აქციის შემდგომი აურზაური „ნაცების“ ოფისში; რატომ იტირა ვანო მერაბიშვილმა
აქციის შემდგომი აურზაური „ნაცების“ ოფისში; რატომ იტირა ვანო მერაბიშვილმა
10:18 17.11.2014
15 ნოემბრის აქციის შემდგომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი დიდი ამბების მომსწრე გამხდარა.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობის პარალელურად, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა, პარტიის მთავარი ოფისი წითლად შეღებეს და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთათვის არცთუ საამოდ წასაკითხი წარწერები დატოვეს, თუმცა აეროპორტის ტრასაზე მდებარე შენობა მთავარი ამბების მომსწრე ოდნავ მოგვიანებით, მას შემდეგ გამხდარა, რაც აქცია დაიშალა და პარტიის მესვეურთა ნაწილი ოფისში მივიდა.
თავად აქციის მიმდინარეობის დროსაც ეტყობოდათ „ნაციონალების“ ლიდერებს, რომ ხალხის სიმცირის გამო შეცბუნებულები იყვნენ, რადგან პარლამენტის შენობის წინ, ძირითადად ის რამდენიმე ათასი ადამიანი იყო მობილიზებული, რომლებიც „ნაციონალებმა“ რეგიონებიდან ჩამოიყვანეს, დედაქალაქის მოსახლეობის აქტივობა კი ამ აქციის მიმართ, პრაქტიკულად ნულოვანი იყო.
აქციაზე ხალხის სიმცირეს ყველაზე მეტად უკრაინაში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტი გაუმწარებია და თბილისში მყოფი თანაგუნდელები გვარიანად მიუცოფია. სააკაშვილი თურმე 15 ნოემბრის აქციაზე 40 ათასი კაცის მიყვანას ვარაუდობდა.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ინფორმირებული წარმომადგენელი სააგენტო „ნიუსპრესთან“ საუბარში აცხადებს, მიშას განრისხებული ზარები თურმე ჯერ კიდევ მაშინ დაწყებულა, როცა რესპუბლიკის მოედანზე 16:00 საათზე დაანონსებული შეკრების დროს, რეგიონებიდან ჩამოყვანილი კოლონების მოსვლამდე, სულ რამდენიმე ასეული ადამიანი თუ დადიოდა.
ამ პერიოდისთვის მიშა დაუმშვიდებიათ, ქართული მენტალიტეტის ამბავია, ზუსტად 4 საათზე ხომ არ მოვა ხალხიო. თან დაუმატებიათ, რომ აღმოსავლეთ საქართველოდან მომავალი კოლონები ჯერ კიდევ გზაშია და მალე შემოგვიერთდებიანო, თუმცა მიშა ამას ვერ დაუმშვიდებია და უყვირია, რომ კონტრაქციის მონაწილეები უფრო მეტნი არიან, ვიდრე ჩვენებიო.
მოგვიანებით კი, როდესაც რუსთაველის გამზირზე ფეხით მსვლელობა დაიწყო და ხალხიც გაიშალა, ვიზუალურ ეფექტს მიხეილ სააკაშვილი ოდნავ დაუწყნარებია, მაგრამ კადრებს, რომელიც აქციის მონაწილეების პარლამენტის შენობასთან შეკრების შემდეგ გავრცელდა, სააკაშვილი სავარაუდოდ ისევ გაუცოფებია, რადგან, როგორც ჩვენი წყარო აცხადებს, სააკაშვილის ზარებს ამ დროს უკვე აქციის ორგანიზატორები აღარ პასუხობდნენ.
თუმცა, ექსპრეზიდენტის რისხვა მათ თავს მოგვიანებით, აქციის დასრულების შემდეგ დასტყდომიათ. მიხეილ სააკაშვილი თურმე მთელი ხმით ყვიროდა და პარტიის ბომონდს უსაქმურებს და არაფრისმკეთებლებს ეძახდა.
მასვე იმ თანხის შესახებ დეტალური ანგარიშიც მოუთხოვია, რომელიც აქციის ორგანიზებისთვის დაიხარჯა. ჩვენი წყარო თანხის ზუსტ ოდენობას ვერ ასახელებს, თუმცა, თუ სააკაშვილის რეაქციის მიხედვით ვიმსჯელებთ, ეს თანხა მცირე რაოდენობის არ უნდა ყოფილიყო.
ექსპრეზიდენტს მოუთხოვია აგრეთვე, პარტიის თბილისის რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლების შეცვლა, რადგან აქციაზე დედაქალაქის მოსახლეობის მხრიდან აქტივობა ძალიან დაბალი იყო.
ბოლოს, დეპუტატ გია ბარამიძეს გაუბედია და სააკაშვილისთვის უთქვამს, რომ ხელისუფლების რეპრესიის ფონზე 25 ათასი კაცის გამოყვანა მაინც შევძელით და მეტი რა გვექნა, სხვა დროს უფრო მეტი ხალხი გამოვაო, რაზეც ექსპრეზიდენტი უარესად გამწარებულა.
ვის ატყუებთ, 25 ათასი კაცი რუსთაველზე ასე ხალვათად როგორ დადგა, რომ პიონერთა (ასე უთქვამს) სასახლიდან 1-ელ სკოლამდეც ვერ შეავსო ტერიტორიაო.
მიხეილ სააკაშვილს თურმე არც ერთ-ერთი ტელეკომპანიის წარმომადგენლების მიმართ დაუმალავს უკმაყოფილება, რომლის კადრებშიც შიგადაშიგ გაიელვებდა ხოლმე ის ადგილები, სადაც ხალხი აშკარად მეჩხერად იდგა.
მოკლედ, ექსპრეზიდენტის თითქმის 20-წუთიანი ყვირილი, როგორც ჩანს, გიგა ბოკერიას ყელში ამოუვიდა და სააკაშვილისთვის აქეთ შეუტევია. უკრაინიდან და ამერიკიდან დირექტივების მიცემა ადვილია, თუ რამის გამკეთებელი ხარ, აქ ჩამოდი და გააკეთე, თუ არა და ის მაინც დააფასე, რომ ჩვენ აქ ყოველდღე დაჭერის შიშის ქვეშ ვართ და მაინც რაღაცას ვაკეთებთ, შენ 2003 წელი აღარ გეგონოს, სხვა სიტუაციაა და ამ სიტუაციის გამოსასწორებლად ყოველდღე ათასი საფრთხის ქვეშ ვმუშაობთო.
ბოკერიას თურმე პრეზიდენტყოფილისთვის 2012 წლის შემოდგომაც შეუხსენებია, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მყოფმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მიხეილ სააკაშვილმა, „დინამო-არენას“ გავსება ვერ შეძლო.
40 ათასი კაცი მაშინ ძლივს გამოვიყვანეთ და დღეს საიდან უნდა გამეჩინაო, უთქვამს ბოკერიას.
წყაროს ცნობითვე, ბოკერიას კონტრშეტევას სააკაშვილის პათოსი ოდნავ დაუცხრია, თუმცა ფაქტი ერთია, რომ 15 ნოემბერს ხალხის აქტივობით არც ექსპრეზიდენტი და არც „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილზე მყოფი მესვეურები კმაყოფილები არ იყვნენ.
„ნაციონალური მოძრაობიდან“ წყაროს ინფორმაციითვე, როდესაც ვანო მერაბიშვილს ამბავი შეუტანეს, რომ აქციაზე დიდი აქტივობა არ დაფიქსირდაო, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ცრემლები წამოსვლია.

გიორგი აბრამიშვილი

ბეჭდვა