მაღალსართულიან კორპუსებში „ებოლას წინააღმდეგ მებრძოლი“ თაღლითები გამოჩნდნენ
მაღალსართულიან კორპუსებში „ებოლას წინააღმდეგ მებრძოლი“ თაღლითები გამოჩნდნენ
10:33 17.11.2014
თბილისის მაღალსართულიან კორპუსებში, ცოტა ხნის წინ დანერგილი და გავრცელებული ე.წ. სანჰიგიენური აფიორა, როგორც ჩანს, კიდევ უფრო დაიხვეწა და თანამედროვე სახე მიიღო.
როგორც ამაზე არაერთგზის დაწერილა, გაურკვეველი წარმომავლობის ადამიანები კორპუსის მოსახლეობას, თითქოსდა კორპუსის სანიტარული უსაფრთხოებისა და მისი დეზინფექციის მიზნით, გარკვეულ თანხას მოტყუებით სძალავდნენ.
თანხის რაოდენობა მაქსიმუმ 2 ლარს შეადგენს, რაც ის ციფრი ნამდვილად არაა, რომ ოჯახის ბიუჯეტზე კატასტროფულად აისახოს და ალბათ ესეც არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ საზოგადოების მხრიდან ამ ფაქტს მკვეთრი რეაქცია არ მოჰყოლია და ისინი მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს არ ატყობინებენ.
ასევე, ე.წ. სანიტრებს თან აქვთ ჩვეულებრივ პრინტერზე ამობეჭდილი მცირე ზომის გაურკვეველი „ქვითარი“ კიდევ უფრო გაურკვეველი ბეჭდით. ქვითარი ირწმუნება, რომ მისმა მიმღებმა, საკუთარი კორპუსის სისუფთავის უზრუნველყოფაში თავისი წვლილი უკვე შეიტანა და ერთი ან ორი ლარი გადაიხადა.
„ნიუსპრესის“ ცხელ ხაზს, თბილისში, სამგორის რაიონის წმინდა ბარბარეს დასახლებაში (ზმკ) მცხოვრები ქალბატონი დაუკავშირდა, რომელმაც იმის შესახებ, რომ თაღლითობის მსხვერპლი გახდა, მას შემდეგ შეიტყო, რაც საკუთარი კორპუსის „დეზინფექცირებისთვის“ ორი ლარი გადაიხადა.
-ვინ იყვნენ და როგორ წარმოგიდგნენ როდესაც კორპუსის სადეზინფექციოდ ფული გთხოვეს?
- ორნი იყვნენ, ქალი და შედარებით ახალგაზრდა ბიჭი. მითხრეს, კორპუსს დეზინფექცია უნდა ჩაუტარდეს, რადგან ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად სხვადასხვა დაავადებების რისკი მატულობს და მოსახლეობა რომ დაცული იყოსო.
-კონკრეტულად რა დაავადებებს ასახელებდნენ?
-რამდენიმე დაავადება დაასახელეს, მათ შორის მენინგიტი და ებოლა დამამახსოვრდა. მითხრეს, რომ მთელი მსოფლიო ამ ახალ ვირუსს ებრძვის და ჩვენც პროფილაქტიკურ სამუშაოებს ვატარებთო.
-თუ კითხეთ სად მუშაობდნენ ან რომელი ორგანიზაციის წარმომადგენლები იყვნენ?
-ვკითხე და მიპასუხეს კიდევაც, თუმცა მათ მიერ ნათქვამი ორგანიზაციის ზუსტი დასახელება აღარ მახსოვს. ისიც მითხრეს, ვინმე აფერისტები არ გეგონოთ, ფულს რომ გადაიხდით ოფიციალურად ბეჭდიან ქვითარს გაძლევთო.
-და თუ არ გადაიხდიდით?
- თუ არ გადაიხდი, სხვები მოვლენ და შეიძლება კარგა მოზრდილი ჯარიმაც გამოგიწერონო. ნამდვილად არ მქონდა იმის დრო და თავი, რომ ბოლომდე ჩავძიებოდი და ორი ლარი მივეცი, თუმცა ისე წავიდნენ, ქვითარიც არ დაუტოვებიათ.

ბეჭდვა