ქართული პოლიტიკის საფეხბურთო თავისებურებანი
ქართული პოლიტიკის საფეხბურთო თავისებურებანი
10:01 16.02.2015
ცოტა ხნის წინ დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა ქართულ მედიას შოკისმომგვრელი შედარება წარუდგინა. მისი მტკიცებით, „ქართული ოცნება“ ქუთაისის „ტორპედოა“, ხოლო “რესპუბლიკური პარტია“ მადრიდის „რეალი“. თინა ხიდაშელი რომ პოლიტიკურ დებატებში და წივილ-კივილში კრიშტიანუ რონალდუზე მეტია, ამას არც არავინ დავობს, მაგრამ აი რესპების „რეალობა“ კი ძალიან დაუჯერებელია.
და რაკი ლევან ბერძნიშვილმა ეს თემა წამოწია, ჩვენც შევეცდებით მის გაგრძელებას. „ტორპედო“ და „რეალი“ გამოავლინეს, ახლა დანარჩენების ჯერია.
ქართულ პოლიტიკურ არენაზე „რესპუბლიკელების“ მონათესავე პარტიად ირაკლი ალასანია და მისი გუნდი ითვლება. აქედან გამომდინარე, ლოგიკური იქნებოდა „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ კატალონიური „ბარსელონა“ გვეწოდებინა. ირაკლი ალასანია ზოგიერთმა საქართველოში ლამის მესიად მონათლა. ჰოდა ცოტა ხნით მესიც რომ იყოს არაფერი გაუჭირდება. თან ამ უკანსკნელს ისევე კარგად ეხერხება ოპონენტების მოტყუება, როგორც ლეო მესის ბურთის ტრიალი.
მესი უნიკალური მოთამაშეა და მას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია გუნდისთვის. ასევეა ალასანიაც. თუმცა საეჭვოა ალასანიას ბარსელონამ, პოლიტიკური გვარდიოლას ანუ ბიძინა ივანიშვილის გარეშე რაიმე განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიოს.
კოალიციაში შემავალი „მრეწველები“ შეგვიძლია მიუნხენის „ბავარიას“ შევადაროთ. მართალია არც გოგი თოფაძეა რუმენიგე და არც ზურაბ ტყემალაძე ბეკენბაუერი, მაგრამ აქ ლუდია მთავარი. ამ პარტიის ლიდერი ლუდის მხარშველია, ბავარიის მხარეც ლუდით გამოირჩევა.
საინტერესო გუნდია „ეროვნული ფორუმი“ და თუ არ ეწყინებათ, დაე იგი მადრიდის „ატლეტიკო“ იყოს, სადაც მარტო ანი მიროტაძე თამაშობს. გუნდის დე ფაქტო კაპიტანი გუბაზ სანიკიძე კი ტკბილ სიზმრებშია ჩაფლული.
„კონსერვატორებშიც“ საინტერესო მოთამაშეები არიან. მათაც გამოვუძებნიდით რაიმე ევროპულ გუნდს, მაგრამ ნამეტანი ეროვნულები არიან და ისიც კი მოითხოვეს პარლამენტში ჩოხებით ვიაროთო. აქედან გამომდინარე მათ ვერც „მილანს“ აკადრებ და ვერც „იუვენტუსს“. კონსერვატორებს ბიძინა გუჯაბიძის ხათრით ლანჩხუთის „გურია“ შეიძლება ვუწოდოთ. ხოლო ზვიად ძიძიგური თუ გადაირევა, სამტრედიის „ლოკომოტივადაც“ შეიძლება მათი გადაკეთება.
„ნაციონალურ მოძრაობას“ კი, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე შეგვიძლია კიევის „დინამო“ ვუწოდოთ. მათთან დაახლოებულ ბაჩუკი ქარდავას ედეპეს კი დნეპროპეტროვსკის „დნეპრი“. მათგან შორს არც პაატა დავითაიაა და მას დონეცკის „შახტარი“ მოუხდება.
„გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას“ და მის ლიდერ ნინო ბურჯანაძეს თავისუფლად შეგვიძლია იტალიის ნაკრები ვუწოდოთ. ბურჯანაძეს ეს ნაკრები ძალიან უყვარს და სავარაუდოდ არ უნდა გააპროტესტოს, თანაც ამბობენ, რომ ეს გუნდი მომავალი მუნდიალისთვის სერიოზულად ემზადებაო.
„კონსერვატორებისა“ არ იყოს ვერც ერთ უცხოურ გუნდს ვერ შევკადრებთ პატრიოტთა ალიანსს. ეს გუნდი თბილისის „დინამო“ იყოს. სხვა თუ არაფერი ამ ალიანში თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული კაპიტანი მანუჩარ მაჩაიძეცაა გაწევრიანებული.
„თავისუფალ საქართველოს“ რუსეთთან აკავშირებენ და ამტკიცებენ, რუსეთში მოღვაწე მიხეილ ხუბუტია აფინანსებსო. აქედან გამომდინარე კახა კუკავას პარტია ლონდონის „ჩელსი“ გამოდის. მაგათაც ხომ რუსი ფულიანი კაცი - აბრამოვიჩი უდგათ სათავეში.
არაფრით არ შეიძლება „ქართული დასის“ და მისი კაპიტნის ჯონდი ბაღათურიას გამოტოვება. ამ უკანასკნელს ზოგჯერ ისეთი ამბების დატრიალება შეუძლია ყველა პარტიას ერთად რომ შეშურდება. და ამიტომ „ქართული დასი“ ლონდონის „არსენალი“ იყოს.
არც შალვა ნათელაშვილი და ლეიბორისტები არიან ყურადღების მიღმა დასატოვებელი ხალხი და თუ არ ეწყინებათ „ლივერპულს“ შევადარებდით. ინგლისურია და თან რაღაცნაირად ლეიბორისტულად ჟღერს.
p.s.
წაიკითხავს ახლა ამას ვიღაც და იტყვის ეს რა აბდაუბდააო და მართალიც იქნება. რაც დავწერეთ, ნამდვილი აბდაუბდაა, მეტის საშუალებას ქართული პოლიტიკა არ იძლევა.

გიორგი აბრამიშვილი

ბეჭდვა