის დამსახურებაა. როგორც ამბობენ, ამ თემაზე საუბრისას საგანელიძე ხშირად საუბრობს თავის ღვაწლზე.
თვითმართველობის არჩვნებზეც გულით სურდა თურმე შტაბის თვკაცობა, მაგრამ აღარ გააკარეს. როგორც ამბობენ, ამაში დიდი წვლილი შეიტანა ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ. მას ივანიშვილისთვის რაღაც კომპრომატებიც მიუტანია საგანელიძეზე. საგანელიძეს იმ პერიოდისთვის სხვებიც შემოსწყრნენ. როგორც გვახსოვს, მარტვილში მისი ფიტულიც კი დაწვეს.
პრესაში მაშინ ამ თემაზე სახალისო ისტორია დაიწერა. გაზეთ „პრაიმერის“ ცნობით, ფიტულის დაწვის გამო საგანელიძეს ივანიშვილთან დაუჩივლია. განუცხადებია, კოალიციის არცერთი ლიდერი გვერდში არ დამიდგაო. ამაზე ბიძინას გასცინებია და უპასუხნია, გვერდში როგორ უნდა დაგდგომოდნენ, რომელი ილია ჭავჭავაძე შენ იყავიო.
ჭავჭავაძეობამდე ბევრი უკლია, მაგრამ არჩევნების ამბავში სატრაბახო აქვს და ტრაბახობს კიდევაც. ახლო და არცთუ ახლო წრეებში აცხადებს, მე რომ ვიყავი შტაბის უფროსი არჩვნები პირველივე ტურში მოიგეს, თვითმართველობის არჩევნების დროს კი კინაღამ დაიღუპნენო.
საპარლამენტო უმრავლესობაში მის მიმართ უკმაყოფილება უკვე ღიად არის დაფიქსირებული. ზაქარია ქუცნაშვილს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის სურვილი გაუჩნდა. ამ სურვილმა ის საგანელიძესთან დააპირისპირა. უმრავლესობის ლიდერი მოითხოვს, რომ ყველაფერი, მათ შორის სურვილები და ოცნებები მას შეუთანხმონ. რის გაკეთებასაც ისინი არ აპირებენ. თუ ასე გააგრძელა საგანელიძე ერთ დღესაც შესაძლოა უმრავლესობის ლიდერი გადააყენონ.

გიორგი აბრამიშვილი


ბეჭდვა